სტარტაპი „ჰენდიკრაფტი“ 2017 წლის ივნისში, ახალბედა დედამ – თამარ კობახიძემ დაიწყო, როდესაც საკუთარი შვილისთვის საძილე ტომრის შეკერვა გადაწყვიტა. ძილისას საბანს თითქმის ყველა პატარა იხდის, რაც მშობლებისთვის ღამის მოუსვენრობის მიზეზია. თამარის მიზანი ბავშვისთვის კომფორტის შექმნით მშობლის სიმშვიდის მიღწევა იყო და დღეს, სტარტაპი, სლოგანის – „გაიმარტივე დედობა“ ქვეშ, უკვე რამდენიმე სახეობის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. დღეისათვის, „ჰენდიკრაფტის“ ასორტიმენტის თვალიერებისას, საძილე ტომრების გარდა, ორთო ბალიშებს, საწოლის გამოსაკრავებს და დედისთვის საჭირო სხვა რბილ ნივთებს შეხვდებით. როგორც სტარტაპის ავტორი ამბობს, მისი განვითარება მშობლების მოთხოვნითაა ნაკარნახევი. როგორ განავითარა მომხმარებელმა ბრენდი და როგორია „ჰენდიკრაფტის“ გეგმები – ამ საკითხებზე მარკეტერს სტარტაპის ავტორი – თამარ კობახიძე ესაუბრა.
M: როგორი იყო „ჰენდიკრაფტის“ არსებობის საჭიროება?
ქართულ ბაზარზე არ იყო ბევრი კომპანია, ვინც სთავაზობდა ამგვარ პროდუქტს. რეალურად კი, ამის შესაძლებლობა ნამდვილად იყო, რადგან იმპორტული საქონელი ბევრად ძვირი ღირს. მასალა, რომელსაც პროდუქციის შესაქმლნელად ვიყენებთ არის სრულიად ნატურალური და ქართული. ჩვენს ბაზარზე საძილე ტომრების ანალოგი არ იყო, ყველაზე დიდი დაინტერესება და კარგი გაყიდვები სწორედ ამ პროდუქციიდან მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო თეთრეულიც გვქონდა. ვფიქრობ, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ქართულ ბაზარზე საბავშვო თეთრეულს ბევრი აწარმოებს, საბავშვო საძილე ტომრებს კი არავინ.
M: რამ განაპირობა ფუნქციონირების მოკლე დროში, ბრენდის ასორტიმენტის ზრდა?
როგორც იცით, პირველი პროდუქცია პირადი საჭიროებისთვის დავამზადე, რის შემდეგაც საცდელად დავდეთ გვერდზე და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამის შედეგად, გადავწყვიტეთ წარმოება. ვფიქრობ, ამგვარი საქმიანობის დასაწყებად კარგი დრო შევარჩიეთ, რადგან ზაფხულში დავიწყეთ და წინ შემოდგომა-ზამთრის სეზონი იყო და ძალიან კარგად გაიყიდა. დაინტერესება რეგიონებიდან უფრო იყო, რადგან იქ უფრო რთულია გათბობასთან დაკავშირებული საკითხები. მშობლები აქტიურად გვწერდნენ საკუთარი საჭიროებების შესახებ, გარდა ამისა, პირადად მაქვს დედობის გამოცდილება, რაც „ჰენდიკრაფტის“ ახალი, საჭირო პროდუქტების გაჩენას უწყობს ხელს. მომხმარებლის მოთხოვნით დაიხვეწა პროდუქტი. თავიდან გვქონდა უმკლავებო საძილე ტომრები, მერე, მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამზადეთ მკლავებითაც და ისეთიც, რომელსაც ეხსნება მკლავები. ფაქტობრივად, ერთი მოდელი იქცა სამ სხვადასხვა მოდელად.
M: როგორია „ჰენდიკრაფტის“ პროდუქციის შექმნის პროცესი?
პროდუქციის შექმნაზე ორი ადამიანი ვმუშაობთ, დიზაინს ჩვენ ვამზადებთ, გვაქვს ფერების ასორტიმენტი. არიან დედები, რომლებიც ჩართულები არიან დიზაინზე მუშაობის საკითხში, აქვთ პროდუქციაზე მულტფილმის გმირის გამოსახულების დატანის სურვილი, ან კონკრეტულ ფერებზე მოთხოვნა, რასაც ვამუშავებთ, თუმცა, არის მოდელები, რომლებსაც ჩვენ თვითონ, მშობლის ჩარევის გარეშე ვქმნით და უკვე მზას ვთავაზობთ მომხმარებელს.
M: პროდუქციის რეალიზებისთვის რა გზებს იყენებთ და როგორია „ჰენდიკრაფტის“ პროდუქციის ფასთან და მიწოდებასთან დაკავშირებული დეტალები?
რეალიზების გზად ფეისბუკს ვიყენებთ, გვინდა გაფართოება და სხვა გზების მოსინჯვაც, თუმცა, ჯერ ახალი პროდუქტების ჩაშვება გვსურს, რომ ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი იყოს. ბავშვის საძილე ტომრები, ზომის მიხედვით, 55-დან 65 ლარამდე ღირს, გამოსაკრავების ღირებულება 100-დან 140 ლარამდეა და საწოლის ზომებზეა ფასი დამოკიდებული. ხოლო გამოსაკრავების ფასი, ფიგურებითა და ანიმაციებით, იქნება 160-დან 190 ლარამდე. ჩვენს პროდუქციას რეგიონებში ფოსტით ვაგზავნით, რაც ღირებულებაში შედის და თბილისშიც, ადგილზე მიტანა უფასოა.
M: როგორია „ჰენდიკრაფტის“ გეგმები?
პირველ რიგში, ახლა ვხვეწთ თეთრეულის მიმართულებას, ვმუშაობთ საწოლის გამოსაკრავებზე, რომ ახალი დიზაინი შევთავაზოთ მშობლებს. როდესაც პროდუქტი იდება, ვაგროვებთ ინფორმაციას, რა ფასი შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი მშობლებისთვის, იმისათვის, რომ რეალური გაყიდვები გვქონდეს და თან განვსაზღვროთ, გვიღირს თუ არა ამ პროდუქტის წარმოება. უკვე დავამზადეთ ტრანსფორმერი საწოლი, რომელიც არის სრულიად ქართული პროდუქტი, არის წიფელის ხისგან და განსხვავებით მსგავსი მოდელებისგან, რომელიც არის ბაზარზე, მთლიანად ხისაა. ახლა ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ და პატარა წარმოება გავაკეთოთ, პლუს ამას, ქართულ ბაზარზე მსგავსი საწოლები წარმოდგენილია თეთრ და კრემისფერ ფერებში, ჩვენ ვცდილობთ, რაღაც დაძველების ეფექტით გავაკეთოთ, რაც დღეისათვის, ძალიან პოპულარულია.