13
Jan
2020

სტრესთან გასამკლავებლად, პირველ რიგში, საკუთარი თავი გაიცანი

13 Jan 2020

სადაც არ უნდა მუშაობდე, სტრესის გარეშე საქმიანობა გარდაუვალია. საერთაშორისო ლაბორატორიული ორგანიზაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, თანამშრომლები განვითარებადი ქვეყნებიდან არიან თუ განვითარებულიდან, დაძაბულ სამუშაო გრაფიკში მაინც უწევთ ყოფნა. სტრესორები კი არის როგორც გლობალური გამოწვევები: კლიმატის ცვლილება, ტერორიზმი და პოლიტიკური შფოთი, ისე პერსონალური და პროფესიული გამოწვევები: ავადმყოფობა, სამსახურის ცვლილება, ორგანიზაციული რესტრუქტურიზაცია და სხვ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

ბევრი ჩვენგანის პირველადი საპასუხო რეაქცია სტრესზე არის მისი გადაჭრის გარეგან ფაქტორებზე დაყრდნობა. მოვიძიებთ პროდუქტიულ ინსტრუმენტებს, აპლიკაციებს, რომლებიც უნდა დაგვეხმარონ, რომ ვმართოთ ის ზეწოლა, რომელიც კისერზე გვაწვება. ან კიდევ სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი მოვძებნოთ და ჩვენი დისკომფორტი დროებით, ფასადურად შევასუსტოთ: ვიპოვოთ სხვა სამსახური, დავიქირაოთ ახალი თანამშრომელი, რომელიც გაზრდილ სამუშაო გრაფიკს მოერგება და ა.შ.

მაგრამ პრობლემის გადაჭრის ეს გზები, ხშირ შემთხვევაში, დროებითი და არაეფექტურია. სტრესთან გრძელვადიანი გამკლავება საკუთარი მედეგობის უნარების გამომუშავებას მოითხოვს, რომლითაც შევძლებთ ცვლილებების, სტრესისა და გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას. ეს უნარები მოიცავს ადაპტურობას, ჯანსაღ ურთიერთობას კონტროლთან, მუდმივად სწავლის რეჟიმში ყოფნას, მიზნის ქონასა და იმის ცოდნას, როგორ უნდა მივაკვლიოთ საკუთარ თავში ამისთვის ადეკვატურ რესურსებს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

შეცვალე სტრესის მიმართ დამოკიდებულება
როგორ აღვიქვამთ სტრესს, ძალიან მნიშვნელოვანია მასთან წარმატებით გამკლავების პროცესში. ბუფალოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სტრესორები – დიდი თუ პატარა, გვეხმარება იმ უნარების განვითარებაში, რომელიც მომავალში სხვა რთულ გარემოებასთან გამკლავებაში უნდა დაგვეხმაროს.

„ჰარვარდის“ 2013 წლის კვლევაში მკველვარებმა მონაწილეებს უთხრეს, რომ სტრესზე საპასუხო ფიზიოლოგიური რეაქციები ნიშანი იყო, რომ ისინი მას უკეთ გაუმკლავდებოდნენ. შედეგად, მონაწილეები ნაკლებად შფოთავდნენ და უფრო სტრესულ სიტუაციებში მეტ თავდაჯერებულობას ავლენდნენ, რადგან მათი საპასუხო რეაქციები აღქმული იყო, როგორც დამხმარე ფაქტორი. სწორედ ამიტომ, მათი გული და სისხლძარღვები ფუნქციონირებდნენ იმგვარად, როგორც ინტესიური ბედნიერების შემთხვევაში იქნებოდა.

როცა შფოთავ, შეჩერდი და დააკვირდი, სტრესისადმი შენი დამოკიდებულებები შენზე რა გავლენას ახდენს? ასევე, რას გეუბნებიან სტრესულ მდგომარეობაზე შენი გარშემომყოფები: ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები? – იქნებ, მათი სუბიექტური მოსაზრებების გავლენის ქვეშ ხარ და რეალურად, წინა სტრესული მდგომარეობის გახსენებითა და მისი გამოცდილებად გარდაქმნით, გასაღებს პოულობ, მიმდინარე გამოწვევასთან გასამკლავებლად?

ყურადღება მიაქციე ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომელიც გეუბნება, რომ შეიძლება, გადაიწვა. და მიუხედავად იმისა, ეს გამოიხატება ზურგისა თუ თავის ტკივილში, უძილო ღამეებში და სხვა, დაუმეგობრდი შენს საკუთარ დისტრესის სიგნალებს და გაფრთხილებად მიიღე, როცა ისინი გახშირდება.

