16
ივნ
2017

როგორ შეიქმნა სტუდია Halfpace და როგორ ანიმაციას ქმნიან ისინი

16 ივნ 2017

სტუდია Halfpace კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის  მიმართულებით მუშაობს  კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლაფაჩი ამბობს, რომ კომპიუტერული გრაფიკა მეკობრული ჩანაწერების საშუალებით ისწავლა. შემდეგ, უკეთ რეალიზების მიზნით, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. „სტუდენტობიდან” რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. მისი თქმით, წლების მანძილზე ფიქრობდა, საკუთარი საქმე წამოეწყო, მაგრამ შესაბამისი გამოცდილების დაგროვებას  და შესაფერის დროს ელოდა. საბოლოოდ, სტუდია Halfpace 2017 წლის დასაწყისში შეიქმნა.

mBank

 

 

ლევან ლაფაჩი: ერთ დღესაც მივხვდი,  რომ ეს დრო დადგა და უკვე შემეძლო, ისეთი რამ შემექმნა, რაც ახალს სიტყვას იტყოდა კომპიუტერული გრაფიკის მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასე “დაიბადა” Halfpace. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით: კომპიუტერული გრაფიკა სარეკლამო რგოლებისთვის, ანიმაცია სრულ  და მოკლემეტრაჟიანი  ანიმაციური ფილმებისთვის, VFX კინოსა და რეკლამისთვის.

Halfpace  არის . . .

ბევრი განმარტება აქვს. თითოეულ მათგანში მნიშვნელოვანია, რომ ის აღნიშნავს პლატფორმას, რომელსაც 2 გზა ან კიბე შეიძლება შეუერთდეს, ერთი ზევით მიმავალი, მეორე – ქვევით. სწორედ ეს გვახსენებს ყოველთვის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების თუ ახალი პროექტის აღების დროს, გვაქვს არჩევანი, ავიდეთ კიბეზე ზევით, დავრჩეთ ადგილზე, თუ დავეშვათ ქვევით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის აღმასვლას ვირჩევთ.

Halfpace-ის გუნდი . . .

“ჩვენი გუნდი ძალიან მოქნილი და მუდმივად ცვალებადია. ვთანამშრომლობთ პროფესიონალ არტისტებთან და ვცდილობთ, ყოველ ახალ პროექტს შესაბამისი კადრები მოვარგოთ.  სტუდია ორიენტირებულია ხარისხზე.  გვინდა, საქართველოში ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია მაღალი ხარისხის CGI-ის (კომპიუტერული გრაფიკა) კეთება. გვინდა კლიენტებს ვუთხრათ, რომ იყვნენ თამამები და გაბედულები კომპიუტერულ გრაფიკასთან მიმართებაში.

Halfpace

Halfpace, იმიტომ, რომ  . . . 

გვყავს პროფესიონალი არტისტების გუნდი. გვჯერა, რომ ერთად  ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.  თითოეული პროექტი უმნიშვნელოვანესია. თუ ვერთვებით, ბოლომდე ვიხარჯებით და ვცდილობთ, კლიენტს ის მაქსიმუმი შევთავაზოთ,  რისი მოლოდინიც ჰქონდა. გარდა ამისა, პროექტის დასრულების დრო მკაცრად გვაქვს განსაზღვრული,   ურთიერთობა ორივე მხარისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

დასაწყისი . . .

ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი. თუ არ ვხატავდი, ხისგან ვაკეთებდი მანქანებს, მულტფილმების პერსონაჟებს და ა.შ. გარდამტეხი როლი ითამაშა, 2001 წლის ანიმაციურმა ფილმმა Final Fantasy: The Spirits Within. ამ ფილმის ნახვის შემდეგ  უკვე ზუსტად ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში. მას მერე იყო Pixar – ის, Dreamworks – ის, და Bluesky – ის ანიმაციური ფილმების გაცნობა… დღემდე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ანიმაციური პერსონაჟი არის Buzz Light Year – Toy Story – დან.  პირველი შეხება კომპიუტერულ გრაფიკასთან  13 წლის ასაკში მქონდა. ძალიან მინდოდა, შემექმნა მულტფილმები. „მშრალ ხიდს“ მივაშურე იმ იმედით, რომ მეკობრული პროგრამების “დისკს” მომცემდნენ, რითიც შევძლებდი ჩემი სურვილის ასრულებას. მახსოვს, როგორ მომცა გამყიდველმა თაროდან ერთ-ერთი 3D რედაქტორის მეკობრული „დისკი” და მითხრა, რომ  შევძლებდი ანიმაციური ფილმებისა და თამაშების შექმნას. შემდეგ ვიჯექი კომპიუტერთან და ვცდილობდი HELP მენიუდან პროგრამის შესწავლას, რადგან მაშინ ინტერნეტიც კი DIAL-UP იყო, არ არსებობდა ისეთი გაკვეთილების ბაზა. შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტზე, ვიფიქრე იქ განვითარების საშუალება მომეცემოდა.

