in ,

რამდენად უსაფრთხოა ხელის აეროსაშრობის გამოყენება, კორონავირუსის გავრცელების საშიშროებისას

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საშიშროების კვალდაკვალ, მთავარ რეკომენდაციად იქცა ხელების ხშირი, შესაბამისი ხანგრძლივობითა (მინიმუმ, 20 წამი) და საპნით დაბანა. უდავოა, რომ ეს არის გზა ვირუსული ინფექციის თავიდან ასარიდებლად, თუმცა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ვიშრობთ ინსტრუქციისამებრ დაბანილ ხელებს. წყლით დატენიანებული კანი ერთგვარი „სტუმართმოყვარე“ გარემოა მიკროორგანიზმებისთვის, შესაბამისად, სწორი გამშრალება აუცილებელია და აქ კიდევ ერთი დეტალი იძენს მნიშვნელობას – რითი ვიმშრალებთ ხელებს.

შესაძლოა, ბევრისგან გსმენიათ, ან თვითონაც გაგჩენიათ ლოგიკური ეჭვი ხელის აეროსაშრობის ჰიგიენურობასთან დაკავშირებით. ხელის საშრობი მოწყობილობები, რომლებიც მიზნის მისაღწევად ჰაერის ცირკულირების ეფექტს იყენებენ, მწარმოებლების მხრიდან, ხშირად განიხილება, როგორც ხელების გამშრალების უსაფრთხო გზა. მეორე მხრივ, არსებობს ეჭვები, რომ ეს მოწყობილობები, რომელიც რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, სამუშაო სივრცეებისა თუ სამედიცინო დაწესებულებების საპირფარეშოების უმრავლესობაში გვხვდება, ერთგვარი „შადრევნებია“ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების კუთხით. ამიტომაც, ვეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ის კვლევები, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

ხელის საშრობებში გამოყენებულია ფილტრები, რომლებიც მოწყობილობას ჰაერის ცირკულირებასთან ერთად, მისი გაფილტვრის საშუალებასაც აძლევს. მაგალითად, კომპანია Dyson-ის ხელის საშრობი Airblade იყენებს HEPA-ს ფილტრს, რომელიც .3 მიკრონის დიამეტრის ნაწილაკების შეკავებას ახერხებს. ეს იგივე ეფექტს იძლევა, რასაც ქირურგიული ნიღაბი (N95). უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი ეპიდემიის პირობებში, მათ შორის კი, Covid-19-ის შემთხვევაშიც, ქირურგიული, ან სხვა ტიპის ნიღაბის ტარება, საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, არაეფექტურია. მიუხედავად ამისა, ფილტრისა და ქირურგიული ნიღბის შედარებას თუ გავაგრძელებთ, განსხვავება ისაა, რომ ქირურგიული ნიღაბი ეფექტურობას 24 საათის განმავლობაში ინარჩუნებს, ამის შემდეგ, მისი გამოცვლაა საჭირო. არ ვიცით, რა ხდება Airblade-ის ფილტრის შემთხვევაში. რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდებული მისი შეცვლა, იყენებენ, თუ არა Dyson-ის ხელის საშრობებს საქართველოში, ან ცვლიან, თუ არა ფილტრებს ინსტრუქციისამებრ. თუმცა, კვლევების ნაწილის მიხედვით, ფილტრის ხარისხი არ არის გადამწყვეტი იმაში, თუ რამდენად ჯანსაღი ჰაერი ცირკულირებს ჩვენ წინ, ხელების გაშრობის პროცესში. თუ კომპანიის ვებგვერდს დავეყრდნობით, ჰაერის ნაკადის სიჩქარე, Airblade-ის შემთხვევაში, 420 მეტრი საათშია. გაშრობის პრინციპის მიხედვით კი, წვეთები ხელებიდან ორთქლდება და სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება. 1989 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ძველი სტილის ხელის საშრობები, რომლებიც ახლების მსგავსად, ჰაერის ნაკადის ეფექტს იყენებდნენ, ერთი მეტრის რადიუსზე ფანტავდნენ ბაქტერიებს. ანუ, ავრცელებდნენ მათ მომხმარებლების ტანსაცმელზე, სახეზე და ა.შ…

2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქმე უფრო რთულადაა, კვლევის შედეგები კი უფრო კატეგორიული – ამ გზით „პოტენციური პათოგენები და სპორები“ შესაძლოა „გავრცელდეს კონკრეტულ შენობებში და მათ გარეთ“. ამ დასკვნის მიღებამდე, მკვლევარებმა გამოცადეს საშრობები ფილტრით და ფილტრის გარეშე. მათივე თქმით, ფილტრი ამცირებს შანსს, ხელების გაშრობისას ბაქტერია მოხვდეს თქვენს კანზე, თუმცა, არ გამორიცხავს ამას.

2015 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში კი საუბარია ხელის აეროსაშრობებზე, მათ შორის, ზემოხსენებული Dyson-ის პროდუქციაზეც. აქ ნათქვამია, რომ ასეთ მოწყობილობებს შეუძლიათ ვირუსების აეროზოლიზაცია, ანუ ჰაერში მოფანტვა. ხოლო ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცები, ამ კვლევაში, გაცილებით უსაფრთხო საშუალებადაა განხილული.

2012 წელს, Mayo Clinic Proceedings-ში გამოქვეყნებული კვლევა, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული 12 ნაშრომის ერთგვარი მეტაანალიზია. აქ ნათქვამია, რომ ჰიგიენური თვალსაზრისით, ქაღალდის ხელსახოცები უფრო უსაფრთხო გზაა, ვიდრე აეროსაშრობები.

