„გარემოს უფრო ედარდებოდა ჩემზე რაღაცები, ვიდრე მე, არავის ვუმტკიცებდი რამეს, უბრალოდ, მე ასე მინდოდა“ – თავის დროზე, მძივებიანმა, დახეულჯინსებიანმა, ნაწნავებიანმა 18 წლის გოგომ, მუცელზე ყვავილით, პიროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ძიებაში, შეიყვარა როკი – Led Zeppelin და The Doors, სელინჯერის ჰოლდენ კოლფილდი და შრომა. თეა თვარაძემ, პედაგოგიკის ინსტიტუტის ფილოლოგიის სტუდენტმა, 90-იანი წლების უმუშევრობის ტალღას ბორტგამცილებლად მუშაობით დააღწია თავი, იყო პირველი გოგო მერჩენდაიზერი საქართველოში, თამბაქოს კომპანია Pall Mall & Rothmans-ში, მუშაობდა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომპანია Maersk-ში. კარგად ერკვევა ღვინოში, ხატავს და უყვარს კითხვა, უნდოდა რესტავრატორობა, თუმცა მაშინ იმის გამო, რომ მის ოჯახს „ნაცნობი“ არ ჰყავდა სამხატვრო აკადემიაში, ახლა კი უკვე დროის უქონლობის გამო, რესტავრატორობა რჩება სასურველ, თუმცა მიუღწეველ პროფესიად. უკვე 2 წელია, Moet Hennessy-ს მარკეტ მენეჯერია კავკასიის რეგიონში და როგორც თვითონ ამბობს, სრულიად ჯადოქრული სამსახური აქვს. როგორია თეას განვლილი გზა ბორტგამცილებლობიდან Moet Hennessy-მდე, თავად გვესაუბრა:
ჩემი პირველი პროფესია
ფილოლოგობა გამომადგა იმაში, რომ ენას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ერის კულტურულ განვითარებაში, არის ენა, მისი შენარჩუნება და ასევე, გამდიდრება.
ჩემი პირველი შეუდარებელი გამოცდილებაა
ბორტგამცილებლად მუშაობა იმიტომ, რომ ვიყავი დამოუკიდებელი, მე მქონდა იმ დროისთვის კარგი შემოსავალი, ეს იყო 90-იანი წლების საქართველო და შემეძლო, ჩემი ფულით, მემოგზაურა, ოჯახის ბიუჯეტშიც შემეტანა დიდი წვლილი. ადამიანებთან ურთიერთობაც ვისწავლე იმიტომ, რომ ხალხი თავის თავს ავლენს სიმაღლეზე არაადეკვატურად. ჩემი სამუშაო დღე იწყებოდა დილის 5 საათზე, ტრანსპორტი არ იყო, როგორღაც უნდა მივსულიყავი საბურთალოდან აეროპორტამდე – თბილისი-პრაღა-პარიზი-პრაღა-თბილისი – ამდენი აფრენა, ამდენი დაშვება, თან არავის უნდა გაუბრაზდე, შენც ნერვები არ მოგეშალოს და ჯანსაღად ჩამოხვიდე, ღამის 2 საათზე მიხვიდე სახლში და ეს გრძელდებოდა კვირაში 5 დღე. პარალელურად, ვსწავლობდი პედაგოგიკის ინსტიტუტში და იმის გამო, რომ ვმუშაობდი, ნიშნები ამის გამოც დაუწერიათ ჩემთვის.
ჩემი პირველი კომპანია
იყო Pall Mall & Rothmans – თამბაქოს კომპანია, სადაც დავიწყე მუშაობა და ვიყავი პირველი გოგო მერჩენდაიზერი (1999წ.). ყველას ეგონა, რომ გოგოობა მიადვილებდა საქმეს, მაგრამ რეალურად, სულაც არ იყო ასე იმიტომ, რომ ძალიან მამაკაცური გარემო იყო და რაღაცებს ბოლომდე კი ვერ ვეგუებოდი, ვერ ვხვდებოდი. ჩვენს გუნდში სულ 5 ადამიანი ვიყავით, დავდიოდით მაღაზიიდან მაღაზიაში, ვაწყობდით კომპანიის სიგარეტს ისე, რომ გამოსაჩენ ადგილას ყოფილიყო. დისტრიბუტორები არ გვყავდა მაშინ, ჩვენვე დაგვქონდა სიგარეტები და ვყიდდით. შემდეგ ბრიტანულ-ამერიკულმა კომპანიამ (BAT) იყიდა Pall Mall & Rothmans, სადაც, 12 წლის განმავლობაში ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე: მარკეტინგში, სავაჭრო მარკეტინგში, ბრენდში, კვლევებში, დაგეგმარებაში.
