„ჰენდი“ ნატურალური ტყავისა და ხის სინთეზით შექმნილი ხელნაკეთი მაჯის საათების სტარტაპია, რომელიც ქართულ ბაზარზე წელიწად-ნახევარია გამოჩნდა. იდეის ავტორები ინფორმაციული ტექნოლოგი ნიკოლოზ გიგაია და ბიზნესადმინისტრირების კურსდამთავრებული სოფო გურასაშვილი არიან, რომლებმაც მოახერხეს და 23 წლის ასაკში საკუთარი ინტერესები სტარტაპად აქციეს, სხვა ადამიანებიც დაასაქმეს და ახლა საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე ახდენენ საკუთარი პროდუქტის რეალიზებას.
„საათებს ჩვენ ორნი ვამზადებთ, აწყობაში ორი მესაათე გვეხმარება, ასევე, გვყავს მკერავი, რომელიც სამაჯურებზე მუშაობს“, – ნიკოლოზ გიგაიამ მარკეტერთან ისაუბრა იდეის პროდუქტად გარდაქმნის თანმხლებ დაბრკოლებებზე, მთავარ უპირატესობებზე, სარეალიზაციო არხებსა და იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა Handy-ს საათები
ამერიკელი სენატორების მაჯებზე.
M: როგორ გადაიქცა თქვენი ინტერესები ბიზნესგეგმად?
ზოგადად, ორივე ჩვენგანს ძალიან გვიყვარს საათები. როდესაც ვმსჯელობდით საათის სხვადასხვა დიზაინზე, ჩვენს ხედვებზე, სწორედ მაშინ დაგვებადა იდეა, თავად შეგვექმნა ის, რაც გვიყვარს. თან ბაზარზე არ არსებობდა ქართული წარმოების საათები, მით უმეტეს, ხის. მასალაზე ბევრი არ გვიფიქრია, რადგან ხესთან მუშაობის გამოცდილება მანამდეც გვქონდა, ხის ბლოკნოტებს ვამზადებდით.
M: რა იყო თქვენი შემდეგი ნაბიჯი და ახალბედა ბიზნესის მთავარი გამოწვევა?
დღეს ფინანსების გარეშე ბიზნესის დაწყება თითქოს წარმოუდგენელია, მით უმეტეს, სტუდენტის შემოსავლების გათვალისწინებით, მაგრამ ჩვენ ფინანსებს არ დავუბრკოლებივართ. იმ მომენტში რა თანხაც გვქონდა, იმ თანხით შევუდექით საქმეს. 300 ლარი საკმარისი აღმოჩნდა პირველი 2 მოდელის დასამზადებლად. თუმცა, საათის დამზადება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამ სფეროში მანამდე არ გვქონია გამოცდილება, რის გამოც ბევრ პრობლემას წავაწყდით, თუმცა სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ყველა დაბრკოლება გადავლახეთ, დეტალები შევისწავლეთ და დაუღალავი 2 თვიანი შრომის შედეგად, შევქმენით საათის პირველი პროტოტიპი.M: სად არის თქვენი სამუშაო სივრცე?
სამუშაო სივრცით ძალიან დაგვეხმარა ფაბლაბ ილიაუნი, ჯერ მათ ბაზაზე ვამზადებდით საათებს, შემდეგ კი საკუთარი დანადგარი შევიძინეთ და მყუდრო სახელოსნო მოვაწყეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
M: როგორ მოხვდა თქვენი საათები აშშ-ის სენატორების, ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემი კლობუშარის მაჯაზე?
საქართველოში ვიზიტის დროს სენატორები ტექნოპარკს ესტუმრნენ, სადაც ჩვენც ვიყავით მიწვეულები. ამ დღისთვის რამდენიმე სტარტაპი აგვარჩიეს. ჯონ მაკკეინს იმდენად მოეწონა ჩვენი საათები, რომ პრეზენტაციის დროს აღნიშნა „სიამოვნებით შევიძენდი და ვატარებდი აქ წარმოდგენილ ხის საათებსო“ და საქართველოს სახელით, სამივე სენატორს გადაეცათ ჩვენი საათები.M: რა არის ბაზარზე Handy-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი?
ჩვენთვის მთავარია ხარისხი. ჩვენი საათები გამოირჩევა ელეგანტურობით. მასალიდან გამომდინარე, თითოეული საათი უნიკალურია. ბუნებაში არ არსებობს ზუსტად ერთნაირი ხე, ამიტომ ერთი მოდელის საათებიც კი უმნიშვნელოდ, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებულია.
M: როგორია Handy-ს შეკვეთის სპეციფიკა და სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება? საკურიერო მომსახურება თუ გაქვთ და როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?
საათებს ჩვენი დიზაინით ვამზადებთ, მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ სასურველი ფერების კომბინაცია შეუკვეთოს. ამ ეტაპზე მხოლოდ Facebook გვერდზეა შესაძლებელი საათის შეძენა, თუმცა მალე ონლაინ გაყიდვებს დავამატებთ. გვაქვს საქართველოს მასშტაბით უფასო მიწოდების სერვისი. ჩვენთან ფასები 120 ლარიდან იწყება და ჯერჯერობით, 200 ლარამდე მერყეობს.