იცოდე, რისი კონტროლი შეგიძლია
იმის ცოდნა, რისი კონტროლი შეგიძლია და რისი – არა, ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გადამწვარი ხარ, მარტივია, გადაწყვიტო, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ იპოვი.

თუმცა კი, არსებობს მოვლენები, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება: სხვისი ადამიანების ქცევა, ამინდი, ფინანსური კრიზისი… ჰკითხე საკუთარ თავს: „რამდენად შემიძლია იმის კონტროლი, რაც ჩემ გარშემო ხდება? მაქვს უნარები, ინფორმაცია, რესურსი, რომელიც საშუალებას მომცემს, სიტუაცია შევცვალო?“ – თუ პასუხი უარყოფითია, იცოდე, რომ გაქვს უნარი, რომლითაც მას შენებურ ინტერპრეტაციას მისცემ და ასე მოიპოვებ მასზე უპირატესობას.

ეძებე სტრესის მიზეზები
იმისთვის, რომ სტრესული სიტუაციები მარტივად გადალახო, კარგად უნდა იცნობდე საკუთარ თავს, საკუთარ საპასუხო რეაქციებს, ინსტინქტურ პასუხებს გამოწვევებისა და რთული სიტუაციების დროს.

გამოყავი დრო ამაზე დაკვირვებისთვის. და იფიქრე, მაგალითად, ისეთ ოჯახში ხომ არ გაიზარდე, სადაც უთანხმოებასა თუ კონფლიქტს ყოველთვის თავს არიდებდნენ? და ეს ფაქტორი შენს დისკომფორტსა და სტრესს ამწვავებს, როცა კონფრონტაციულ სიტუაციებში გიწევს ყოფნა?

იქნებ, მხოლოდ და მხოლოდ ადაპტაცია გჭირდება ასეთ სიტუაციებთან და რეალურად, არც ისე რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში ხარ ხოლმე? უბრალოდ, თუ გაიაზრებ, რომ ასეთი სიტუაციებიც არსებობს და ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ საკითხში წინააღმდეგობით, ადამიანებთან ურთიერთობას არ დაამთავრებ?

მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ პირიქით, შეგიძლია, შენთვის ახალ სამუშაო კონტექსტში დაბრკოლებები შესაძლებლობებად გარდაქმნა და ურთიერთობებისგან კიდევ უფრო ბევრი ისწავლო.

ანალიზს + ქმედებები
შეგიძლია, რთული გარემოებების დროს, კითხვა ასე დასვა: „რისი სწავლა შემიძლია აქედან“, ნაცვლად ამისა: „რატომ, მაინცდამაინც, მე?“

დაიწყე ჩანაწერების კეთებით, სადაც 3 მიზეზს ჩამოწერ, რა ისწავლე კონკრეტული სტრესისგან. ეს შეიძლება, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაზე შენი საპასუხო რეაქციების იდენტიფიცირება, ემოციების მართვის გამოცდილება ან ახალი, ინტერპერსონალური თუ ტექნიკური უნარების გაღვიძების შესაძლებლობა იყოს. ასეთი მიდგომით თავს დაიზღვევ იმისგან, რომ შენ დროებით კი არ დათრგუნავ სტრესს, არამედ ძირფესვიანად შეძლებ მასზე უპირატესობის მოპოვებას.

მაგრამ აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ მარტო თვითანალიზი საკმარისი არ არის. მკვლევარები გვეუბნებიან, რომ ანალიზი, ქმედებების გარეშე, შფოთის წინაპირობა ხდება. ტაქტიკების შემუშავებით, შეგიძლია, საკუთარ თავს ქცევის ახალი მოდელი შესთავაზო, რომლითაც  აუცილებლად და უკეთ გაუმკლავდები სტრესს.

უფრო ძლიერი შინაგანი მედეგობით, ჩვენ შეგვიძლია, პროაქტიულები ვიყოთ და გავიგოთ, მაგალითად, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები და სხვა გარეგანი ინსტრუმენტები ჩვენი ცხოვრებისა და სამუშაოს გაუმჯობესებისთვის –  ვიპოვოთ საუკეთესო გადაწყვეტები ბიზნესის, სოციალური თუ გლობალური ზეწოლის შემთხვევაში.

თუმცა, გახსოვდეს: სტრესთან გამკლავება საკუთარ თავში გამორკვევით უნდა დაიწყო: ჩვენ ვართ საკუთარი თავის ყველაზე ეფექტური და ძლიერი რესურსები.

წყარო HBR



განხილვა