ჩემი პირველი დღე Moet Hennessy-ში
გავატარე შალონ-ან-შამპანში, შამპანურის კურსებზე, Louis Vuitton – Moet Hennessy-ს 6 სახლი ერთ კვირაში მომატარეს, გამასინჯეს სხვადასხვა სასმელი და სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. წარმოიდგინეთ, თბილისის ჩვეულებრივი საჯარო სკოლა რომ აიღო და უცბად, სენ-ჟერმენის კერძო სკოლაში მოხვდე.
LVMH – Louis Vuitton – Moet Hennessy – ძვირფასი ბრენდების ფრანგული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ალკოჰოლურ სასმელებს, მოდას, კოსმეტიკას, საათებსა და სამკაულებს, საცალო ვაჭრობასა და სხვა აქტივობებს, რომელიც მოიცავს ცხოვრების სტილს, კულტურასა და ხელოვნებას. MH არის ალკოჰოლური სასმელების განყოფილება – კონიაკი, შოტლანდიური ვისკი, გლენმორანჟე, არაყი, შამპანური, ღვინო.
პრაქტიკა თუ თეორიული ცოდნა
ვფიქრობ, რომ თეორიული ცოდნა მაკლდა და ამიტომაც დავიწყე სწავლა, რადგან თეორიული ცოდნა აუცილებელია, თუმცა ბრიტანულ-ამერიკულ თამბაქოში იმდენ განსხვავებულ პოზიციაზე ვიმუშავე, ეს იმხელა სკოლაა და იმხელა პრაქტიკა გავიარე, რომ პრინციპში, ზოგჯერ თეორიას რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ საკმაოდ ბევრი საჭირო რაღაც უკვე ვიცოდი პრაქტიკიდან, თუმცა ონლაინ ვსწავლობდი, London Business School-ში.
სომელიე
სპეციფიკური ცოდნა ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე საერთოდ არ მქონდა, Moet Hennessy-ში რომ დავიწყე მუშაობა. მაგრამ ახლა ვამთავრებ სომელიეს სკოლას, რომელიც ცოდნას გაძლევს ღვინოზე, ღვინის წარმოებაზე, მევენახეობაზე, საერთოდ, ამ სფეროზე. ეს არის ბოლო გამოწვევა, ამ ეტაპზე, რაც გავუკეთე საკუთარ თავს და ამ სკოლას რომ დავამთავრებ, სომელიე შემიძლია, ვიყო – ღვინის მრჩეველი. შემდეგი წლის გამოწვევა არის, ვისწავლო ფრანგული აუცილებლად!
ჰობი
გავდივარ „იელის“ უნივერსიტეტის ონლაინ კურსებს, ძირითადად, მანქანაში ვუსმენ ხოლმე, თემა – ფსიქოლოგიაა და მინდა, ამ სფეროში თეორიული განათლება მქონდეს. დავრბივარ რეგულარულად, ნახევარი მარათონიც კი მაქვს ნარბენი. ისე, ლიტერატურული ადამიანი უფრო ვარ, ვიდრე მუსიკალური, რადგან წიგნის გარეშე უფრო გამიჭირდებოდა, ვიდრე მუსიკის გარეშე, თუმცა ძალიან მიყვარს ნიკ კეივი, ველვეტ ანდერგრაუნდი…
#ფრაზა და #მადლობა
მოტოების არ მჯერა იმიტომ, რომ ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანი და არაორდინალურია, ამიტომაც, რაღაცამ შეიძლება, დღეს იმუშაოს, ხვალ კი აბსოლუტურად შეუსაბამო იყოს გარემოსთვის. სიხისტე არ მიყვარს არც ადამიანებში, არც ცხოვრებაში და ვაფასებ მოქნილობას. ბებიაჩემი, რომელთანაც მე გავიზარდე და რომელიც ყველაზე ლაღი არსება იყო, მასწავალა ზუსტად ეს დამოკიდებულება ცხოვრებასთან, როგორი უნდა იყო გახსნილი, თავისუფალი და რა მარტივია ასე ყველაფერი.
ახლა ვარ სწორ ადგილას და ამას ვგრძნობ, რადგან სიამოვნებას მანიჭებს და ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ!











