22 ნოემბერს Georgian Water And Power-მა ახალი სტრუქტურული ერთეული – პირველი საოპერაციო ცენტრი გახსნა. ეს ღონისძიება GWP-ს ახალი მფლობელის, ესპანური კომპანია Aqualia-ს სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. მედიასთან და კომპანიის მენეჯმენტთან ერთად გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, გამგებლები და მათი მოადგილეები, მარეგულირებელი კომისიის წევრი გიორგი ფანგანი და სემეკის წარმომადგენლები.
ღონისძიება GWP-ს გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოსის სიტყვით გაიხსნა, ხოლო უშუალოდ პროექტის პრეზენტაცია ზურაბ ალფაიძემ, GWP-ს ტექნიკური განვითარებისა და სისტემების დირექტორმა წარადგინა. საოპერაციო ცენტრების გახსნის მიზანი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სერვისის გაუმჯობესება, ავარიებზე ოპერატიული რეაგირება და მართვის ევროპული მოდელის დანერგვაა. როგორც ირკვევა, Aqualia-ს ეს მოდელი თავისი მართვის ქვეშ მყოფ 17 ქვეყანაში უკვე აქვს დანერგილი, ახლა კი საქართველოს ჯერიც დადგა.
„კომპანიაში ჩატარებული აუდიტის შედეგად მრავალი სახის საოპერაციო ხარვეზი გამოვლინდა, რომლებიც ხელს უშლიდა ავარიის პროცესის ეფექტურ და დროულ მართვას, დაკავშირებული იყო მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიასთან და ა.შ. ამ დრომდე GWP-ს ერთი ცენტრალური ობიექტი ჰქონდა, საიდანაც ყველა პროცესი იმართებოდა. ახლა კი თითოეული უბნისთვის ჩვენ ვქმნით მულტიფუნქციურ ცენტრებს, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკური თუ ადამიანური რესურსით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სერვისს წყალმომარაგების სექტორში.
ჩვენი მიზანია მულტიფუნქციური ცენტრების ისეთ ლოკაციებზე გახსნა, საიდანაც შესაბამისი სამსახურები დროულ რეაგირებას შეძლებენ მიმდინარე ავარიებზე, რაც პროცესებს დააჩქარებს და ევროპულ სტანდარტებთან დაგვაახლოებს”, – ხოსე მიგელ სანტოსი, GWP-ს გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბრამდე კომპანიას 4 ძირითადი და 2 დაქვემდებარებული საოპერაციო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. ვაკის საოპერაციო ცენტრის შემდეგ გაიხსნება გლდანის, სამგორის, ტაბახმელის, რუსთავისა და მცხეთის მულტიფუნქციური ცენტრები. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.
„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა gwp-სთვის, რადგან ვიწყებთ ევროპული სტანდარტების აქტიურ დანერგვას ყველა იმ ქალაქში, სადაც ვოპერირებთ. საერთო ჯამში გაიხსნება 6 საოპერაციო ცენტრი განსაზღვრული სამოქმედო არეალით. თითოეული მათგანი დამოუკიდებელი იქნება როგორც გადაწყვეტილების მიღების, ისე მისი აღსრულების პროცესში.
საოპერაციო პროცესების დეცენტრალიზაციის შედეგად ჩვენ საგრძნობლად შევამცირებთ ავარიებზე რეაგირების დროს და გავზრდით ოპერატიულობას”, – ზურაბ ალფაიძე, GWP-ს ტექნიკური განვითარებისა და სისტემების დირექტორი.
[R]