ფსიქოლოგთა ჯგუფის ახალი კვლევის მიხედვით, “Hangry” (Hungry+Angry) — ანუ, მშიერი და გაბრაზებული, რეალური ფენომენია. უფრო კონკრეტულად, როცა გვშია, გაბრაზებულები ვართ. ალბათ, ბევრ თქვენგანს არც გაუკვირდება ამ „მეცნიერული დასტურის“ მოსმენა, რადგან ემოციური ფონი ისედაც გვიმოწმებს ხოლმე აღნიშნულ ფაქტს.
თუმცა მეცნიერები შიმშილის თანდართული ბრაზის ფენომენს გაცილებით სერიოზულად მიუდგნენ — კერძოდ, ეს არის პირველი მსგავსი კვლევა რეალურ ცხოვრებაში და არა ლაბორატორიაში. ინგლისის რასკინის უნივერსიტეტის პროფესორი ვირენ სვამი, კვლევის წამყვანი ავტორი, მას შემდეგ დაინტერესდა კვლევის ჩატარებით, რაც არაერთხელ უთხრეს, რომ შიმშილის დროს აშკარად ეტყობოდა ბრაზი. შესაბამისად, როგორც „ჭეშმარიტი მეცნიერი“ ამ ერთი შეხედვით უწყინარ შენიშვნას მეცნიერული გადაწყვეტით მიუდგა.
კვლევის მსვლელობისას ვირენმა და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტში 64 ცდისპირი მოიწვიეს, რომელთა ასაკიც 18-დან 60 წლამდე იყო. სამი კვირის განმავლობაში სუბიექტები შიმშილობასა და ემოციურ მდგომარეობას შორის კავშირს სპეციალურ აპლიკაციაში დღეში ხუთჯერ აფიქსირებდნენ. მთლიანობაში მკვლევრებმა 9000-ზე მეტი პასუხი მიიღეს.
თავის მხრივ, აპლიკაცია მონაწილეებს ვიზუალურ ანალოგურ სკალას სთავაზობდა, რომელიც ჩვეულებრივ ტკივილის შესაფასებლად გამოიყენება — 0-დან 100-მდე სკალით. არსებითად, ეს სიტყვიერად ასე ითარგმნება: „საერთოდ არ მშია“, „ძალიან მშია“, „არც ისე მშია“.
შედეგების თანახმად, შიმშილის მაღალი დონე სიბრაზისა და გაღიზიანების უფრო მეტ გამოვლინებასთან ასოცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, რაც უფრო მეტად გშია, მით უფრო ხართ ბრაზისკენ მიდრეკილნი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ემოციების ამოცნობა შევძლოთ, როგორიცაა შიმშილი. ეს მისი თანმდევი უარყოფითი შედეგების შერბილებაში დაგვეხმარება“, — განმარტავს სვამი.
ამრიგად, კვლევის შედეგები “Hangry” ფენომენის წინააღმდეგ უფრო პროდუქტიულ ბრძოლაში დაგვეხმარება.