in

დამწყების გზამკვლევი მეტავერსში

ახალი ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული უცხო სიტყვები იმდენად თავბრუდამხვევი სიჩქარით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, რთულია ფეხი აუწყო. წარმოგიდგენთ დამწყების გზამკვლევს მეტავერსში, რომელიც „მომავლის ინტერნეტში“ ნავიგაციას გაგიადვილებთ.

რა არის მეტავერსი?

მეტავერსი რეალობის ონლაინიმიტაციაა – სივრცე, რომელშიც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა აქტივობაში და ერთმანეთს ვირტუალური, პერსონიზებული ავატარების მეშვეობით დაუკავშირდეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეტავერსი მეტა სამყაროა, რომელიც უამრავ ციფრულ დომეინს აერთიანებს. მეტავერსსივრცე ვიზუალურად ვიდეოთამაშს მოგვაგონებს, თუმცა, თამაშისგან განსხვავებით (თამაშში წინასწარ განსაზღვრული ისტორია და პერსონაჟებია) – რეალური ცხოვრების მსგავსად – არჩევანის თავისუფლება გაქვთ და შეგიძლიათ, აკეთოთ ის, რაც მოგესურვებათ. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ეს არის მომავლის ინტერნეტი, რეალობის ანალოგის მქონე სამგანზომილებიანი სივრცე, რომელშიც შეგიძლიათ კომუნიკაცია, საქმიანობა, ვაჭრობა, გართობა, ვიდეოთამაშების თამაში და ა.შ.

მეტავერსს, როგორც რეალურ სამყაროს, საკუთარი ეკოსისტემა აქვს, რომელიც კრიპტოვალუტაზეა აგებული. მეტავერსში შეგიძლიათ შექმნათ თქვენი უნიკალური პროდუქტი, იყიდოთ, გაყიდოთ ან გაცვალოთ და ეს ყველაფერი მოხდება სრულიად გამჭირვალედ, დეცენტრალიზებულ, თანასწორუფლებიან (P2P) ქსელში და შუამავლების საჭიროების გარეშე. საინტერესოა ისიც, რომ მეტავერსზე არსებული ბლოკჩეინთამაშების დიდ ნაწილს აქვს Play-to-Earn მხარდაჭერა – ანუ თამაშში შემოსავლის გამომუშავების ფუნქცია, რაც მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მეტავერსის გამოცდილებას დამატებით რეალიზმსა და ფუნქციონალს მატებს ვირტუალური და შერეული რეალობის (VR/AR) ტექნოლოგია, რომელიც ჩქარი ტემპებით ვითარდება. ამ მხრივ გარდამტეხიც კი შეიძლება აღმოჩნდეს Apple Vision Pro – Apple-ის ახალი VR/AR ჰედსეტი, რომელიც ხელმისაწვდომი 2024 წლიდან გახდება.

3 წამყვანი მეტავერსი

Decentraland

Decentraland მეტავერსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვირტუალურ-სოციალური პლატფორმაა, რომელიც აგებულია დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) სისტემაზე. Decentraland აქვს ადგილობრივი კრიპტოვალუტა $MANA, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინს იყენებს და მეტავერსის ერთ-ერთი უმსხვილესი ვალუტათაგანია. Decentraland-ის პლატფორმაზე მომხმარებლებს შეუძლიათ ამ ვალუტით შეიძინონ ვირტუალური მიწის ნაკვეთები NFT-ის სახით და მოახდინონ მიწის მონეტიზაცია; იყიდონ ვირტუალური პერსონაჟები, ნივთები, სახელები და ა.შ. კრეატორებს კი საშუალება აქვთ, შექმნან და გაყიდონ თავიანთი სამოსი და აქსესუარები ავატარებისთვის, რომლებიც ვირტუალურ სამყაროში გამოიყენება. ამასთან, მიწის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარ მიწაზე ღონისძიების გამართვა, ხალხის მოწვევა, არტისტებთან პარტნიორობა და მათი NFT შემოქმედების საკუთარ გალერეებში გამოფენა. Decentraland ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებს, კონცერტებს და სხვა აქტივობებს.

Decentraland-ის მომხმარებლებს აქვთ წვდომა პროგრამული განვითარების კრეატიულ ინსტრუმენტებზე (ე.წ. SDK-ებზე), რომლის საშუალებითაც შეუძლიათ შექმნან და განავითარონ საკუთარი ვირტუალური სამყაროები, ააგონ 3D მოდელები და შექმნან ინტერაქციული გამოცდილება.

ამ ეტაპისთვის მეტავერსში ყველაზე მეტი ღონისძიებით სწორედ Decentraland გამოირჩევა. პლატფორმაზე დაგეგმილი ყოველკვირეული აქტივობები ანონსდება სპეციალურ გვერდზე, რომელსაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ: https://events.decentraland.org

The Sandbox Game
მეტავერსში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა The Sandbox Game – დეცენტრალიზებული ვირტუალური გეიმინგპლატფორმა, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, იყიდონ, გაყიდონ და შექმნან ციფრული აქტივები.

Sandbox ეთერიუმის ბლოკჩეინზეა შექმნილი და DAO არქიტექტურულ სისტემას ეფუძნება. Sandbox-ის მეტავერსის ადგილობრივი ვალუტაა $SAND ტოკენი.

