ერთ-ერთი იაპონური ანდაზის თანახმად, თუკი შვიდჯერ დავეცემით, აუცილებლად უნდა ავდგეთ მერვედ. არგაჩერებასა და მცდელობის გაგრძელებაზე კაცობრიობის ისტორიაში ასევე ძალიან ბევრ ცნობილ და შთამაგონებელ ადამიანს უსაუბრია, მაგალითად ჩინელ ფილოსოფოს კონფუცს, რომელიც მოგვიწოდებს, რომ თუნდაც ნელა, თუმცა მაინც განვაგრძოთ წინ სიარული, ან თუნდაც ნელსონ მანდელას, რომელიც გამარჯვებულად იმ მეოცნებე ადამიანს მოიხსენიებს, რომელიც არასდროს ნებდება. ამ ადამიანებმა თავის დროზე დაწერეს ის ისტორია, რომელიც დღეს ყველასთვის ძალიან შთამაგონებელი და მამოტივირებელია. სხვათა აზრების და მაგალითების გათვალისწინება ძალიან სასარგებლოა, თუმცა, საბოლოო ჯამში, რაც ყველაზე მეტ მოტივაციას გვაძლევს და არ გვაჩერებს მაინც ჩვენი შინაგანი ხმაა – ხმა, რომელიც ჩვენთვის სასურველი მომავლიდან გველაპარაკება და გვეუბნება, რომ გზა სულ არის, თუნდაც ყველაზე კრიტიკულ მომენტებში.
რას ნიშნავს სასურველი მომავალი? ეს იმ განხორციელებულ მიზანთა და სურვილთა ერთობლიობაა, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ, ვფიქრობთ ან ვოცნებობთ. ხოლო იმისთვის, რომ ამგვარ მომავალს მივაღწიოთ, აუცილებლად უნდა გვესმოდეს მიზნის შესრულების რთული და ხანგრძლივი ეტაპები.
გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით ბიზნეს-იდეებით სავსე ერაში ვცხოვრობთ და ისინი ხშირ განხილვის საგანს წარმოადგენენ საზოგადოებაში, ჩვენ მიერ ზემოხსენებულ მიზნადაც ბიზნესის დაწყება და მისი განვითარება დავსახოთ.
დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი ბიზნეს-იდეა ბრწყინვალე და სრულყოფილი ჩანს მანამ, სანამ მის განხორციელებას დავიწყებთ. როდესაც ამ ბიზნეს-იდეის ხორცშესხმას ვიწყებთ, მომენტალურად იჩენს თავს უამრავი გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი შემაფერხებელი ფაქტორი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამყაროში არ არსებობს ერთი რაიმე ტიპის წესრიგი, ჩვენ მიერ ზედმიწევნით დალაგებული გეგმებიც ხშირად ისე არ სრულდება, როგორც ამას ველით ხოლმე. ამიტომაც, მაშინ, როცა ბიზნეს-იდეაზე მუშაობას ვიწყებთ, გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება იჩინოს თავი გაუთვალისწინებელმა ფაქტორმა.
თუმცა, მსგავსი შემთხვევები არ უნდა გახდეს ჩვენი მოტივაციის ჩამხშობი მიზეზი. ღრუბლიანი, მოსაწყენი და ჩვენთვის არასასურველი დღეები ხშირად სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს ხოლმე, თუმცა მაშინ, როდესაც მზე გამოდის და ჩვენს ცხოვრებაში რაღაც კარგი ხდება, ეს ხალისი უკანვე გვიბრუნდება. საბედნიეროდ, ჩვენ ვიცით, რომ ნეგატიური შეგრძნებები მუდმივი არ არის. ცუდს კარგი, კარგს კი ცუდი აკომპენსირებს. მსგავსი მექანიზმი მუშაობს ბიზნესშიც – იმისთვის, რომ რაღაც უფრო ახალი და ეფექტური შევძლოთ, საჭიროა, მივიღოთ გამოცდილება. გამოცდილება კი ისე არაფერს მოაქვს, როგორც ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებზე სწავლას. ეს შეცდომები იმისთვისაც კია საციცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ბიზნესის უკეთ გვესმოდეს – ვიცოდეთ რაში და რამდენად უჭირს მას.
როდესაც ბიზნესს ვეჭიდებით ასევე წინასწარ გააზრებული უნდა გვქონდეს ისიც, რომ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე ძალიან ბევრი უძილო ღამე გველოდება, ძალიან ბევრ შეკრებას დავაკლდებით, ძალიან ბევრი ენერგია დაგვჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ახალი, ყველასგან განსხვავებული და ჩვენთვის ღირებული შევქმნათ.
და მაინც, რატომ არ უნდა გავჩერდეთ ამ ძალიან კონკურენტულ გარემოში? ან საერთოდაც, როგორ უნდა მოვუწოდოთ თავს არგაჩერებისკენ? გრძელი ვადით ნებისმიერი მოტივაციის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. როგორ ძალიანაც არ უნდა გვიყვარდეს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, არის მომენტები, როცა მისი კეთებაც არ გვინდა. იმისთვის, რომ ჩვენს იდეებს ვერდასრულებული/ვერგანხორციელებული არ ეწოდოს მომავალში, საჭიროა, იმ მომენტზე დავფიქრდეთ, როცა ამ იდეის ხორცშესხმა დავიწყეთ. ადამიანებს ყოველდღიურობა ხშირად გვავიწყებს ხოლმე, თუ რას ვემსახურებით, რაზე ვოცნებობთ და რას გვინდა, რომ მივაღწიოთ. და მიუხედავად იმისა, რომ მართლაც საკმაოდ კონკურენტულ ბიზნეს-გარემოში გვიწევს ცხოვრება, უნდა გავიხსენოთ, რომ გზა სულ არის ჩვენი იდეების განსახორციელებლად. მაგალითად, სტარტაპთა უმეტესობა დღესდღეობით სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ისხამს ფრთებს და, საბოლოო ჯამში, ცნობილი ბიზნესი ხდება – ბიზნესი, რომელიც უამრავ ინვესტიციას იზიდავს.
და რადგან შესაძლებლობებსა და პროგრამებზე საუბარი დავიწყეთ, მაგალითისთვის ვახსენოთ 500 Startups – სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას, მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას. რამდენიმე თვის წინ ის საქართველოშიც შემოვიდა და ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა მიცა, ბედი ეცადათ. შედეგად კი მოხდა ის, რომ პირველ ნაკადში ჩართულმა სტარტაპებმა ქვეყანაში უკვე 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს. ამ სტარტაპებს შორის ორი კი 2021 წელს სილიკონ ველიზე წავა და სრულიად ახალ, გამორჩეულ გამოცდილებას მიიღებს.
1 წლის წინ შეიძლება, ამ სტარტაპებს არც ეგონათ, რომ მსგავსი წარმატების ნაწილი გახდებოდნენ. ზოგადად ხომ ყველაფერი ბევრად უფრო რთულად ჩანს მანამ, სანამ მიზანს ბოლომდე არ მივაღწევთ?!
სტატიას კი იმის შეხსენებით დავასრულებთ, რომ შესაძლებლობა მართლაც ბევრია – მთავარია, აი იმ ხმას მივყვეთ, რომელიც გვეუბნება, რომ გზა სულ არის. მთავარია არ გავჩერდეთ და იმ შრომას აუცილებლად დაინახავენ, რომელიც დღის შუქზე თითქმის არასდროს ჩანს.












