20 ივლისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალმა მმართველმა კომპანიამ „აქუალია” მედიასთან პირველი შეხვედრა გამართა. ჟურნალისტების წინაშე GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალი გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოსი და კომპანიის განვითარების დირექტორი, ზურაბ ალფაიძე წარდგნენ.
Aqualia ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 80% შეიძინა. აქვე გეტყვით, რომ Aqualia წყალმომარაგების მიმართულებით ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე კომპანიაა. გასულ წელს მან მსოფლიოში საუკეთესო წყლის სერვისის მმართველი კომპანიის ჯილდოც მიიღო.
GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოსი:
Aqualia მსოფლიოს მასშტაბით 43 მილიონზე მეტ მომხმარებელს 18 სხვადასხვა ქვეყანაში ემსახურება, მათ შორის ახლა უკვე საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების არსებული სისტემისა და პრობლემების დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი. ჩვენ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და ვიცით, როგორ მოვაგვაროთ ამ სფეროში არსებული პრობლემები, დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, გადავამზადოთ კადრები, შევქმნათ ხარისხის მონიტორინგის სისტემა და გავმართოთ კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა.
M: რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები gwp-ში?
თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემაზე Ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ქმედებების განსახორციელებლად საკმარისი არ იყო. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ სისტემის მდგომარეობის სიღრმისეული კვლევა და აუდიტი. პრობლემების იდენტიფიცირება თითოეული ქუჩის დონეზე მიმდინარეობს.
წყალმომარაგების სისტემის მდგომარეობის საბოლოო შესწავლამდე კონკრეტულ გეგმებზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კომუნიკაციას, რათა საზოგადოებას გავაცნოთ კვლევის შედეგები და მივაწოდოთ ინფორმაცია Aqualia-ს მიერ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად განხორციელებულ ქმედებებზე.
ახალ ინვესტორთან თანამშრომლობის შესახებ GWP-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემაც ისაუბრა:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას ემსახურება, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. შესაბამისად, წყალმომარაგების დარგში ქართული ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ვართ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის ისტორიაში პირველი დარგობრივი ინვესტორის როლი. დარწმუნებული ვართ ესპანელი და ქართველი მენეჯერებისა და ტექნიკოსების სინერგიით ჩვენ მოკლე დროში საუკეთესო შედეგებს მივაღწევთ წყალმომრაგების და წყალარინების სერვისის გასაუმჯობესებლად და მომხმარებლის კმაყოფილების მისაღწევად.
M: რას გულისხმობს დარგობრივი ინვესტორი და რით არის ის მნიშვნელოვანი?
ეს არის საკითხი, რაზეც ნამდვილად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მსოფლიოში არსებობენ სხვადასხვა სახის კომპანიები, რომლებიც ფლობენ არაერთ ბიზნესს და მათი პორტფელები დივერსიფიცირებულია. Aqualia დარგობრივი ინვესტორია, რომლის მთავარი საქმიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ წყალმომარაგების სერვისების მართვაა. აქედან გამომდინარე, მას დარგობრივ დონეზე აქვს შესწავლილი აღნიშნული სფერო და ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას ფლობს წყალმომარაგების შესახებ. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, Aqualia თითოეული ქვეყნის ბაზარზე შესვლისას იყენებს კარგად აპრობირებულ და გამართულ სამოქმედო სტრატეგიას, რომლის პირველი ეტაპიც სწორედ სისტემის სიღრმისეული შესწავლა, ანალიზი და დიაგნოსტირებაა, ამ პროცესს გადის ახლა საქართველოც.
M: როდისთვის იგეგმება კვლევების საბოლოო დასრულება და რა იქნება შემდგომი ნაბიჯი?
სისტემის სრულფასოვანი კვლევის შედეგების საფუძველზე მზადდება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის როგორც გრძელვადიანი, ასევე ოპერატიული სამოქმედო გეგმა. შეიძლება ითქვას, რომ შესწავლა დასკვნით ეტაპზეა და ერთი თვის ვადაში შევძლებთ მიღებული შედეგების საზოგადოებისთვის გაზიარებას.
[R]