თბილისში ხელნაკეთი თოჯინების სალონი გაიხსნა. მეთოჯინე გვანცა ნიკურაძე, ქართული და უცხოური მულტფილმების, ზღაპრების, ფილმების გმირებს, ჯერჯერობით, მარტო ამზადებს. ამბობს, რომ სალონის შექმნის მთავარი მიზანი ამ დარგის პოპულარიზაციაა.
ჩვენს სალონში ექსკლუზიური თოჯინებია. ზოგს აცვია ქართული ტრადიცული სამოსი, ზოგს კი სხვადასხვა უცხოური მულტფილმის და სხვა გმირების. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავაკეთე სანტა კლაუსი. გვყავს ალისა საოცრებათა სამყაროდან, ჯონი დეპის თოჯინა, ქართული ზღაპრის გმირები და ა.შ. ვმუშაობ პორტრეტებზეც, არც ძალიან გაშარჟებულია, თუმცა, სახასიათო ნამდვილად არის.
რა მასალისგან ამზადებთ თოჯინებს?
შერეული ტექნიკით კეთდება. ძირითადი მასალა არის თიხა, ბამბა, ნაჭრები და ა.შ.
მხოლოდ თქვენ ამზადებთ თოჯინებს, თუ არიან სხვა მეთოჯინეებიც?
ჯერჯერობით მარტო ვარ. თუ სხვასაც ექნება სურვილი, შემოუერთდეს ამ საქმეს და ერთად გავაკეთოთ თოჯინები, კარგი იქნება.
რა ღირს თოჯინები თქვენს მაღაზიაში? ალბათ , ფასები ზომების მიხედვით განსხვავბულია?
ფასები ჩვენთან ძალიან დაბალია. მაგალითად, 50-60 სმ სიმაღლის ”სანტა კლაუსი” 50 ლარი ღირს. გვაქვს უფრო დიდიც და პატარა თოჯინებიც. შესაბამისად , იზრდება ან იკლებს მათი ფასებიც.
ბევრმა თქვენი მაღაზიის შესახებ არ იცის, არც ის რომ მზადდება ასეთი თოჯინები…
ცოტა ხანია, რაც ჩვენი მაღაზია არსებობს. თანაც, დაფინანსება არ გვაქვს, ძირითადად, საკუთარი ხარჯებით ვაკეთებთ თოჯინებს და ვუძღვებით მაღაზიასაც.
ასეთი ხელნაკეთი თოჯინები თბილისში სხვადასხვა მაღაზიებში იყიდება. რითია გამორჩეული თქვენი პროდუქცია?
პირველ რიგში ეს არის ექსკლუზიური. თანაც, არაორდინალური, განსხვავებული თოჯინებია. სუვენირების მაღაზიებში რომ იყიდება, ისინი მხოლოდ ტურისტებისთვისაა, ქართული, სხვადასხვა კუთხის სამოსით. თანაც ასე ერთ სივრცეში არ არსებობს. სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება იყოს ერთი ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება როგორც ევროპული, ასევე ქართული, ამა თუ იმ კუთხის სამოსში გამოწყობილი თოჯინები.
მოთხოვნა თუ არის ხელნაკეთ თოჯინებზე?
სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან ცუდი ტენდენციაა, ხელოვნების ამ დარგს არ ექცევა ყურადღება. ევროპაში ეს კულტურა ძალიან პოპულარულია. აქ კი არანაირი ხელშეწყობა არ აქვს.
ე.ი. როგორც ბიზნესი, არც ისე მომგებიანია?
ეს არ არის ბიზნესი და არც იქნება. გვინდა, ამ მიმართულებას შევუწყოთ ხელი. ევროპაში ასეთი მაღაზია აუცილებლად ძალიან მომგებიანი იქნებოდა, ბიზნესის კუთხით, თუმცა, ჩვენთან სხვა რეალობაა. მქონდა შემთხვევბი, როცა თოჯინები ინტერნეტითაც გაიყიდა. დასავლეთში თოჯინების ყიდვის, თუნდაც, დიდებისთვის ჩუქების ტრადიციაა.
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, განსხვავებული მოთხოვნებით ბაზარზე. მთავარია ხელოვნების ეს დარგი განვითარდეს, მეთოჯინეებმა აკეთონ თოჯინები და იყოს ტრაციდია მისი ყიდვის, ჩუქების.
სამომავლოდ რას გეგმავთ?
გვინდა ამ მაღაზიამ იარსებოს, შემომიერთდნენ სხვა მეთოჯინეებიც, რომ რაც შეიძლება პოპულარული გავხადოთ ხელოვნების ეს დარგი.