Sandbox-ის მეტავერსში ყველას შეუძლია საკუთარი თამაშის, გამოცდილებისა და ვირტუალური კონტენტის შექმნა, ატვირთვა და მონეტიზიცია. პლატფორმა მომხმარებლებს წვდომას აძლევს მარკეტფლეისზე (სადაც საკუთრებას გაყიდიან), ვირტუალური გარემოს რედაქტორსა და დეველოპერულ ინსტრუმენტებზე. პლატფორმა გამუდმებით ახლდება და მასზე ახალი კონტენტი რეგულარულად თავსდება.

Sandbox ხშირად თანამშრომლობს ცნობილ კომპანიებთან და ბრენდებთან, რაც მომხმარებლებს მათთან ინტერაქციის განსხვავებულ შესაძლებლობას აძლევს. Decentraland-სგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია, Sandbox ფართო საზოგადოებისათვის კონკრეტულ პერიოდებში იხსნება.

საინტერესო ფაქტია, რომ Sandbox-ში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელია ამერიკელი რეპერი Snoop Dogg, რომელიც პლატფორმის აქტიური მხარდამჭერია და მომხმარებლებს მისი მეტავერსსახლის დათვალიერების საშუალებასაც აძლევს.

Otherside Metaverse

Otherside მეტავერსი ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ახლო მომავალში გახდება და ამ მოვლენას ყველა მოუთმენლად ელის. მისი შემქმნელია Yuga Labs, რომელიც ცნობილი Bored Ape Yacht Club-ის NFT კოლექციით გახდა. Otherside მეტავერსის ადგილობრივი ვალუტა ApeCoin იქნება.

Otherside მეტავერსი ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ვირტუალური სამყაროა, რომელიც აერთიანებს ე.წ. MMORPG-ისა (მასობრივი, მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში) –  და ბლოკჩეინმეტავერსების გამოცდილებას. პლატფორმა გეიმერებს (და არა მხოლოდ) გართობის ახალ განზომილებას ჰპირდება. მართალია, მეტავერსზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, უკვე გამოჩნდა ორი დემო, რომელიც პლატფორმაზე წარმოდგენას გვიქმნის.

Otherside მეტავერსს გააჩნია მრავალი მსგავსება Decentraland-თან Sandbox-თან, როგორიცაა გამოცდილების შექმნა, მიწის ფლობა, NFT ავატარები და ყიდვა-გაყიდვა, თუმცა აქვს უნიკალური ნიუანსებიც. მაგალითად, Otherside იყენებს MSquared ტექნოლოგიას, რომელიც 10 000-ზე მეტ მოთამაშეს ვიდეოჩატში ერთდროულად კონტაქტის საშუალებას აძლევს. ასევე, პლატფორმის შემქმნელები გეგმავენ, რომ წამში 30-კადრიანი ვიდეოს ხარისხი უზრუნველყონ.

Otherside-მა მეტავერსთამაშების ასპარეზზე ტექნოლოგიური ინოვაციები შემოიტანა და ეს შესაძლებელი ImmutableX-თან თანამშრომლობით გახდა. ერთ-ერთ ბოლო ღონისძიებაზე, რომელიც მხოლოდ Yuga Labs-ის NFT აქტივების მფლობელთათვის იყო ხელმისაწვდომი, 7 000 ადამიანი ღონისძიებაზე ერთდროულად შევიდა და ერთმანეთის დანახვის საშუალებაც მიეცათ, რაც უპრეცედენტო მიღწევაა.

მოკლედ, მოლოდინები დიდია და ის დაგვრჩენია, ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ამჯერად Yuga Labs, რომელმაც პარტნიორობა უკვე გააფორმა Sandbox-ის მეტავერსის შემქმნელ Animoca Brands-თან. შესაძლოა, ამ ორი მეტავერსის „დაძმობილებაც“ ვიხილოთ.

მეტავერსული მომავალი

თანდათან რეალურსა და ვირტუალურს შორის ზღვარი უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. ტექნოლოგიური ინოვაციების გამაოგნებელი ტემპების, მზარდი შესაძლებლობებისა და ინვესტიციების ფონზე, სავარაუდოდ, ე.წ. „გაფართოებული რეალობის“ (XR) – რომელშიც თავმოყრილი იქნება 3D VR/AR რეალობა, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინტექნოლოგია და კრიპტოვალუტა – უპრეცენდენტო განვითარებას უნდა ველოდოთ.

შესაძლოა, მომავალ ათწლეულში „გაფართოებულ რეალობაში“ უფრო მეტი დროც კი დავყოთ, ვიდრე ამჟამინდელ რეალობაში და შეიცვალოს კიდეც რეალობის ცნება. ერთი რამ ცხადია: მეტავერსი გვთავაზობს იმ შესაძლებლობებს, აქამდე წარმოუდგენლად რომ მიგვაჩნდა და დღეს ჩვენი წარმოსახვა და გასაქანი იმაზე უფრო უსაზღვროა, ვიდრე ოდესმე.

თუმცა, სანამ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისეულ მომავალს დავხატავდეთ, ახლო მომავალში სიახლეებს Otherside-ის მეტავერსიდან ველით.

ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania, კრიპტო სერვისების პროვაიდერი.

[პარტნიორის კონტენტი]

რა სტილს ირჩევენ საკვები პროდუქტების შეფუთვისას თანამედროვე კომპანიები?

#სადანროგორ გავერთოთ 30 ივნისს და 1-2 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი