ჰელოუინი შესანიშნავი შესაძლებლობაა კომპანიებისთვის, რომ თემატური კამპანიები დაგეგმონ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველა დროის სხვადასხვა ცნობილი ბრენდების ყველაზე „საშიშ” და, ამავდროულად, სახალისო აქტივობებს, რომლებმაც მარკეტინგული კვალი დატოვა.
Heinz – „პომიდვრის სისხლი”
სისხლის იმიტაცია ჰელოუინის ერთ-ერთი განუყრელი ატრიბუტია. ხშირად ამისთვის საღებავს იყენებენ, თუმცა სოუსების ცნობილმა მწარმოებელმა, Heinz-მა, ალტერნატივად კეტჩუპი შემოგვთავაზა. მისი ეს კამპანია პირველად 2022 წელს გამოჩნდა და შემდგომაც მეორდებოდა სხვადასხვა ფორმით. ბრენდმა სპეციალურად ჰელოუინისთვის შეზღუდული გამოცემა გამოუშვა და სოციალური ქსელებისა და სარეკლამო რგოლების მეშვეობით, კამპანია ძალიან სახალისოდ აქცია.
Universal Studios – ჰელოუინის საშინელებათა ღამეები
უნდა ვახსენოთ Universal Studios-ის ჰელოუინის საშინელებათა ღამეებიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღონისძიებაა. ის პირველად 1991 წელს დაიწყო ჰოლივუდში და ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა, რომელიც გაფართოვდა და მოიცვა გასართობი პარკები და სხვადასხვა ობიექტი. ღონისძიების ფარგლებში ეწყობა „მოჩვენებების სახლები”, საშიში ზონები და ცოცხალი გმირების გართობა, რომლებიც იზიდავს საშინელებათა მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.
ერთ-ერთი ბოლო და დასამახსოვრებელი ვიდეორგოლი ამ კამპანიის ფარგლებში 2022 წელს გამოვიდა.
Disney Channel – Calling all the Monsters
ჰელოუინის ეს კამპანია დაიწყო 2011 წელს. მისი განუყოფელი ნაწილი იყო სიმღერა, რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული ჰელოუინის მოყვარულებში.
ეს კამპანია ყოველწლიური Monstober-ის ნაწილია და ჰელოუინის აღნიშვნას ისახავს მიზნად, სხვადასხვა თემატური პროგრამითა და სპეციალური ეპიზოდებით. გარდა აქტივობებისა, ის არჩევს ყოველ წელს საყურებელ ფილმებსაც.
KFC – La Masacre/The Massacre
ჰელოუინს უერთდება KFC-ც, რომელიც მოიცავს რეტრო საშინელებათა თემას, შთაგონებულს 80-იანი წლების საკულტო ფილმებით, როგორიცაა Evil Dead. ეს კამპანია, ერთი მხრივ, ჟანრის კლასიკურ, ნოსტალგიურ ესთეტიკას ქმნის, მეორე მხრივ კი, KFC-ის პიცის შეთავაზებას ბნელი, იუმორისტული ფორმით აკეთებს.
კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ელემენტია მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც 80-იანი წლების საშინელებათა ჟანრის ფილმების მიხედვითაა გადაღებული.
Booking.com – Haunted Hotels
Booking.com-ის ეს რეკლამა მოგზაურებისთვის ნამდვილად არ იყო სასიამოვნო. „დარჩი, თუ გაბედავ” – ეს ამ ვიდეოს მთავარი გზავნილია და გვიჩვენებს სასტუმროებს, რომლებიც საშიში სიურპრიზებითაა სავსე. ტურისტულ ინდუსტრიაში ეს ყველაზე თამამი და დასამახსოვრებელი კამპანია იყო, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში გამოვიდა. მისი მიზანი ტურისტული ადგილების პოპულარიზაცია და ადრენალინის მოყვარულების დაინტერესება იყო.
Skoda – A Different Halloween
ვიდეო, რომელიც ავტომობილების ბრენდმა ამ კამპანიის ფარგლებში მოამზადა, ნოსტალგიური სცენით იწყება, რომელშიც პატარა ბიჭი გულდასმით კვეთს გოგრას. მიუხედავად იმისა, რომ Škoda არ არის ტიპური საჰელოუინე ბრენდი, ეს კამპანია ჭკვიანურად ასახავს ნოსტალგიისა და კრეატიულობის არსს, რაც ამტკიცებს, რომ ჰელოუინის მარკეტინგული გათვლა შეიძლება იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საშიში – ის შეიძლება იყოს გულისამაჩუყებელი და შთამაგონებელი.
Burger King – The Call
Burger King’s-ის ეს რეკლამა საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ავითარებს, თუმცა ის მალე იცვლება ბრენდისთვის დამახასიათებელი იუმორისტული ხასიათით, რაც მას ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კამპანიად აქცევს.
ის 2023 წელს გამოვიდა და შთაგონებულია კლასიკური ფილმებით, როგორიცაა Scream და The Ring. ვიდეოს მთავარი გმირია ქალი, რომელსაც სატელეფონო ზარში ეუბნებიან: „დაბრუნდა, ის მოდის შენთან”. სინამდვილეში კი, ეს საშიში გზავნილი Burger King-ის სეზონური Ghost Pepper Whopper-ისა და Ghost Pepper Chicken Fries-ის დაბრუნებას გვამცნობს.
ეს დაუვიწყარი სარეკლამო კამპანიები ადასტურებს, რომ კრეატიულობის, იუმორისა და ცოტა საშიში განწყობის შემოტანით, ბრენდებს შეუძლიათ დატოვონ ხანგრძლივი შთაბეჭდილება ჰელოუინის სეზონზე. სადღესასწაულო სულისკვეთება გთავაზობთ შანსს, რათა დაუკავშირდეთ თქვენს აუდიტორიას ახალი და საინტერესო გზებით.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი