in

როგორ რეაგირებს ქართველი მომხმარებელი ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებულ ვიზუალებზე – Hans & Gruber-ის ექსპერიმენტი

მსოფლიო შემოქმედებით და ციფრულ ინდუსტრიაში AI-ს რომ რამდენიმე წელია აქტიურად იყენებენ, ამაზე ახალს ვერაფერს გეტყვით. თუმცა საქართველოსავით ნიშურ, მცირე ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საფუძვლიანი კვლევა და გამოცდილება ჯერაც არ გვაქვს.

იმისთვის, რომ  AI-ის შესაძლებლობები რეალურ პროდუქტზე მოერგო და გამოეცადა, ციფრულმა სააგენტო Hans & Gruber-მა და ირაომ რამდენიმე საფეხურიანი ციფრული რეკლამის ექსპერიმენტი განახორციელეს.

Hans & Gruber-ის სენიორ ედვერთაიზერისა და ამ კვლევის ლიდის, რამაზ გეთიაშვილის თქმით, ექსპერიმენტის მიზანი რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის მიღება იყო:

  • როგორ შეგვიძლია AI-ს პერფორმანსის ედვერთაიზინგში გამოყენება?
  • როგორ აღიქვამს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიზუალებს მომხმარებელი და მეტას ალგორითმი; როგორ იცვლება კომერციისთვის მნიშვნელოვანი მეტრიკები, რომლებიც რეკლამის პერფორმანსს განსაზღვრავენ?
  • როგორ აისახება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანური რესურსის საჭიროებაზე?

„თავდაპირველად, ექსპერიმენტის ფარგლებში, ციფრულმა გუნდმა რამდენიმე Image & Text-based AI პლატფორმა დავტესტეთ. არჩევანი ChatGPT-სა და Midjourney-ზე შეჩერდა, რადგან მათი დაგენერირებული კონტენტი, ადამიანის მიერ შექმნილთან შედარებით, ყველაზე კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა. ChatGPT-ის გამოყენებით, ბრიფები გაიწერა, ხოლო Midjourney-ის გამოყენებით — ბრძანებაზე დაფუძნებული ვიზუალები.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თითოეული ხელსაწყოს შედეგების დამოუკიდებლად და ერთმანეთთან მიმართებით ინტერპრეტაცია იყო. AI-ის ორი ხელსაწყოს ერთდროულად შესამოწმებლად, ექსპერიმენტის დიზაინი ორ საფეხურად დავყავით:

პირველ ეტაპზე ავტოდაზღვევის ციფრული რეკლამის ბრიფი ChatGPT-იმ დაამუშავა და არტ დეპარტამენტისთვის ორი განსხვავებული ბრიფი შექმნა. ანალოგიურად, ბრიფები დავწერეთ ციფრული გუნდის წარმომადგენელმა ადამიანებმა.

შემდგომ, ყველა მოწოდებული ბრიფის მიხედვით, არტ დეპარტამენტმა მოამზადა დიზაინები, ზუსტად ისე, როგორც ზოგადად, ჩვეულებრივ ცხოვრებაში. პარალელურად, იმავე ბრიფების გამოყენებით,  Midjourney-მაც დააგენერირა ვიზუალები“, — ჰყვებიან გრუბერები.

M: რამდენად ზუსტად მიჰყევით თავიდან დასახულ მოდელს და ხომ არ შეგიტანიათ შუალედური ცვლილებები ექსპერიმენტის დიზაინში?

ექსპერიმენტის მეორე ნაწილზე ფიქრისას გამოიკვეთა, რომ დიზაინის შექმნის ტექნიკური ცოდნა, შესაძლოა, მონაწილეებისათვის დამატებითი ცვლადი ყოფილიყო, რადგან ეს გამოცდილება დიზაინერს საშუალებას აძლევს, უფრო დეტალური, მკაფიო ბრძანება მისცეს AI-ს. ამიტომაც, ექსპერიმენტის ამ ეტაპზე Midjourney-ის პლატფორმაზე იმუშავეს, ერთი მხრივ, იმ დიზაინერებმა, რომლებსაც პირველ ნაწილში არ მიუღიათ მონაწილეობა, და მეორე მხრივ, ადამიანებმა, რომელთაც არ ჰქონდათ დიზაინის გამოცდილება. საბოლოოდ, საკმაოდ მრავალფეროვანი ვიზუალები მივიღეთ.