ზემომოყვანილ კვლევებზე პასუხი აქვს აეროსაშრობების ინდუსტრიას. მათი თქმით, მეცნიერები, რომლებიც ამ მიმართულებას იკვლევენ, მიკერძოებულები არიან, რადგან ქაღალდის ხელსაწმენდების ინდუსტრიას უჭერენ მხარს. Dyson-ის მიერ, გასულ წელს გამოქვეყნებულ საპასუხო კვლევაში ვკითხულობთ, რომ ერთჯერადი, ქაღალდის ხელსაწმენდით ხელების გაშრობით უფრო მეტი ბაქტერია ვრცელდება, ვიდრე მათ მიერ წარმოებული აეროსაშრობით – Airblade. ამ კვლევის კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ექსპერიმენტის ფარგლებში, დაკვირვება მოხდა მხოლოდ ხელებზე და არა მონაწილეების ტანსაცმელზე, სადაც ცირკულირებულ ჰაერს ბაქტერიების გადატანა შეეძლო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევა მხოლოდ Dyson-ის პროდუქციაზე ჩატარდა და ესეც რომ არა, Dyson საკუთარ ვიდეორგოლებში ვირუსების გავრცელების მხრივ საშიშ ხელის შრობის საშუალებებად მოიხსენიებს არამხოლოდ ქაღალდის ხელსახოცებს, არამედ სხვა აეროსაშრობებსაც, რომლებიც კომპანიის მიერ არაა წარმოებული… 

https://www.youtube.com/watch?v=luE5v6l95Qc

კორონავირუსის თემას რომ დავუბრუნდეთ, ჯერჯერობით, აეროსაშრობებისა და კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს შორის კორელაცია, სამეცნიერო ნაშრომების დონეზე, დადგენილი არ არის. თუმცა, შეგვიძლია, თუ არა ეს ზოგადი, კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა, რომელიც აეროსაშრობების მიმართულებით არსებობს, დღევანდელ მოცემულობაზე გადმოვიტანოთ და ვთქვათ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს აეროსაშრობების გამოყენება კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში? ეს კითხვა ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს – არჩილ მარშანიას დავუსვით. 

არჩილ მარშანია: „დაბანის შემდეგ ხელების გაშრობის სხვადასხვა მეთოდის ეფექტურობაზე დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს. სხვადასხვა კვლვის, თუ კვლევათა ანალიზების საფუძველზე, არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები. მხოლოდ ერთ, ან თუნდაც, რამდენიმე კვლევაზე დაფუძნებით ზოგადი რეკომენდაციები არ იცვლება. ნებისმიერ ცვლილებას წინ უსწრებს ჩატარებული კვლევების სრული ანალიზი, მეთოდოლოგიის შესწავლა, ინრეპრეტაციების გადამოწმება და ა.შ. ამის შემდეგ კი, რისკისა და სარგებლის შეფასება. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელის ელექტროსაშრობების, თუ ქაღალდის ხელსახოცების სხვადასხვა ტიპები არსებობს და იმასაც, რომ რეკომენდაცია შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა დაწესებულებაზე გვაქვს საუბარი (მაგალითად კლინიკას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს შესაძლებელია სხვადასხვა რეკომენდაცია ქონდეთ ხელის დაბანის, ან გაშრობის შესახებ), ზოგად შეკითხვაზე – რომელი ჯობს, ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს“.


არჩილ მარშანიას თქმით, აშშ-ს დაავადების კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე რომელიმე მეთოდის ამოღებაზე, ან ცხად უპირატესობაზე არ არის საუბარი და მსგავს რამეს არც ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე ვხვდებით. „მთავარია გვახსოვდეს, რომ ხელების სწორად დაბანა მასზე არსებული მიკროორგანიზმების აბსოლუტურ უმრავლესობას აშორებს, შესაბამისად, თუკი ხელს დავიბანთ სწორად და ხელებზე ბაქტერიები, თუ ვირუსები არ გვექნება, გავრცელებაც ნაკლებად მოხდება, რომელი მეთოდითაც არ უნდა გადავწყვიტოთ ხელების გამშრალება. რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს რომ ხელის სწორად დაბანასთან ერთად მისი გამშრალებაც ძალიან მნიშველოვანია, რომელი საშუალებითაც არ უნდა იყოს ეს შესაძლებელი, კონკრეტულ ადგილზე“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ხელების გამშრალების კონკრეტული მეთოდის უპირატესობაზე უფრო ზუსტ საუბარს, მომავალში, უფრო ამომწურავად შევძლებთ. 

საბოლოოდ კი, შეგვიძლია ვთვათ, რომ ამ ეტაპზე, ვერ ვხვდებით ამა თუ იმ საერთაშორისო დონის სამედიცინო ინსტიტუციის რეკომენდაციას, რომელიც აეროსაშრობების გამოყენებისგან თავის შეკავებას უკავშირდება. როგორც არჩილ მარშანია ამბობს, მსგავსი რეკომენდაციების შემუშავება ბევრი კვლევის ანალიზის საჭიროებასა და დიდ დროს უკავშირდება. ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების მქონე კვლევების პირობებში კი, ალბათ, თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, თუ რითი გავიშროთ ხელები ხალხმრავალ საპირფარეშოებში, ეპიდემიის გავრცელების საშიშროების დროს.

John Lewis-მა პირველი საგაზაფხულო კამპანია წამოიწყო

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, საქართველოში, დამსაქმებლები?