2
May
2019

როგორ გავუმკლავდეთ საკუთარ პერფექციონიზმს?

2 May 2019

პერფექციონიზმი ორპირი მახვილივითაა. ერთი მხრივ, მას შეუძლია მოგცეთ მოტივაცია, შეასრულოთ საქმე უმაღლეს დონეზე. მეორე მხრივ კი, მას არასასურველი შფოთი ახლავს და მუშაობაში გიშლით ხელს. როგორ შეიძლება გამოიყენოთ თქვენი პერფექციონიზმის დადებითი მხარეები და თავიდან აირიდოთ უარყოფითი მომენტები? რა ზომებსა და პრაქტიკებს უნდა მიმართოთ პერფექციონიზმის კონტროლისთვის?

statiebi-bog
statiebi-bog

რას ამბობენ ექსპერტები

პერფექციონიზმი ხშირად შიშთან და დაუცველობასთან არის დაკავშირებული. ისინი ღელავენ, რომ თუკი ამ ჩვევას თავს დაანებებენ, ეს მათ პროდუქტიულობასა და რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს. სწორედ ამიტომ ებღაუჭებიან საკუთარ პერფექციონიზმს, მაშინაც კი, თუკი ეს კონტრპროდუქტიულია.

თუმცა, თუკი პერფექციონისტში საკუთარი თავი ამოიცანით, ნუ იღელვებთ, მისგან თავის დაღწევა არც ისე რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მთავარი გამოწვევაა, გადაანაწილოთ თქვენი ძალები და ამის ნაცვლად, უფრო მცირე მასშტაბების მიზნებით არ დაკმაყოფილდეთ. თქვენი მიზანია მორჩეთ საკუთარი თავის პრესინგს. რა თქმა უნდა, სათქმელად ადვილია. მაგრამ თუკი უფრო მეტის მიღწევა გსურთ, უნდა ისწავლოთ საქმის არასრულყოფილად კეთება. ჩვენ კი მოგაწვდით რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გაუმკლავდეთ პერფექციონიზმს.

დაინახეთ ვრცელი სურათი


ნებისმიერი პერფექციონისტი გეტყვით, რომ იყო იდეალური, არაა ადვილი. გულმოდგინება დიდ ძალისხმევასთანაა კავშირში და დეტალების მიმართ ყურადღებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, როგორც პერფექციონისტი, “უბრალოდ კარგით” ვერ შემოიფარგლებით. თუმცა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად გონივრულად ვიყენებ ჩემს დროს? ვარ პროდუქტიული? შეგიძლიათ დამატებით სამი საათი დახარჯოთ იდეალურ პრეზენტაციაზე, მაგრამ იქონიებს კი ეს გავლენას თქვენს კლიენტზე? შეცვალეთ თქვენი აზროვნება. შესაძლოა, ნაკლებად სრულყოფილად აკეთოთ გარკვეული წვრილმანები, სამაგიეროდ, მნიშვნელოვანზე გამოგივათ კონცენტრირება. თუკი კონკრეტულ ამოცანას ზედმეტად დიდზანს უკირკიტებთ, გაიხსენეთ, რომ ჯობია, უბრალოდ, ბოლომდე მიიყვანოთ ის, წვრილმანებზე ჩაციკლვის გარეშე.

შეცვალეთ თქვენი სტანდარტები

პერფექციონიზმთან გამკლავება მოითხოვს ჩვენი სტანდარტების დარეგულირებას, რეკალიბრაციას. მაგალითად, თქვენი ორგანიზაციისთვის ახალ ჩანაწერს აკეთებთ. თუკი, საქმის დასაწყისში თქვენს ხედვას კოლეგას ან ხელმძღვანელს გაუზიარებთ, დაინახავთ, რომ საქმე, რომელზეც 10 საათიან დეტალურ მუშაობას აპირებდით, სინამდვილეში, მხოლოდ 5 საათს მოითხოვს. ნუ მოგერიდებათ ჩანაფიქრის ესკიზის სახით გაზიარების – უკუკავშირი მხოლოდ გაგიადვილებთ მუშაობას. გახსოვდეთ, რომ ეს არაა ის ჩანაწერი, რომლითაც ლიტერატურული პრემიის მოპოვებას აპირებთ. ის, რასაც ახლა წერთ, საბოლოო ვერსიად არ წარმოიდგინოთ. ასე უფრო გაგიადვილდებათ.

შექმენით ჩეკ-ლისტი

პერფექციონიზმი უმიზნო მოგზაურობას ჰგავს. მუდმივად განაგრძობთ მოძრაობას, მაგრამ ვერასდროს გებულობთ, მიხვედით თუ არა დანიშნულების პუნქტამდე. ზუსტად ასეა პერფექციონისტიც, რომელიც არ წყვეტს სვლას. მიუღწეველი მიზნების ნაცვლად, ხომ არ სჯობს, ყველა ამოცანისთვის შესასრულებელი საქმეების სია ჩამოწეროთ? მაგალითად, კლიენტისთვის მნიშვნელოვან პრეზენტაციას ამზადებთ. პერფექციონისტი ყველა დეტალზე წუხს – შრიფტის არჩევიდან დაწყებული, წერტილ-მძიმით დამთავრებული. თუმცა, კონკრეტული სიის დახმარებით, გებულობთ, რომ ძირითადი საკითხები სწორად გიწერიათ და ამაზე შეგიძლიათ აღარ შეცერდეთ. კონკრეტული გაზომვადი მიზნები დაისახეთ პროცესს მიყევით.

გაწყვიტეთ აზროვნების ციკლი

პერფექციონისტები მუდმივად ფიქრობენ. კონკრეტულ მოსაზრებას ან პრობლემას ყველანაირი მხრიდან განიხილავენ და ამავდროულად, კონკრეტულ გადაწყვეტამდე ახლოსაც კი ვერ მიდიან. ეს შფოთისგანაა გამოწვეული. მოაზროვნე ადამიანები ნაკლებად პატიობენ საკუთარ თავს. ეს არაჯანსაღი და არაპროდუქტიული მიდგომაა. არ აურიოთ ერთმანეთში ფიქრი და პრობლემის გადაჭრა. ესაა უწყვეტი ციკლი, რომელიც რამენაირად უნდა გაარღვიოთ.

პირველ რიგში, დააკვირდით, როდის ხართ დაუსრულებელი ფიქრის მდგომარეობაში? რა გარემოში იმყოფებით? ვინ არიან თქვენ გარშემო? დაფიქრდით, რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას თქვენზე და როგორ შეიძლება ისწავლოთ მათი კონტროლი.

არ ენდოთ პირველ რეაქციას. თუკი წარსულ გამოცდილებაზე ფიქრობთ, ფრთხილად იყავით. შესაძლოა, ამ განხილვამ უარყოფითი აზრებისკენ წაგიყვანოთ. არ ენდოთ იმას, რასაც გონება გეუბნებათ. ეცადეთ მოვლენებს დისტანციიდან შეხედოთ და მხოლოდ შემდეგ იმოქმედოთ.

განიტვირთეთ. გააკეთეთ ის, რაც გონებრივად გადაგრთავთ სხვა რამეზე და არ აღძრავს თქვენში შფოთვას. ხშირად, რაიმე პრაქტიკულ სავარჯიშოზე, სულ რაღაც, 10 წუთის ხარჯვა რელსებზე დაბრუნებაში გვეხმარება.

იფიქრეთ დადებითად. ფიქრის საშუალებით ხშირად გავურბივართ ხოლმე კონკრეტულ დავალებას. კონკრეტული დავალების იდეალურად შესრულებაზე ფიქრს კი შფოთვა მოყვება. ასეთ დროს, ეცადეთ გაიხსენოთ მომენტები, როდესაც რაღაც ახალს აკეთებდით, როდესაც წარმატებას აღწევდით, მიუხედავად იმისა, რომ შედეგში 100%-ით დარწმუნებული არ იყავით. ეს საკუთარი გამოცდილებიდან სწავლაში დაგეხმარებათ.

დაინახეთ პერსპექტივა

შესაძლოა, თქვენი მიდრეკილებების შესახებ სხვებთან საუბარი სასარგებლო აღმოჩნდეს. ესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ემოციურად მოეკიდებიან თქვენს მდგომარეობას: და-ძმას, მეუღლეს, მეგობარს, მასწავლებელს, ხელმძღვანელს… იყავით გულწრფელი და გახსნილი. სთხოვეთ, გითხრან, როდესაც პედანტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ავლენთ და ამგვარად, ამ მდგომარეობაზე დაგაფიქრონ.

დააკვირდით თქვენს პროფრესს

ყურადღება მიაქციეთ, რა შედეგი გაქვთ ყოველდღიურად. ეცადეთ, საკუთარ თავს ჰკითხოთ: იყო რაიმე ამ კვირაში, რასაც თავი ავარიდე შეცდომების დაშვების შიშის გამო? რომელ სიტუაციებში ვიქცეოდი პერფექციონისტივით, რაც იმ დროს საჭიროებას არ წარმოადგენდა? იყო მომენტი, როდესაც წინასწარ არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, ვიმოქმედე და საქმე წინ წავწიე? თქვენი მიზანია, დააკვირდეთ, სად ვლინდება თქვენი პერფექციონიზმი დადებითა და სად არა.

დაიმახსოვრეთ:

ისწავლეთ ძალისხმევის შემცირება, როდესაც საქმის იდეალურად გაკეთებას ცდილობთ. ზოგჯერ, უბრალოდ, გაკეთება, უკვე კარგი შედეგია.

დაფიქრდით თქვენს პროგრესზე. გაიხსენეთ მაგალითები, როდესაც საკუთარ პერფექციონიზმს ეფექტურად მართავდით.

დაარეგულირეთ საკუთარი სტანდარტები. ხშირად ის, რასაც ამბობთ ან წერთ, არ არის საბოლოო ვარიანტი, არამედ ამით უბრალოდ რაღაც უკეთესი უნდა მიიღოთ.

არ იტრიალოთ პრობლემის გარშემო. არ ჩაიციკლოთ ფიქრებთი. ეცადეთ გაარღვიოთ ეს წრე და გადაიტანოთ ყურადღება.

არ მისდიოთ გაურკვეველ მიზნებს სრულყოფილების სახელით. შექმენით ჩეკ-ლისტი, რომელიც გაზომვადი მიზნების შესრულებაში დაგეხმარებათ.

არ აკეთოთ საქმე მარტომ. ჰკითხეთ რჩევა კოლეგებს, მეგობრებს, მენტორს.

 

წყარო: HBR



განხილვა