High quality photo of blue Mazda driving fast, Tbilisi center, Summer, bright sky, simple, street view, wide-angle, Samyang af 14mm f/2.8 rf –ar 1:1 –s 750
photo of a red toyota camry with people standing back view, side profile, distant shot, horizon shot, far distance, Cinematic, ultra wide-angle, sunset, blue tones, Alps Mountain background, shot on a Sony Mirrorless camera, DSLR, 24mm lens f/4, ultra detailed, ultra realistic, photograph, –testp, 8k, –v 4

შექმნილი ვიზუალების დასატესტად, რეკლამა იდენტური ბიუჯეტით, ხანგრძლივობით, განთავსებებითა და სამიზნე სეგმენტით გაეშვა. AI-ს მიერ დაგენერირებულმა ვიზუალებმა დიზაინერების შექმნილ ვიზუალებთან შედარებით, მოაგროვა:

↑ 69%-ით მეტი Reach,
↑ 110%-ით მეტი Impressions,
↑ 264%-ით მეტი Lead,
და ამ ყველაფრის ფონზე, ↓ 59%-ით შეამცირა Cost per Lead.

M: გაგვიზიარეთ, როგორი იყო უშუალოდ ვიზუალურ ნაწილზე მუშაობის გამოცდილება?

დიზაინერებმა თითო ვიზუალზე, დაახლოებით, 2 საათი დახარჯეს და დროის უმეტესი ნაწილი სტოკიდან  შესაფერისი მასალების პოვნას დაუთმეს; ხოლო Midjourney-სთან მუშაობის ნაკლები გამოცდილების მქონე ოპერატორებს თითოეულ ვიზუალის დასაგენერირებლად, დაახლოებით, 1.5 საათი დასჭირდათ, რომლის ძირითადი წილიც, ბრიფის მიხედვით, ვიზუალებში ქართული კონტექსტის ინტეგრირებამ მოითხოვა.

აღნიშნული ექსპერიმენტის ფარგლებში მიღწეული შედეგები ეფექტური აღმოჩნდა ირაოს ავტოდაზღვევის ციფრული კამპანიისთვის. ამ ექსპერიმენტზე მუშაობისას Hans & Gruber-ის ციფრულმა გუნდმა კი, სამომავლო გეგმების დასახვისთვის, საინტერესო მიგნებები და დაკვირვებები ჩამოაყალიბა.

რა გავიგეთ:

  • ChatGPT-ს ქართული ბაზრის თავისებურებების ბევრი არაფერი გაეგება და კონტენტ კრეატორებისთვის ბრიფის მომზადების პროცესში კულტურულ თუ ბაზრის თავისებურებებს ვერ ითვალისწინებს.
  • MidJourney-მ უფრო სწრაფად შექმნა ვიზუალური გადაწყვეტა, რითაც არტის დეპარტამენტის რესურსი და დრო დაიზოგა.
  • რადგან MidJourney-ის დაგენერირებული ვიზუალი უნიკალურია, ამ ტიპის რეკლამა მომხმარებელს სხვაგან ვერ შეხვდება. ამიტომ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, შექმნას ბევრად უფრო ინდივიდუალური და საკუთარ მომხმარებელზე ორიენტირებული კონტენტი.
  • პირდაპირ გამოყენებადი ვიზუალების დაგენერირების გარდა, MidJourney სტოკის კარგი ალტერნატივაა.
  • ბრენდირებულ ვიზუალს მომხმარებელი მიჩვეულია და ხშირად ავტომატურად აიგნორებს. MidJourney-ის ვიზუალების შემთხვევაში, კომუნიკაციას ლოგო და სარეკლამო წარწერა არ აქვს, ამიტომ მომხმარებელი მასთან ინტერაქციაში ისე შედის, როგორც ორგანულ კონტენტთან.

M: გარდა კვლევის ზოგადი მიგნებებისა, გქონდათ თუ არა, ერთი შეხედვით მარტივი მიგნება, ან დაკვირვება, რომელსაც სამომავლოდ სხვებსაც გაუზიარებდით?

არსებობს მითი, თითქოს ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ  სუპერრეალისტურ და დრამატულ ვიზუალებს აგენერირებს. სინამდვილეში, მას აქვს ესთეტიკის რეგულაციის ფუნქცია, რომელიც 0-იდან 1000-მდე კოეფიციენტით განისაზღვრება. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ თავად ირჩევთ, რამდენად დახვეწილი ვიზუალური სტილის მიღება გსურთ. ექსპერიმენტის ფარგლებში, გამოვიყენეთ MidJourney-ის საშუალოზე მაღალი კოეფიციენტი (–s 750). შედეგად, მივიღეთ იმ ხარისხის ვიზუალები, როგორიც იშვიათია როგორც სტოკის, ისე სხვა რესურსების გამოყენების შემთხვევაშიც. ამ ექსპერიმენტით დავინახეთ, რომ ესთეტიკის ეს დონე საინტერესო და მიმზიდველია ქართული აუდიტორიისთვის.

ექსპერიმენტის საინტერესო შედეგებიდან გამომდინარე, გრუბერები გეგმავენ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მოცემული მიგნებების გრძელვადიანად გამოყენებასა და  ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევის გაგრძელებას.

[R]

რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესების პარტნიორობა AI ეპოქაში?

ნარჩენების მართვა