ბევრი ზრდასრული ადამიანისთვის სამუშაო გარემო იგივეა, რაც ბავშვისთვის სკოლაში ყოფნა, სადაც არ არის ხელოვნების გაკვეთილები, სპორტდარბაზი და შესვენებები – მოკლედ, არავითარი სიამოვნება. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რატომაც არის თანამშრომელთა უმეტესობა გათიშული და ავტომატურად აკეთებს საქმეს.
ამას ადასტურებს Gallup-ს მონაცემები. თანამშრომელთა ჩართულობა დაეცა ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე, რაც კი ბოლო ათწლეულში ყოფილა. ეს კი მიანიშნებს, რომ ადამიანები სამსახურებში უბედურად გრძნობენ თავს. გლობალური ადამიანური რესურსის 50% მდუმარედ ტოვებს სამსახურს, 18% ხმამაღლა აცხადებს, რომ უკმაყოფილოა. სოციალური მედიის ტენდენციებმა, როგორიცაა #QuietQuitting და #ActYourWage, 1,2 მილიარდზე მეტი ნახვა შეაგროვა. ასეთი კონტენტის ვირუსულობა ადასტურებს, რომ ჩვენ ყველა კვლავ ვიმკით ქრონიკული სტრესისა და გადაწვის შედეგებს.
ბევრი ჩვენგანისთვის ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვირჩინოთ თავი ჩაანაცვლა ფიქრმა – როგორ გვინდა ვიცხოვროთ. MIT-ის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სამსახურეობრივი სიჯანსაღე და ბედნიერება არის ამოსავალი წერტილი, რაც ადამიანებს უბიძგებს დარჩნენ სამსახურში ან დატოვონ სამუშაო ადგილი.
შეიძლება ზოგს ეს თანამშრომელთა წუწუნად ეჩვენება, მაგრამ სამსახურით ბედნიერება არამხოლოდ თანამშრომლისთვისაა აუცილებელი, არამედ დამსაქმებლებისთვის. ოქსფორდის ახალმა კვლევამ აჩვენა მიზეზობრივი კავშირი ბედნიერ თანამშრომლებსა და პროდუქტიულობის 13%-ით ზრდას შორის. მეორე მხრივ, სამსახურით უკმაყოფილება მსოფლიოს კომპანიებს 7,8 ტრილიონი დოლარი უჯდება დაკარგული პროდუქტიულობის გამო, რაც გლობალური მშპ-ის 11%-ს შეადგენს.
გადააფასეთ მოქნილობა
პანდემიამ გვაიძულა გაგვევლო ეკლიანი გზა ცვლილებებისკენ და ეს შევძელით. უკან დაბრუნება კი აღარავის სურს. ადამიანებს აღარ უნდათ საცობებში საათების გატარება, გახლეჩვა ოფისსა და სახლს შორის. მით უფრო, რომ ხშირ შემთხვევაში, მეტი ავტონომიის მქონე თანამშრომლები სასარგებლოა ბიზნესის წარმოებისას.
Cisco-ს მიერ 28,000 თანამშრომლის გლობალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 82%-ს ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობა უფრო აბედნიერებს. Gallup-ის მონაცემების თანახმად, „ოპტიმალური ჩართულობის გაზრდა ხდება მაშინ, როდესაც თანამშრომლები თავიანთი დროის 60%-დან 80%-მდე დროს სამუშაო ადგილს გარეთ ატარებენ“.
ხელახლა ჩამოაყალიბეთ სამსახურეობრივი კუთვნილების ცნება
საშუალოდ, ადამიანი სამსახურში 81,396 საათს გაატარებს. წარმოიდგინეთ მთელი ეს დრო პოზიტიური სოციალური ურთიერთქმედების გარეშე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ბედნიერებაზე უარყოფითად იმოქმედებს.
ტექნიკურმა განვითარებამ ერთმანეთთან დაკავშირება გაამარტივა და ამავდროულად, გაართულა. მხოლოდ Teams Meetings-ის 252%-ით გაზრდით და Zoom-ის ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების გაზრდით 2900%-ით პანდემიამდელი დღეების შემდეგ, შეიძლება ჰიპერდაკავშირებულები ვიყოთ, მაგრამ უფრო მეტად მარტოსულები ვართ, ვიდრე ოდესმე. დღეს, 10 თანამშრომლიდან მხოლოდ სამს ჰყავს საუკეთესო მეგობარი სამსახურში.
Gallup-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან, სამსახურში საუკეთესო მეგობრის ყოლას კიდევ უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, რადგან ადამიანები ერთმანეთს რეკომენდაციას ხშირად უზიარებენ სამუშაო ადგილის შესახებ, უყვებიან წასვლის სურვილსა და საერთო კმაყოფილებაზე. ორგანიზაციები, რომლებსაც მაღალი ქულა აქვთ საზოგადოებრივ ინდექსში – სადაც თანამშრომლები გრძნობენ კუთვნილებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთო მიზნების მიღწევაში – 62%-ით მეტად აქცევენ ყურადღებას თანამშრომლების პოზიციურ დაწინაურებას.
გააღვიძეთ მიზანი
იმისათვის, რომ სამსახურში მოტივაცია შევინარჩუნოთ, გვჭირდება მიზანი – ეს არის ანაზღაურება, ღირებულებები, სიახლე, დაფასება. სამსახური ადამიანისთვის ენთუზიაზმისა და ფასეულობების ადგილი უნდა იყოს.
რაჯ სისოდია, Firms of Endearment-ის ბესტსელერის ავტორი, 15 წლის განმავლობაში ატარებდა კვლევას. ის აანალიზებდა კომპანიებს, რომლებიც ატარებენ გაცნობიერებულ კაპიტალიზმს, ფილოსოფიას, მიაჩნიათ, ბიზნესი პასუხისმგებლობით და ეთიკურად უნდა ემსახურებოდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის თანამშრომლებს, თემებსა და გარემოს – არა მხოლოდ მათ მენეჯმენტს. სისოდიამ აღმოაჩინა, რომ გაცნობიერებულ კაპიტალისტურ კომპანიებს ინვესტიციების ანაზღაურება ჰქონდათ 1,646%, ხოლო S&P 500 კომპანიებს – მხოლოდ 157%.
სამსახურებრივი ბედნიერება უნდა მომდინარეობდეს უფრო ღრმა, შინაგანი კავშირიდან, თუ რატომ ვართ იქ. ავტონომიის, კუთვნილებისა და მიზნის კულტურა მომდინარეობს საერთო ხედვიდან. სამართლიანია იმის აღნიშვნა, რომ ბევრი კომპანია და მათი თანამშრომელი უბრალოდ ვერ ხედავენ ამ ყველაფრის მნიშვნელობას.
თუმცა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს. პირველ რიგში, უნდა გავხსნათ და ღიად ვისაუბროთ იმაზე, რისიც გვეშინია. სად გვტკივა და რა დასჭირდება პრობლემის მოგვარებას. დაიწყეთ თქვენი თანამშრომლების გამოკითხვით: „რა შემიძლია გავაკეთო თქვენთვის, რომ შემდეგი კვირა გაგიადვილოთ?“. ეს არის პირველი ნაბიჯი.
წყარო: HBR