in

რა აბინძურებს ჰაერს და რა რისკებს უქმნის ის ჩვენს ჯანმრთელობას?

„ჰაერი დაბინძურებულია”, „რას ვსუნთქავთ” – ამ ფრაზებს ხშირად გაიგონებთ. შეუიარაღებელი თვალით ჩვენ ვერ ვხედავთ ჰაერის სიბინძურეს, თუმცა ყველამ ვიცით, რომ სხვადასხვა გარემო პირობების გათვალისწინებით, ის დაბინძურდა, რაც არც ისე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

რა არის ჰაერის დაბინძურება?

ჰაერის დაბინძურება გულისხმობს ჰაერში დამაბინძურებლების გამოყოფას, რომლებიც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მთლიანად პლანეტისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურება იწვევს შვიდ მილიონ სიკვდილს მთელ მსოფლიოში. ათი ადამიანიდან ცხრა ამჟამად სუნთქავს ჰაერს, რომელიც აღემატება ჯანმო-ს მითითებულ ლიმიტებს დამაბინძურებლების შესახებ, ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან. 

რა ზემოქმედებს ჰაერის სისუფთავეზე?

მიზეზი მრავალია. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურების უმეტესობა მოდის ენერგიის მოხმარებასა და წარმოებაზე, რომ წიაღისეული საწვავის დაწვისას ჰაერში გამოიყოფა აირები და ქიმიკატები. ჰაერის დაბინძურება არა მხოლოდ ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, არამედ ამძაფრებს მას. ის ნახშირორჟანგისა და მეთანის სახით ზრდის დედამიწის ტემპერატურას. სმოგი, რომელიც წრმოიქმნება დაბინძურებული ჰაერის გამო, უარესდება გაზრდილი სიცხის დროს, როდესაც ამინდი უფრო თბილია და მეტი ულტრაიისფერი გამოსხივებაა. კლიმატის ცვლილება ასევე ზრდის ჰაერის ალერგენული დამაბინძურებლების გამომუშავებას. 

სმოგი (ზოგჯერ მოიხსენიება როგორც მიწის დონის ოზონი) წარმოიქმნება, როდესაც წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამონაბოლქვი მზის შუქზე რეაგირებს. არსებობს კიდევ ჭვარტლი. ის შედგება ქიმიკატების, ნიადაგის, კვამლის, მტვრის ან ალერგენების პაწაწინა ნაწილაკებისგან – გაზის ან მყარი ნივთიერებების სახით, რომლებიც ჰაერშია გადატანილი. სმოგისა და ჭვარტლის წყაროები მსგავსია. ორივე მოდის მსუბუქი და სატვირთო მანქანებიდან, ქარხნებიდან, ელექტროსადგურებიდან, ძრავებიდან, ზოგადად ყველაფრიდან, რაც წვავს წიაღისეულ საწვავს, როგორიცაა ქვანახშირი ან ბუნებრივი აირი.

ჰაერის „მონსტრები”

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, არსებობს ჰაერის უფრო საშიში დამაბინძურებლებიც, რომლებიც კანონით რეგულირდება. დამაბინძურებლების მთელი რიგი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს წარმოადგენს და ზოგჯერ შეიძლება ფატალურიც იყოს. ყველაზე გავრცელებულია: ვერცხლისწყალი, ტყვია, დიოქსინები და ბენზოლი.

ბენზოლი კლასიფიცირებულია როგორც კანცეროგენი. მან შეიძლება გამოიწვიოს თვალის, კანისა და ფილტვების გაღიზიანება მოკლევადიან პერიოდში და სისხლის დარღვევები გრძელვადიან პერსპექტივაში. დიოქსინები, ჩვეულებრივ, გვხვდება საკვებში, მაგრამ ასევე გვხვდება ჰაერში მცირე რაოდენობით. მან შეიძლება გავლენა იქონიოს ღვიძლზე მოკლევადიან პერიოდში და ზიანი მიაყენოს იმუნურ, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს, ასევე რეპროდუქციულ ფუნქციებს. დიდი რაოდენობით ტყვიამ შეიძლება დააზიანოს ბავშვების ტვინი, თირკმელები და მინიმალურმა ზემოქმედებამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვების IQ-სა და სწავლის უნარზე.

ტოქსიკური ნაერთების კიდევ ერთი კატეგორია, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები (PAHs), არის საგზაო გამონაბოლქვისა და ტყის ხანძრის კვამლის ქვეპროდუქტები. ისინი დაკავშირებულია თვალისა და ფილტვების გაღიზიანებასთან, სისხლისა და ღვიძლის პრობლემებთან და კიბოსთანაც კი. ერთ კვლევაში, ორსულობის დროს PAH-ის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დედების შვილებმა აჩვენეს ტვინის დამუშავების უფრო ნელი სიჩქარე და ADHD-ის უფრო გამოხატული სიმპტომები.

