საქართველოში მრავალი სპორტდარბაზია, სადაც სხეულზე ვარჯიშის გზით ზრუნვის მსურველთათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა ხდება. ამგავრი მიზანმიმართული ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა ორგანიზმისათვის და ამ ეფექტის მიღწევაში ტრენერებიც აქტიურად გვეხმარებიან, თუმცა, თანამედროვე ინფორმაციული სამყარო
მეტი გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიონალური რჩევების, ციფრული გზების გამოყენებით, მიღების საშუალებას გვაძლევს. ბოდიბილდინგისა და ფიტნესის მიმართულებით შექმნილი ქართული მობილური აპლიკაცია GYMer ერთი კვირის წინ გახდა ხელმისაწვდომი და ის გვაძლევს საშუალებას ჩვენივე სმარტფონიდან მივიღოთ დეტალური, ვიზუალური ინფორმაცია ამა თუ იმ კუნთის უსაფრთხო განვითარების შესახებ. აპლიკაციაზე მუშაობა გიორგი ლეკვეიშვილმა, სანდრო ხარძეიშვილმა და ლევან მოსეშვილმა თებერვლიდან დაიწყეს, ამ დროის განმავლობაში 350-მდე ვიდეო შეიქმნა, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია 150-მდე ინდივიდუალური ვარჯიში, თითოეული კი მოიცავს 3 ვიდეოს. აპლიკაცია განკუთვნილია ვარჯიშით, ბოდიბილდინგით დაკავებული პირებისთვის, იმათთვის, ვინც მასისა და კუნთის მომატებაზე არის ორიენტირებული, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. GYMer-ის ლოკალური და გლობალური ბაზრების ათვისების გეგმებზე, ასევე, აპლიკაციის უპირატესობებზე მისი ერთ-ერთი შემქმნელი – გიორგი ლეკვეიშვილი გვესაუბრა:
M: რა იყო GYMer-ის შექმნის მოტივი?
ვარ „მობაილ დეველოპმენტის” კომპანიის (MPDC) თანადამფუძნებელი, რამდენიმე თვის წინ დავიწყე ვარჯიში და როგორც მომხმარებელს ძალიან მაკლდა ინფორმაცია, ლამის ტრავმაც მივიღე ერთ-ერთი ვარჯიშის არასწორად კეთებისას. შემდეგ, Snap Fitness Georgia-ში ვარჯიშისას გავიცანი სანდრო, რომელიც არის ათლეტი და ერთად გავგვიჩნდა იდეა – შეგვექმნა მობილური აპლიკაცია ფიტნესისა და ბოდიბილდინგის სფეროში, განგვეხორციელებინა გლობალური დონის პროექტი. უნდა აღვნიშნო, რომ ეს დარბაზი ძალიან დაგვეხმარა იდეის განხორციელებაში, რადგან დაგვითმო ფართი და დაგვრთო გადაღების ნება.
M: კონკრეტულად, როგორ ეხმარება ეს აპლიკაცია მომხმარებელს?
აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ კონკრეტული კუნთის ვარჯიშის მოძებნა და ნახვა. დავუშვათ, ბიცებსის ან მკერდის კუნთის განსავითარებლად. თითოეულ ვარჯიშს ახლავს სამი ვიდეო: 1. როგორ უნდა შევასრულოთ ვარჯიში სწორად; 2. როგორ არ უნდა შევასრულოთ, რა არის ყველაზე ხშირი შეცდომები ამ ვარჯიშისას, როგორ უნდა აირიდო თავიდან ტრავმის მიღება; 3. გრაფიკული ეფექტის გამოყენებით, ვიდეოში კარგად ჩანს კონკრეტული ვარჯიშისას კუნთოვანი მასის რა ნაწილები მუშაობს. რომელიმე ადგილის სტიმულირებისას, შესაძლოა, იყოს სხვა კუნთოვანი ნაწილებიც ჩართული, ამას უნდა დიდი ყურადღების მიქცევა. ასევე, არის ფასიანი კონტენტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ჩვენი ათლეტის მიერ დამზადებული რამდენიმედღიანი პროგრამა.
M: რა უპირატესობა აქვს GYMer-ს სხვა, მსგავსი პროფილის აპლიკაციებთან მიმართებაში?
ბაზარზე არ იყო ისეთი აპლიკაცია, რომელიც დამწყებს და პროფესიონალსაც ვარჯიშის სისწორესთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციით უზრუნველყოფდა. ჩვენი აპლიკაცია გამოირჩევა იმით, რომ მეტი ინფორმაციაა შეკრული, თითოეული ვარჯიშის ვიდეოს თან ახლავს ისეთი ჩანაწერი, სადაც ჩვენი ათლეტი აჩვენებს მომხმარებელს, თუ როგორ არ უნდა გააკეთოს კონკრეტული ვარჯიში, იმისათვის, რომ ტრავმა არ მიიღოს და სწორად განავითაროს სავარჯიშო პროცესი. სხვა აპლიკაციების შემთხვევაში, აჩვენებენ უბრალოდ ვიდეოს, თუ როგორ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა ვარჯიში სწორად, ჩვენ გვაქვს სხვა მიდგომა, რადგან ძალიან რთულია ერთი ნახვით შეძლო ვარჯიშის სწორად გაკეთება. ჩვენ ვამცირებთ ტრავმისა თუ კუნთის არასწორი განვითარების რისკს.

M: რა სტრატეგია გაქვთ ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად?
გლობალურ ბაზარზე მოძიებული გვაქვს სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყნებში ვარჯიშობენ უფრო მეტად ამ სფეროში. ამ ეტაპზე, ასეთია – ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და კანადა. ჯერჯერობით, ამ სამ ქვეყანაში ვაპირებთ ჩვენი პროდუქტის გავრცელებას. უკვე დავიწყეთ ამერიკაში. მარკეტინგის სტრატეგიას რაც შეეხება, ვწერთ ბოდიბილდინგისა და „ჯიმის” ბლოგებსა და ვებსაიტებს, რათა ჩვენ შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ მკითხველებს. ამავდროულად, Facebook რეკლამების ჩართვასაც ვაპირებთ. გვინდა, რომ ქართველები გამოგვეხმაურონ და თავიანთი აზრი დააფიქსირონ, რადგან პირველ რიგში, მათი აზრია ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მივიჩნევთ, რომ ამ პროდუქტით გლობალურ ბაზარზე წარმოვადგენთ საქართველოს.
M: დროთა განმავლობაში, განახლებადია თუ არა აპლიკაციაში შესული ინფორმაცია და რომელი სისტემების მომხმარებლებს შეუძლიათ მისი გადმოწერა?
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპლიკაციას ჰყავს თავისი ათლეტი – სანდრო, რომელიც პერიოდულად აახლებს ინფორმაციას. ახალი ვიდეოები მუდმივად ემატება ბაზას. ერთი კვირის წინ დავდეთ აპლიკაცია და ახლაც განვაახლეთ. GYMer ხელმისაწვდომია iOS-ის სისტემებისთვის.

M: თუ გეგმავთ სხვა სისტემების მომხმარებლებისთვისაც მისაწვდომი გახადოთ GYMer და რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას?
იმ შემთხვევაში, თუ წამოვა დაინტერესება მომხმარებლისგან და მივიჩნევთ, რომ პროექტი გამართლების მხარეს მიდის, როგორც „ანდროიდზე”, ასევე, „ვინდოუსზე” ვაპირებთ ჩვენი პროდუქტის განთავსებას. ეს ვარჯიშები, რაც გვაქვს აპლიკაციაში გოგოებმაც შეიძლება აკეთონ, თუმცა, ქალის ტანი ბევრად სპეციფიკურია და ბევრად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. გოგოებმა რომ გამოიყენონ ეს აპლიკაცია, შესაძლოა იმ შედეგს ვერ მიაღწიონ, რაც სასურველია. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას გოგო ათლეტთან და სავარაუდოდ, ახლო მომავალში ქალებსაც შევთავაზებთ სიახლეებს.













