in

Როგორ შეიძლება ჰაერის დაბინძურების კონტროლი

ჰაერში დამაბინძურებლების შემცირება რომ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ამაზე უკვე მოყოლილი გვაქვს. თუმცა როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ პრობლემისგან და სად იწყება ჩვენი, თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა, ამაზე დღეს უფრო ვრცლად ჩავშლით.

ჰაერი ითვლება დაბინძურებულად, როდესაც მასში, მაღალი კონცენტრაციით და ხანგრძლივობით, გარკვეული ნივთიერებები ხვდება, რომლებსაც შეუძლია მავნე ზემოქმედების მიყენება და არასასურველი შედეგების მიღწევა. ის მოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ ატმოსფერულ ხილვადობაზე, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა დაბინძურების მიმართ როგორც ბუნებრივი წყაროებიდან, ასევე ადამიანის საქმიანობისგან. ბუნებრივი წყაროების გაკონტროლება უფრო რთულია, რადგან ის ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება, მაგრამ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დაბინძურება, როგორიცაა მრეწველობა და ტრანსპორტი, შერბილებასა და კონტროლს ექვემდებარება. 

როგორია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

როგორც საზოგადოების წევრმა, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ჰაერის დამაბინძურებლები ფეხით, ველოსიპედით ან, თუნდაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის არჩევით. საწვავის მოხმარების შემცირება და ნაკლები გამონაბოლქვი მინიმუმამდე დაიყვანს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს. ამასთან, ბონუსად შეგიძლიათ ისიც ჩათვალოთ, რომ მანქანაც კარგ მდგომარეობაში გეყოლებათ და მას მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების დროს მოიხმართ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები, რომლებსაც აქვთ დაბალი ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მოთხოვნები, ან რომელთა გადამუშავება შესაძლებელია.

კარგ ურბანულ დიზაინსა და დაგეგმვას ასევე შეუძლია შეამციროს დაბინძურება საზოგადოებისთვის უფრო სუფთა, „მწვანე” არჩევანის მიწოდებით. ეს შეიძლება მოიცავდეს საფეხმავლო და ველობილიკების გაზრდას, ურბანული „კერების“ არსებობას, სადაც ადამიანები მუშაობენ, თამაშობენ და ახლომდებარე ტერიტორიაზე აქვთ ის პუნქტები, სადაც ყოველდღიურად სიარული უწევთ, რაც შორს გადაადგილების საჭიროებას და, შესაბამისად, ავტომობილით მოძრაობას შეამცირებს.

მრეწველობის როლი

მრეწველობას შეუძლია გამოიყენოს დაბინძურების კონტროლის მოწყობილობები დამაბინძურებლების მოსაშორებლად მათი შთანთქმის, ფილტრაციის, განზავების ან დაშლის გზით. სამთავრობო ლიცენზირება და რეგულირება ეფექტური გზაა სხვადასხვა ინდუსტრიით განპირობებული ემისიების შესამცირებლად.

არსებობს მოწყობილობები, რომლებიც ამაზე მუშაობს და ერთ-ერთი ასეთია ციკლონი. ის მაღალსიჩქარიანი სპირალური ჰაერის ნაკადის შექმნის პრინციპზეა აგებული, რომელიც ნაწილაკებს აშორებს. ჰაერის ნაკადის სიჩქარე და ციკლონის სიგანე გავლენას ახდენს ნაწილაკების მოცილებაზე – რაც უფრო მცირეა დიამეტრი, მით უფრო ეფექტურია ნაწილაკების მოცილება.

კიდევ ერთი ასეთი მოწყობილობაა ფილტრაციის ტომრები. ეს ქსოვილის ჩანთები წვრილ ნაწილაკებზე მუშაობს და ჩანთის შიდა ან გარე ზედაპირზე აგროვებს ზედმეტ ნაწილაკებს, როგორც მტვერს. მას ორი ფილტრი აქვს, რომლიდანაც ერთი მუშაობს და მეორე იწმინდება. 

მწვანე გარემოს შექმნა

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ნებისმიერმა სახელმწიფომ და რიგითმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს გარემოსთვის და ჰაერის სისუფთავისთვის, ესაა მეტი ხის დარგვა და ტყის გაშენება. ჟანგბადისა და სუფთა ჰაერის ყველაზე დიდი წყარო სწორედ მცენარეებშია და მათი დაფასება, იმ მნიშვნელობის გააზრება, რაც მათ აქვთ პლანეტის კეთილდღეობისთვის, არასდროს უნდა იქნეს უგულებელყოფილი. ის ხელს უწყობს სათანადო ბალანსის შენარჩუნებას გარემოში, ზრდის წყლის რესურსებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ეხმარება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ხელს უშლის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემებს.

რუბრიკას გარემოს დაცვის შესახებ წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

აი, როგორ გამოიყურება ხმა ხელოვნური ინტელექტის მიხედვით

KIA-ს დამაბნეველი ლოგო მზარდი ტენდენციის ნაწილია