10
May
2019

როგორ მოვიქცეთ კოლეგასთან კამათის შემდეგ?

10 May 2019

ბევრს გამოგვიცდია თანამშრომლებთან უსიამოვნო საუბარი, შემდეგ კი გვინანია. ამასთან, ამ კონფლიქტს რეაქცია სხვებშიც გამოუწვევია, რასაც ნეგატივის მორევში ჩავუთრევივართ, საიდანაც ძნელია ამოსვლა. კამათი უსასრულო გაუგებრობად შეიძლება გადაიქცეს, სადაც ორივე მხარეს თავი მართალი ჰგონია და მეორე მხარისგან მოელის პირველ ნაბიჯს. შესაძლოა, ჩავთვალოთ, რომ არ ვართ ვალდებული, თანამშრომელთან ურთიერთობა გამოვასწოროთ, თუმცა, ეს არავის არგებს – არც პირადად ჩვენ და არც საერთო საქმეს…

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაგალითად ორი კოლეგის კონფლიქტის ამბავი განვიხილოთ. ვიშალი და სონალი ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ. შეკრებაზე სონალმა ახალი იდეა წარადგინა, რომელიც იმ სფეროსთვის იყო მნიშვნელოვანი, რომელშიც ვიშალის გუნდი მუშაობდა. ვიშალმა სცადა ახსნა, რატომ იყო სონალის იდეა ცუდი. საპასუხოდ კი, სონალმა ხმას აუწია და უთხრა: “ვიშალ, შენს გუნდს რომ დროულად შეესრულებინა საქმე, ეს საუბარი საერთოდ არ გვექნებოდა!”

და დაიწყო დაუსრულებელი კამათი, მოსმენის ყოველგვარი მცდელობის გარეშე. შეხვედრის დასასრულს ხელმძღვანელებმა ისე დატოვეს ოთახი, ერთმანეთისთვის არც შეუხედავთ, თანამშრომლებმა კი თავი მოაჩვენეს, თითქოს, არც არაფერი უნახავთ. შემდეგ, ამ ამბის ქოუჩინგ სესიაზე განხილვისას, ვიშალმა ძალიან ინანა მისი საქციელი. სონალის იდეა მას თავიდანვე არ მოეწონა, თუმცა, საკუთარი რეაქცია მიუღებლად მიიჩნია. სცხვენოდა საკუთარი ქმედების და სიტუაციის გამოსწორება სურდა.

როგორ მოვიქცეთ კონფლიქტის ან კოლეგასთან უსიამოვნო კამათის შემდეგ? როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა? ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ…

გააცნობიერეთ საკუთარი შეცდომა. როგორც კი მიხვდებით, რომ საუბარი არასწორი მიმართულებით წავიდა, დანიშნეთ ერთი-ერთზე შეხვედრა იმ ადამიანთან, ვისაც ეკამათეთ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე, გააცნობიერეთ, კონკრეტულად, რა გააკეთეთ არასწორად: საუბარს ძალიან ხშირად აწყვეტინებდით, მომენტალურად აკრიტიკებდით, არ უსმენდით… უთხარით თანამოსაუბრეს, რომ გსურთ განიხილოთ მომხდარი უფრო დეტალურად, რომ სამომავლოდ არასწორი მოქმედებები აირიდოთ თავიდან. როდესაც თქვენს შეცდომებზე ისაუბრებთ, კოლეგა მიხვდება, რომ გსურთ გულწრფელი იყოთ, აღიაროთ საკუთარი სისუსტეები და მათ გამოსწორებაზე იმუშაოთ. არ დაგავიწყდეთ, დაუტოვოთ კოლეგას სივრცე იმისთვის, რომ თქვენს ნათქვამზე იფიქროს.

