16
Oct
2019

რატომ, როდის და როგორ უნდა დავიბანოთ ხელები?

16 Oct 2019

15 ოქტომბერი ხელის დაბანის საერთაშორისო დღეა და მას 2008 წლიდან აღნიშნავენ. 2008 წლის 15 ოქტომბერს 70-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით 120-მა მილიონმა ბავშვმა ხელები საპნით დაიბანა. ამ დღის მიზნობრიობა კი მას შემდეგ ხელების საპნით დაბანის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამ ქმედების ტრადიციად დანერგვაა.

მას შემდეგ ყოველი წლის 15 ოქტომბერს მსოფლიო მასშტაბით ორგანიზაციები, კომპანიები, სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა დაწესებულებები მოწოდებით გამოდიან, რომ ხელები აუცილებლად უნდა დავიბანოთ, თანაც – საპნით. რეალურად კი, ეს მხოლოდ მოწოდება არაა, ეს არის რჩევა, რომელიც სრულიად სერიოზულად უნდა მივიღოთ. ხელები სხეულის ის ნაწილია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, რაიმე ტიპის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ხელების საპნით დაბანა კი იმიტომაა აუცილებელი, რომ ამგვარი ავადმყოფობები და სხვა ტიპის პრობლემები ავირიდოთ, თანაც – ეს ხომ სრულიად ხელმისაწვდომი პროცედურაა.

ხელების საპნით დაბანის სარგებელი

ხელების საპნით დაბანა ეფექტურია – მცირე რაოდენობის წყალი და საპონი თავიდან გვარიდებს მრავალ დაავადებას. მაგალითად, კვების და საჭირო ოთახში ყოფნის შემდეგ ხელების დაბანა ამცირებს პნევმონიისა და დიარეის განვითარების შესაძლებლობას. ხელების საპნით დაბანა ასევე ხელს უშლის სხვადასხვა ინფექციის გავრცელებას, მაგალითად, ებოლას. და გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს უსაფრთხოდ ამყოფებთ, ასევე უსაფრთხო ხართ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც შეიძლება, რომ ხელით შეეხოთ.

როდის უნდა დავიბანოთ ხელები?

  • საჭმლის მომზადებამდე, მომზადებისას და მომზადების შემდეგ
  • ჭამამდე
  • იმ ადამიანთან კომუნიკაციამდე და კომუნიკაციის შემდეგ, ვინც ავადაა
  • საჭირო ოთახიდან გამოსვლის შემდეგ
  • დამთქნარების, დაცემინებისა და ცხვირის მოწმენდის შემდეგ
  • ნებისმიერი ცხოველის მოფერების, ცხოველის საკვებთან შეხებისა და მათ ნარჩენებთან შეხების შემდეგ
  • ნარჩენებთან, ნაგვის ურნასთან შეხების შემდეგ
  • სახლში დაბრუნებისას

ეს სრული ჩამონათვალი არ არის, თუმცა, როგორც კი რაიმე ისეთს შეეხებით, რაც შეიძლება, რომ სუფთა არ იყოს, მაშინვე უნდა დაიბანოთ ხელები. არ აქვს მნიშვნელობა, სახლში ხართ, თუ გარედან შემოხვედით – ორივე სივრცეში თანაბრად საჭიროა ხელების დაბანა.

როგორ დავიბანოთ ხელები?

  1. დაისველეთ ხელები გამდინარე წყალზე
  2. აიღეთ საპონი, ან დაისხით თხევადი საპონი და 20 წამის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადეთ ხელების უკანა მხარე, თითებს შორის სივრცე და ფრჩხილებქვეშა ნაწილი გაისუფთავოთ
  3. კვლავაც გამდინარე წყალს შეუშვირეთ ხელები 10 წამის განმავლობაში და ხელების ისევ იმავე ადილებზე კონცენტრირდით, მოიშორეთ საპონი კარგად
  4. ხელსახოცით კარგად გაწმინდეთ ონკანზე არსებული წვეთები
  5. შემდეგ კი, თავად გაიმშრალეთ ხელები

თუკი კონკრეტულ სიტუაციებში საპონი არ გეგულებათ, მაშინ გამოიყენეთ ხელის სპეციალური სადეზინფექციო სითხე. მართალია, საპნისნაირად ჯანსაღი არ არის, თუმცა, კრიტიკულ სიტუაციებში საკმაოდ მოსახერხებელია. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რა დოზითაა ალკოჰოლი მასში. 60%-იანი ხსნარი უფრო ჯანსაღია, ვიდრე სხვა დაბალი პროცენტულობის სითხე.

მიაქციეთ ყურადღება ხელის დაბანის პერიოდულობას. ნუ გეგონებათ, რომ დაუბანელი ხელები გაციებულ ადამიანთან ახლოს ყოფნაზე ნაკლებსაშიშია. ხშირად ყველა დაავადება ამ ტიპის არაჰიგიენურობიდან მომდინარეობს. ხელის დაბანა არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენ გარშემომყოფებსაც დაიცავს.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

განხილვა