გამოცდილება . . .

მუშაობა აკადემიაში ჩაბარებისთანავე დავიწყე. ეს იყო სტუდია SARKE. მაშინ 17 წლის ვიყავი, 4 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით და ნამუშევრებით სრულიად მარტო მივედი და დავიწყე მუშაობა გრაფიკოსად. აქვე მქონდა ბედნიერება სტუდია SARKE-ს დაფინანსებით გამევლო პერსონაჟის ანიმაციის პროფესიონალური „ონლაინ” კურსები სკოლაში Animation Mentor, სადაც ჩემი მენტორები იყვნენ ისეთი სტუდიის ანიმატორები, როგორებიცაა  Pixar, Dreamworks, ILM, Digital Domain, Blue Sky და ა.შ.

ლევან ლაფაჩი

ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრ საკითხს სხვანაირად შევხედე ანიმაციისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში. 2008 წელს აგვისტოს მოვლენებიდან  რამდენიმე თვეში, სტუდია SARKE-მ არსებობა შეწყვიტა და  სამსახურის გარეშე დავრჩით. მე და ჩემს ორ  თანამშრომელს გვინდოდა სტუდიის გაკეთება. რამდენიმე ძალიან ნიჭიერ ადამიანთან ერთად, მივედი სტუდია METRO-ში და დავაარსეთ გრაფიკული სტუდია METROGRAPH. სახლიდან წაღებული კომპიუტერებით დავიწყეთ. რამდენიმე თვეში უკვე ყველა იცნობდა ჩვენს ნამუშევრებს. სამწუხაროდ, 2013 წელს მომიწია METRO-დან წამოსვლა. შემდეგ იყო ტელეკომპანია GDS,  სადაც 4 წლის განმავლობაში, ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ქართულ თუ უცხოურ პროექტზე ვიმუშავეთ. მივიღე დიდი გამოცდილება და გავიცანი ძალიან საინტერესო ქართველი თუ უცხოელი არტისტები. აქვე მქონდა ბედნიერება, მემუშავა ერთ-ერთ პროექტზე Woodkid-ის კლიპის Iron ერთად, სადაც კიდევ უფრო სხვა დონის ცოდნა მივიღე.

ანიმაცია დღეს . . . 

ქართულ ანიმაციაში ძვრები შეინიშნება. ამის მაგალითია უკვე დასრულებული პროექტები, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალებზე ცდილობენ ჯილდოების მოპოვებას, მათ შორის ერთ-ერთის მონაწილე მეც ვარ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სტუდია Halfpace მუშაობს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ანიმაციურ პროექტზე, სახელწოდებით “გოგონა და ოქროს თევზი”, რომელიც გურამ პეტრიაშვილის ამავე სახელწოდების ზღაპარზეა დაფუძნებული. ამ ეტაპზე, ანიმაციაზე ვმუშაობთ საკუთარი რესურსით, თავისუფალ დროს, მაგრამ ვეძებთ დაფინანსებას, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ პროექტი იმ ხარისხით, რასაც ვაკეთებთ და წარვადგინოთ ანიმაციურ ფესტივალებზე მსოფლიოს მასშტაბით. ეს იქნება ახალი სიტყვა ქართულ ანიმაციაში.

გამორჩეული ანიმაცია და გრაფიკული ნამუშევრები . . . 

მე, ზოგადად, Pixar-ის ნამუშევრების „მოტრფიალე” ვარ და თითქმის თანაბრად მიყვარს მათი ყველა ნამუშევარი. შემიძლია მაინც განსაკუთრებით გამოვყო The Incredibles, რომლის მეორე ნაწილსაც სულმოუთქმელად ველი და დარწმუნებული ვარ Pixar-ი კიდევ ახალ სიტყვას იტყვის Storytelling-ში ამ ნამუშევრით.

განხილვა