„ვინ ვართ? – Hans & Gruber საკომუნიკაციო სააგენტოა, რაც მარტივ ენაზე ნიშნავს, რომ სხვებს საყვარელი საქმის უკეთ კეთებასა და მეტ ადამიანთან დაკავშირებაში ვეხმარებით“, – გვიყვებიან ახალი ქართული სააგენტოს შემქმნელები და თავიანთ გამოცდილებასა თუ სააგენტოს შესახებ ჩვენთვის საინტერესო დეტალებს გულწრფელად და იუმორით გვიზიარებენ:
M: სააგენტოს დამფუძნებლები გაგვეცანით… ვინ ხართ, რა პროფესია გაქვთ და რა გამოცდილებით ჩაუდექით სათავეში ახალ კომპანიას?
ჩვენ ვართ საბა და გიორგი, ორი პიროვნება მრავალმხრივი გამოცდილებით მარკეტინგსა და ბიზნესში. საბას ბოლოჟამინდელი საქმიანობა ციფრული მარკეტინგის კონსულტანტობა გახლდათ, ხოლო გიორგი McCann Tbilisi-ს სტრატეგიის დირექტორი იყო.
M: როგორია Hans & Gruber-ის შექმნის ამბავი? როდის გაჩნდა იდეა და რა პრობლემა უნდა გადაეჭრა სააგენტოს ბაზარზე?
იდეა იმ პრობლემიდან გაჩნდა, რომლის გადაუჭრელობაც ჭამის წინ და შემდეგ თანაბრად გვაწუხებდა. ეს პრობლემა სიღრმისეული სტრატეგიული ანალიზისა და ამ სტრატეგიის განხორციელებაში ციფრული ინოვაციების ნაკლებობა იყო.
ჩვენი არსებობაც ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება – დავეხმაროთ საკუთარი საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანებს შესაძლებლობების აღმოჩენაში, შევთავაზოთ მიზნის მიღწევის სტრატეგიული გზები და სტრატეგიის განხორციელებისას აქტიურად გამოვიყენოთ ციფრული სამყაროს რთული, მაგრამ საჭირო სიკეთეები.
M: სახელი როგორ შეარჩიეთ?
ლანჩზე ვისხედით და საერთოდ არ ვფიქრობდით სახელზე, როცა ჩვენს ხელმარჯვე და ენაკვიმატ არტ დირექტორს წამოსცდა, ბარემ “Hans & Gruber” დავირქვათო. ასე ვეცით პატივი John McClane-ის სტრატეგიულად განსწავლულ ოპონენტს და ორ მეგობრულ და შემოქმედებით პიროვნებას, „ევროტურიდა“
M: ლოგოზეც მოგვიყევით… როგორ აისახა ბრენდის კონცეფცია ვიზუალურ ნაწილში?
ლოგო გამოხატავს ადამიანური და ციფრული ინტელექტის დამეგობრებას.
ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ ადამიანური ინტელექტის პროდუქტს, სტრატეგიულ კონსულტაციას; გულწრფელად ვიბრძვით მათი მიზნების მიღწევისთვის და გვიხარია მათი წარმატებები, რაც ჩვენი ბრენდის ჰუმანური მხარეა. მეორე მხრივ, ჩვენი მოქმედების შეცნობილი გზები ემყარება ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც ჩვენი ბრენდის დროიდული ნაწილია.
M: სააგენტოს პროფილის კუთხით, რაზე ხართ ორიენტირებულები? რას მიიჩნევთ თქვენს უპირატესობად და რა განგასხვავებთ სხვა მსგავსი კომპანიებისგან?
„ჰანს ენდ გრუბერს“ მშვენიერი პროფილი აქვს, რასაც ჩვენს ლოგოზეც შეამჩნევდით.
ჩვენი ამოცანა პარტნიორების შორი მიზნების სწრაფად მიღწევაა, ამ პროცესში კი, სტრატეგიულ ანალიზს, რთულ ციფრულ პროდუქტებს, დეველოპმენტსა და შემოქმედებით მიმართულებებს ვიყენებთ.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი უპირატესობა თითოეული გრუბერის გამორჩეული პროფესიონალიზმია, მაგრამ ამაზე ბევრს არ ვისაუბრებთ.
მოქნილი პროექტ მენეჯმენტი, სწრაფი კომუნიკაცია, შეხმატკბილებული მუშაობა და ცოდნის ყოველდღიური განახლება გვეხმარება, მივაღწიოთ შედეგებს, რომელიც ყველას გვაბედნიერებს – ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც.
M: ვინ ხართ გუნდში?
გუნდში ვართ სტრატეგიული დირექტორი საბა, კრეატიული დირექტორი გიორგი, კონტენტ დირექტორი მაიკო, არტ დირექტორი გიორგი, გრაფიკული დიზაინერი სანი, UX&UI დიზაინერი მაშო, ციფრული დირექტორი თიო, პროდიუსერი ზიადი, machine learning სპეციალისტები გიორგი და დათო, full-stack დეველოპერები ბაკური და გიორგი, front-end დეველოპერი დიმა, back-end დეველოპერი ვაჟა, ასევე ხუთი კატა და ერთი კუ.
M: თქვენ მიერ შესრულებულ პროექტებზე მოგვიყევით…
შესრულებული პროექტებიდან საყვარელი შვილივით გამოვარჩევთ ბადაგონის ცქრიალა ღვინო „მაესტროს“ საახალწლო კამპანიას „მესმის”.
ცქრიალა ღვინისა და მუსიკის მოყვარულ ადამიანებს ჭიქებით, ბოთლებითა და სხვა არამუსიკალური ნივთებით შეიარაღება და ახალი წლის მელოდიის გაჟღერება ვთხოვეთ. ასობით გამოგზავნილი ვიდეო რუდუნებით შევაგროვეთ და მათი გამოყენებით „მაესტროს” საახალწლო მელოდია შევქმენით. რამდენიმე საუკეთესო შუშაზე შემსრულებელი კი, მილანში გავუშვით, საახალწლოდ.
Imagine ახალი მარკეტინგული არხია, რომელიც გვეხმარება, ციფრული არხების ანალიტიკისა და ტარგეტირების შესაძლებლობები რეალურ სამყაროში გადმოვიტანოთ.
ჩვენს პარტნიორებს შეეძლებათ სხვადასხვა სეგმენტში განთავსებულ ათობით გარე მონიტორს შორის შეარჩიონ სასურველი, ონლაინ პლატფორმის საშუალებით განათავსონ მათზე რეკლამა და შედეგად:
- დაადგინონ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რეკლამას უყურა;
- დაადგინონ თვალით კონტაქტის საშუალო ხანგრძლივობა;
- დაადგინონ მაყურებლების სქესისა და ასაკის განაწილება;
- გააკეთონ რეკლამის A/B ტესტირება (თვალის კონტაქტის საშუალო ხანგრძლივობის შედარებით);
- წინასწარ განსაზღვრონ სასურველი სეგმენტი ასაკისა და სქესის პარამეტრებით და მხოლოდ მათ უჩვენონ რეკლამა.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, GDPR-ის მოთხოვნებთან შესაბამისად.