ხშირად, პატარ-პატარა უსიამოვნებებისგან გამოწვეული უბედურების განცდა რამდენიმე დღის მანძილზე მიგვყვება. თავს ვერაფრით ვიმშვიდებთ და ნეგატიური შეგრძნებები არ ქრება. ეს ყველაფერი კი, პირადი ცხოვრების გარდა, ჩვენს სამუშაოზეც აისახება. არა და, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა საამისოდ.
გარდა ამისა, ჩვენი ხასიათი, გარშემომყოფ ადამიანებზეც მოქმედებს, გავლენას ახდენს მათ განწყობაზე. ასე რომ, თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორი იმპულსები გადავცეთ მათ: პოზიტიური თუ ნეგატიური.
საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე უტყუარი საშუალება, რომელიც მომენტალურად აგვიმაღლებს გუნება-განწყობილებას და თუ ამას სისტემატიურად გავაკეთებთ, ბედნიერების განცდას ნამდვილად გავიხანგრძლივებთ.
მაგალითად, გავიხსენოთ Google-ის ყოფილი ინჟინერი ჩეიდ მენ ტანი (Chade-Meng Tan), რომელიც „მხიარული კარგი ტიპი” (დიახ, ზუსტად ეს რეგალია მიენიჭა მას) გახდა. ჩეიდ მენ ტანი დაიღალა მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნით და ამ პრობლემის დასაძლევად მოძებნა გზა – გონებრივი ვარჯიშები. შემდეგ, დაარწმუნა თავისი უფროსები, მიეცათ ნება, ეს მიდგომები სხვა თანამშრომლებისთვისაც გაეზიარებინა, რომ აემაღლებინა მათი განწყობა. საბოლოოდ, ჩეიდ მენ ტანის ამ თერაპიამ მთელი კომპანია მოიცვა, ყოფილმა ინჟინერმა კი ბედნიერების ინსტიტუტი დააარსა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია, რომ Google, რამდენჯერმე, საუკეთესო სამუშაო ადგილად დაასახელეს.
ბოლო წიგნში Joy on Demand, ჩეიდ მენ ტანი წერს, იმაზე, თუ როგორ უნდა ვიგრძნოთ თავი უფრო ბედნიერად რამდენიმე წამში. ამ პატარ-პატარა სავარჯიშოების წყალობით კი, მისი აზრით, ჩვენი ბედნიერება „ქრონიკული” გახდება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე გონებრივ სავარჯიშოს და მეთოდს, როგორ ავიმაღლოთ განწყობა ყოველ წამს, რაც საბოლოოდ მუდმივ ბედნიერებამდე მიგვიყვანს.
აღმოაჩინეთ ბედნიერების „პატარ-პატარა ნაჭრები”!
სამსახურში, გადატვირთული რეჟიმის დროს, რთულია, სტრესისა და „დედლაინების” გარდა, სხვა რამეზე ფიქრი. ეს კი ჩვენში პოზიტიურ შეგრძნებებს ამცირებს. თუ ძალიან მოვინდომებთ, ბედნიერების ამ „პატარ-პატარა ნაჭრებს” რამდენიმე წამში ვიპოვით. ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გაგვაბედნიეროს – წყლის დალევამ, მეგობრისგან მიღებულმა შეტყობინებამ ან იმაზე ფიქრმა, როგორ წამოვწვებით რბილ დივანზე დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ.
„ბედნიერების ეს „პატარ-პატარა ნაჭრები” ყველგანაა, როგორც კი დავიწყებთ მათ აღქმას, ჩვენს თავს რაღაც ხდება, ბედნიერების განცდა კი გვიჩენს იმედს”, – ამბობს ჩეიდ მენ ტანი.
გამოვიმუშაოთ ჩვევა, რომ ყველას წარმატება ვუსურვოთ!
როდესაც ადამიანებს წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებთ, ყველაფერი უკან გვიბრუნდება.
„მენტალურად უნდა გამოვიმუშაოთ ჩვევა, რომ როგორც კი დავინახავთ ადამიანს, მაშინვე ვიფიქროთ : „მინდა ის ბედნიერი იყოს”. ის ხალხი, ვისთვისაც პოზიტივს გავცემთ, გაუცნობიერებლად „იღებენ” ამ აურას”,-ამბობს ჩეიდ მენ ტანი.
ისუნთქეთ ღრმად!
მედიტაცია ადამიანებს აბედნიერებს, მაგრამ ხშირად რამდენიმე ღრმად ჩასუნთქვაც ანალოგიურ განცდას გვანიჭებს.
„ყურადღება მიაქციეთ, როგორ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ. თუ დრო გაქვთ, ერთი წუთი დააკვირდით თქვენს ამ პროცესს. შესაძლოა, ეს ყველაფერი უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ასე მეტ ყურადღებას აქცევთ აწმყოს”, – ამბობს ჩეიდ მენ ტანი.