ჯივიპის ახალმა მფლობელმა – ესპანურმა კომპანია Aqualia-მ, საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყო წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურისა და gwp-ის საოპერაციო პროცესების სიღრმისეული აუდიტი. ამავდროულად, კომპანია ცდილობს, მისი საქმიანობისა და თითოეული ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გამჭვირვალე და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ახლახან Aqualia-მ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო სისტემების სიღრმისეული აუდიტი დაასრულა და გამართა პრეზენტაცია, სადაც მედიის წარმომადგენლებს აუდიტის შედეგები და gwp-ის 10-წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. როგორც კვლევამ აჩვენა, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია, რის მოწესრიგებასაც შესაბამისი გეგმა, ინვესტიცია და დროული რეაგირება სჭირდება.
კერძოდ, კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ:
- ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%.
- 2022 წელს წყალმომარაგების ქსელზე აღრიცხულია 18 000-ზე მეტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 17 000-ზე მეტი ავარიული დაზიანება.
- თბილისში წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს მინიმუმ 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია).
- მნიშვნელოვანი ხარვეზებია საოპერაციო მიმართულებითაც, რაც გულისხმობს: ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას.
ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი:
„საზოგადოებას წარვუდგინეთ აუდიტის შედეგები ინფრასტრუქტურული და საოპერაციო მიმართულებით და გავუზიარეთ ჩვენი, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლე პერიოდზე გათვლილი ხედვა.
gwp-ის 10 წლიანი სამოქმედო გეგმა ევროპული სტანდარტებით მუშაობასა და შესაბამისი სერვისის შექმნას ემსახურება. გეგმის განხორციელების ფარგლებში, შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი მოითხოვს დროს, ჩვენ შესასრულებელ გეგმას მივყვებით პრიორიტეტების მიხედვით. საკმაოდ ამბიციური მიზანი გვაქვს, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გეგმის შესრულებას შევძლებთ, ჯივიპი აუცილებლად გახდება ევროპული სტანდარტების კომპანია!“.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ თბილისში, gwp მართავს 4,000 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 1,500 კმ წყალარინების ქსელებს, 5 სათავე ნაგებობას, 3 ლაბორატორიას, 350 მ3 მოცულობის 113 სამარაგო რეზერვუარს, 64 სატუმბო და 156 წნევის გამაძლიერებელ სადგურს. გარდა ამისა, იგი წყლით ამარაგებს რუსთავსა და მცხეთას, რაც საქართველოს მოსახლეობის 57%-ს წარმოადგენს.
[R]