16
Jan
2018

ჟურნალისტისა და მუსიკათმცოდნეს „ღვინის ეზო N1“ – თიკა დუღაშვილის ტურისტული ადგილი კახეთში

16 Jan 2018

Startauperi
Startauperi


„თუ „ღვინის ეზოს“ ეწვევით, მე თქვენ აგიხსნით, რას წარმოადგენს ეს სახლი, ვინ ცხოვრობდნენ, როგორია ჩვენი ოჯახის ცხოვრების წესი. თქვენ აუცილებლად ნახავთ ჩვენს პირად ნივთებს, მაგალითად, ჩემს აკვანს, რომელშიც 5 ბავშვი გაიზარდა. გაჩვენებთ ზედაშეს ქვევრებს, რომელიც შეუფასებელია ჩემთვის და რომელსაც მთელი სარიტუალო მნიშვნელობა აქვს. მამა გიამბობთ, როგორ აყენებს ღვინოს, გიმასპინძლებთ საფერავისა და რქაწითელის დეგუსტაციაზე, გაჩვენებთ არყის გამოხდას. გვაქვს თონე, პურის მასტერკლასები, გვყავს მუსიკოსები, რომლებიც ამ სოფლის შვილები არიან, აქვე ცხოვრობენ. მე არ მინდა, რომ ქართული ანსამბლები წავიყვანო თბილისიდან, კოპწია სცენებიდან. მინდა, ამ ბუნების წიაღში რაც აღმოცენდა, სწორედ ეს ნახონ ისეთი, როგორიც არის. ზოგი ყურძენს კრეფს, ზოგი ეზოში ზის, ზოგი წიგნს კითხულობს – ათვალიერებენ და ნახულობენ ამ ყველაფერს, რაც სახლში არის. 4 საძინებელი გვაქვს და შესაძლებელია სტუმრების მოსვენებაც“ , – თიკა დუღაშვილი, „ღვინის ეზოს“ ავტორი. ღვინის ეზო N1 მდებარეობს თბილისიდან 160 კილომეტრში, საქართველოსა და დაღესტნის საზღვართან, ყვარლის რაიონ სოფელ ახალსოფელში (ძველი გავაზი), ხოლო თავად ყვარლიდან 16 კილომეტრში.
რა ფაქტორებმა იქონია გავლენა, რომ ახალ ტურისტულ ადგილს ჩაყროდა საფუძველი? რა დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა და როგორ მოახერხა საკუთარი იდეის პროდუქტად ქცევა?  მარკეტერთან თიკა დუღაშვილმა ისაუბრა:

