თვალების სწრაფ და უმტკივნეულო სკანირებას ადამიანის ასაკზე იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე მისი დაბადების თარიღს. დაბერება ნებისმიერი ინდივიდის სხეულზე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ორ ადამიანს წლების საერთო რაოდენობა აქვს, ვერ ვიტყვით, რომ მათ შორის ასაკის მატებით გამოწვეული ცვლილებები იდენტურია. ყველა ადამიანს თავისი ბიოლოგიური ასაკი აქვს, რომელზეც წლების რაოდენობა ვერაფერს გვეტყვის – მის გასაგებად თვალებში ღრმად ჩახედვაა საჭირო.
მეცნიერებმა, მანქანური სწავლების გამოყენებით, შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის წლების წინასწარმეტყველება, თვალის ბადურაზე დაკვირვებით შეუძლია. მისი მეშვეობით ინდივიდის სამომავლო ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადრეული გარდაცვალების რისკის განსაზღვრაა შესაძლებელი.
მოწყობილობის ალგორითმის სიზუსტე გაერთიანებულ სამეფოში უკვე გამოიცადა. დიდ ბრიტანეთში ბიოლოგიური ასაკის დადგენა და ხანდაზმულობის პროგნოზირება 3.5 წლის განმავლობაში 47 000 ადამიანზე მოხდა. კვლევის დაწყებიდან ათ წელზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულთაგან 1 871 ადამიანი გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილთა უმეტესობას “ძველი” ბადურა ჰქონდა. ამჟამინდელი შედეგების თანახმად,თუ ადამიანის ბადურა ერთი წლით უფროსია, ვიდრე რეალური ასაკი, მომდევნო 11 წლის განმავლობაში ნებისმიერი მიზეზით მისი სიკვდილის რისკი 2 პროცენტით, გულსისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს მიზეზების გამოკლებით კი 3 პროცენტით იზრდება.
საგულისხმოა, რომ კვლევის ავტორების თქმით, ბადურა ნევროლოგიური დაავადებების “ფანჯარაცაა”. მასზე დაკვირვებით, ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის განსაზღვრაც შესაძლებელია. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ბადურა თვალის ხილული ქსოვილია, რომელიც არა მხოლოდ გულსისხლძარღვთა, არამედ ნერვულ სისტემასთანაცაა დაკავშირებული.
საბოლოოდ, შედეგები ცხადყოფს, რომ თვალები დაბერებისადმი მართლაც ძალიან მგრძნობიარეა. თუმცა დასკვნები მხოლოდ სტატისტიკური ანალიზიდან გამომდინარეობს და ბიოლოგიურ დონეზე დაზუსტებით ჯერ კიდევ არ ვიცით, რა განაპირობებს თვალის ბადურისა და ასაკის ასეთ მჭიდრო კავშირს.