ჰაერის დაბინძურება და ჩვენი ჯანმრთელობა

ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება ზიანი მოგვაყენოს, როდესაც ის ჰაერში საკმარისად მაღალი კონცენტრაციით გროვდება. მილიონობით ჩვენგანი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც ურბანული სმოგი, ნაწილაკების დაბინძურება და ტოქსიკური დამაბინძურებლები ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებებია:

  • თვალების, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება;
  • ხიხინი, ხველა, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის გაძნელება;
  • ფილტვებისა და გულის პრობლემების გაუარესება, ასთმის წარმოქმნა;
  • გულის შეტევის გაზრდილი რისკი

გარდა ამისა, ჰაერის დაბინძურების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კიბო და ზიანი მიაყენოს იმუნურ, ნევროლოგიურ, რეპროდუქციულ და რესპირატორულ სისტემებს. ექსტრემალურ შემთხვევებში ის სიკვდილსაც კი იწვევს.

როგორ დაიცვას თავი კაცობრიობამ?

საკმაოდ დიდი და კომპლექსური საკითხია. ჰაერის დაბინძურების კონტროლის საუკეთესო, ყველაზე ეფექტური გზა არის ჩვენი გადასვლის დაჩქარება უფრო სუფთა საწვავზე და სამრეწველო პროცესებზე. განახლებადი ენერგიის წყაროებზე (როგორიცაა ქარი და მზის ენერგია) გადასვლით, ჩვენს მანქანებში საწვავის ეფექტურობის მაქსიმალური გაზრდით და ბენზინზე მომუშავე მანქანებისა და სატვირთო მანქანების უფრო და უფრო მეტი ელექტრო ვერსიებით ჩანაცვლებით, ჩვენ შევზღუდავთ ჰაერის დაბინძურებას. 

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობას ხშირად მოუწოდებენ, რომ როცა აქვთ საშუალება, იარონ ფეხით, არ გამოიყენონ ტრანსპორტი. ასევე ურჩევენ ველოსიპედის ტარებას. ისინი აგრეთვე გვეუბნებიან, რომ თუ მივეძალებით ადგილობრივ პროდუქტებს, მაშინ შევამცირებთ წიაღისეული საწვავის რაოდენობას, მის ტრანსპორტირებას; ნარჩენების გადამუშავება ასევე ერთ-ერთი მეთოდია ჰაერის დაბინძურებისგან თავის დასაცავად. 

ამასთან, მეცნიერები გვირჩევენ, რომ გავისეირნოთ დილის საათებში გარეთ, რადგან ოზონის დონე ამ დროს უფრო დაბალია. თუ ქუჩაში დიდ დროს ატარებთ, შეძლებისდაგვარად შორს იყავით გადატვირთული მოძრაობის მქონე გზებიდან. სახლში მოსვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი და გარეცხეთ ტანსაცმელი წვრილი ნაწილაკების მოსაშორებლად.

კიდევ ერთი ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ისეთ ადგილებში, სადაც დაბინძურების დონე მაღალია, ვატაროთ პირბადე. ასევე რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება. როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება შემოდის დასუსტებული ოზონის შრეში, შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და კიბო.

ჰაერის დაბინძურება ყველა ჩვენგანის პრობლემაა. თუმცა, ადამიანების ზოგიერთი ჯგუფი განსაკუთრებით მგრძნობიარეა საერთო დამაბინძურებლების მიმართ, როგორიცაა ნაწილაკები და ოზონი.

მგრძნობიარე პოპულაციები მოიცავს ბავშვებს, ხანდაზმულებს, ადამიანებს, რომლებიც უმეტესად გარეთ არიან და გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პაციენტებს, ასევე ასთმიანებს. 

ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევის, განვითარების, ადმინისტრაციული პოლიტიკის, მონიტორინგისა და პოლიტიკის კუთხით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაბინძურების ეფექტური კონტროლისთვის. ჰაერის დაბინძურების შესახებ კანონმდებლობა უნდა გასწორდეს და განახლდეს, ხოლო მთავრობებმა უნდა შესთავაზონ გარემოს ჯანმრთელობის დაცვის მძლავრი ინსტრუმენტები. მთელი მსოფლიო უნდა იყოს ერთ მუშთად შეკრული, როცა საქმე ბუნების დაცვას ეხება, რადგან თითოეული ჩვენი არასწორი ქმედება ჩვენივე ჯანმრთელობას აზიანებს. 

რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

შენი სახლი არის ადგილი, რომელიც მუდამ გელოდება

ჩვილები მეტყველების გარჩევას დაბადებიდან რამდენიმე საათში სწავლობენ