M: თიკა, გაგვეცანი, რას აკეთებდი „ღვინის ეზომდე“, რა გამოცდილებით დაიწყე ბიზნეს სექტორში საქმიანობა?
პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკათმცოდნე ვარ. ასევე, 10 წელი ვმუშაობდი რუსთავი 2-ში,  „დილა მშვიდობისა საქართველოში“. გარდა ამისა, მაქვს სხვადასხვა ჰობი, ვიყავი DJ, ვაკეთებ ელექტრონულ მუსიკას, ასევე, ცოტას ვმღერი ხალხურ სიმღერებს. სერტიფიცირებული ინგლისურენოვანი გიდი ვარ, შარშან გავიარე ეს კურსები, რომ ტურისტებთან ურთიერთობის სპეციფიკა გამეგო, სიღრმისეულად შემესწავლა მენტალობები, ერის ფსიქოლოგია, ვისთვის რა შემეთავაზებინა და რა იქნებოდა მისაღები. ბავშვობიდან „ერასმუსის“ პროექტების მონაწილე ვარ და აქედან მაქვს ძალიან ბევრი კონტაქტი საზღვარგარეთ. 14-ზე მეტი საერთაშორისო სერტიფიკატი მაქვს ადამიანის უფლებების, კულტურის გაცვლის დარგში. ჩემი პროექტიც ჰოლანდიაში, იყო კულტურულ გაცვლებზე, სტატიებიც მაქვს გამოქვეყნებული, რაც ამ განსხვავებები გამო, ზოგჯერ კომიკურ, უცნაურ სიტუაციაში ჩავარდნას უკავშირდება.M: როგორ იწყება „ღვინის ეზოს“ დაარსების ისტორია? და ვისი თანამონაწილეობა გახდა საჭირო იდეის პროდუქტად გარდასაქმნელად?
იდეაც სწორედ ჰოლანდიაში გამიჩნდა, თუმცა არ ვიცოდი, როგორ მომეყვანა რეალობაში. ვსწავლობდი, მქონდა ველოსიპედი, სახლი, ხელფასი და ბევრი თავისუფალი დრო იმისთვის, რომ მეკონტაქტა ადამიანებთან. ვცხოვრობდი ჩრდილოეთში, სადაც ამსტერდამისგან აბსოლუტურად სხვა გარემო დამხვდა – არამხოლოდ სტერეოტიპული მოსაწევის დედაქალაქი. შევხვდი ძალიან გახსნილ და თავისუფალ ხალხს, ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე ხან მეთევზეებს, მებაღეებს და იქაურებთან ძალიან ინტეგრირებული ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ მაინტერესებდა, რა ხდებოდა მათს ოჯახებში, რას მიირთმევდნენ, როგორ ცხოვრობდნენ, ბაღს როგორ უვლიდნენ და ვიფიქრე, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი ტურიზმი, როგორ ცხოვრობს მკვიდრი მოსახლეობა. ჩემთან ძალიან ახლოს იყო ეს ყველაფერი, თვითონ მომწონს მასპინძლობა, სტუმრობა, კომუნიკაციაც, მიყვარს ახალი ურთიერთობები.რომ დავბრუნდი საქართველოში, გადავწყვიტე, კახეთში, სადაც მამაჩემი ცხოვრობს და იქ მეღვინეობას მიჰყვება წლების განმავლობაში, გაგვეკეთებინა ტურისტული ადგილი, რისთვისაც მჭირდებოდა თანამოაზრეები და ფული. თანამოაზრეები არ მყავდა იმიტომ, რომ მამა და ჩემი ძმა ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ ამ იდეას, თუმცა რაღაცნაირად დავაჯერე, რომ ეს არის უფრო თანამედროვე, მომავლის საქმე და ბედნიერებაა, როდესაც შენს ცხოვრებას, შენს დღეს განკარგავ თავად და 100-ჯერ უფრო ეფექტურად მუშაობ, როდესაც შენი საკუთარი იდეისთვის შრომობ და არ ხარ დაქირავებული სხვისი ოცნებების ასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონდა ფული, მაინც შევძელით და ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ ყველაფერი.M: ვინ წარმოადგენს თქვენს სამიზნე სეგმენტს? რატომ უნდა გესტუმრონ, რა არის „ღვინის ეზოს“ უნიკალური მახასიათებელი?
ჩვენს ძირითად სამიზნე სეგმენტს რუსები წარმოადგენენ. „ღვინის ეზოს“ მიზანია, 
სტუმარმა თავი შინ იგრძნოს! რაღაც საოცრება არ არის. ეს არის უბრალო სახლი, ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრებით, მაგრამ მივხვდი, რომ ადამიანები ჩამოდიან შენთან, პიროვნებასთან – პირველ ღიმილს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, როგორ მიესალმები, რას ეტყვი, როგორ შეხვდები. მგონია, რომ პირველ რიგში, ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორი ღვინის ეზოც არ უნდა გააკეთო, ვერ დაიმსახურებ კეთილგანწყობას, თუ ცუდად შეხვდები.

M:
რა მიმართულებით აპირებთ „ღვინის ეზოს“ განვითარებას? რა გეგმები გაქვთ?
რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ „აწარმოე საქართველოში“ მიღებული გრანტის ათვისება და სხვათა შორის, ძალიან ბევრი გზა გამიხსნა ამ გრანტმა, ძალიან კარგ ადამიანებთან გავედი კავშირებზე. მალე გვექნება მინი საჩამომსხმელო და ეს ცალკე ტური იქნება, სადაც სახელობის ღვინოები გვექნება. მოლაპარაკებები მაქვს ახალ ზელანდიაში, პოლონეთსა და გერმანიაში, ექსპორტის მიმართულებით. ამაზონისგანაც არის დაინტერესება. ვმუშაობთ შეფუთვის ფორმაზე. ასევე, შემოთავაზება მაქვს სასტუმროს გრანტებზე და ამ მიმართულებითაც ვაპირებ, რომ აქტიურად ვიმუშაო. 

განხილვა