მოუბოდიშეთ და გამოხატეთ მადლიერება. ბევრ ჩვენგანს სჩვევია ძალიან სწრაფად მობოდიშება. თუმცა, ეს არაა საკმარის გაბზარული ურთიერთობის აღსადგენად. თუკი კოლეგა გაგებით ეკიდება თქვენს საქციელს, გისმენთ და თავადაც ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, გამოხატეთ მადლიერება. ვიშალმა სონალს უთხრა: “მაპატიე, რომ შეგაწყვეტინე და არ მოგეცი შენი იდეის გამოთქმის საშუალება. მადლობა შენი სურვილისთვის, შემოიტანო სიახლეები ჩვენს შეხვედრებზე”.

ყურადღება გაამახვილეთ საერთო მიზანზე და მიაღწიეთ შეთანხმებას. ბევრს ნუ ისაუბრებთ იმაზე, რა მოხდა არასწორად, არამედ ხაზი გაუსვით იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თქვენს საერთო მიზანს! მაგალითად, გამოთქვით, რომ ნამდვილად აფასებთ პარტნიორთან თანამშრომლობას, რადგან სწორედ ერთობლივი ძალისხმევით მოგაქვთ სარგებელი მომხმარებლებისთვის. უმაღლეს მიზანზე კონცენტრირებით, კოლეგები უფრო მარტივად გახვალთ სასურველ შედეგზე.

გამოიყენეთ გასაღებური ფრაზები. იმუშავეთ ერთობლივად, რომ სამომავლოდ, მარცხი თავიდან აირიდოთ. შესთავაზეთ, რომ სანამ კოლეგა თქვენი კომპეტენციის სფეროსთვის იდეას გაგიზიარებთ, ჯერ თქვენთან ისაუბროს. შეგიძლიათ, დაჰპირდეთ კიდეც, რომ შეატყობინებთ ყველა სიახლეს, რაც მას წინასწარი ინფორმაციის გაცნობასა და საკუთარი იდეის უკეთ დალაგებაში დაეხმარება.

თუკი საკუთარ თავს შეამჩნევთ, რომ შეხვედრისას უარყოფითად რეაგირებთ, სთხოვეთ კოლეგას გითხრათ ამის შესახებ. მაგალითად,  რაიმე გასაღებური ფრაზით: “დამეხმარე, მივიდეთ საერთო მოსაზრებამდე”.

შეიტანეთ დეპოზიტი ურთიერთობის ბანკში. სამწუხაროდ, ხმაურიანი საუბრის შემდეგ, შერიგება “სუფთა ფურცლიდან” ვერ იწყება ხოლმე. ურთიერთობის ბანკშიც ნდობის რესურსი გახარჯულია და იმ შემთხვევაშიც, თუკი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს ზედმიწევნით შეასრულებთ, ორივე მხარეს მაინც დაგრჩებათ წყენა გულში, რამაც დიდხანს იცის გაყოლა…

გამოსავალი ნდობის დაბრუნებაშია. სთხოვეთ ხოლმე დახმარება ან თავად დაეხმარეთ. დახმარების თხოვნით, თქვენს დაუცველობას აჩვენებთ და ამგვარად, აგრძნობინებთ, რომ მისი წვლილი ფასეულია. ხოლო, როცა იქით ეხმარებით, ნდობის პროცესს ორმხრივად ამყარებთ.

საუბრის შემდეგ, ვიშალმა და სონალმა სონალის იდეაზე მსჯელობას დაუთმეს დრო. მომდევნო საერთო შეხვედრაზე, სონალმა თავისი იდეა გაუმჯობესებული ფორმატით წარადგინა, რადგან ამას წინ უძღვოდა ვიშალის კონსტრუქციული შეფასება (და არა გაუფილტრაცი კრიტიკა!).

როდესაც წარუმატებელი საუბრის შემდეგ, თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, გამოიყენეთ ეს რჩევები ურთიერთობის გადასარჩენად. ყველას შეუძლია გაბრაზდეს და ისაუბროს უხეშად, მაგრამ ისინი, ვინც ცდილობენ, სიტუაციის გამოსწორებას, ახერხებენ კიდეც უფრო მყარი ურთიერთობის განვითარებას და კოლეგებისგან მეტ პატივისცემასაც იმსახურებენ.

 

წყარო: HBR



განხილვა