ლიდერები ხშირად უშვებენ შეცდომას, როდესაც თანამშრომელი სამსახურში ბედნიერი ჰგონიათ, თუკი ის არ “წუწუნებს”. სამწუხაროდ, ამის მარტივად გარკვევა ყოველთვის ვერ ხერხდება. შესაძლოა, თანამშრომელი საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებდეს, ყოველთვის ხაზზე იყოს, როდესაც გჭირდებათ და მაინც ვერ ხვდებოდეთ, რომ ის არაა ბედნიერი. შესაძლოა, ფარულად, სხვა სამსახურსაც ეძებდეს და პრიორიტეტების შეცვლაზე იყოს მომართული, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე მილიონობით ადამიანმა გააკეთა. შესაძლებელია, ავირიდოთ თავიდან ასეთი თანამშრომლების გადინება? ერთ-ერთი კარგი გზაა, რომ ადამიანებს დროულად ჰკითხოთ, რა სჭირდებათ, არიან თუ არა ბედნიერები ამჟამინდელი საქმით და არ დაელოდოთ მათ წასვლას. მაინც, როგორ ვკითხოთ?
განსაზღვრეთ კონტექსტი
აცნობეთ თანამშრომელს, რომ ეს არაა პროდუქტიულობის შესახებ საუბარი ან მიმდინარე პროექტების განხილვა, არამედ გაინტერესებთ, როგორ გრძნობენ თავს და როგორ შეგიძლიათ მათი მხარდაჭერა:
როგორია შენი განწყობა სამსახურთან დაკავშირებით, საერთო ჯამში?
სამუშაოს რა ნაწილი მოგწონს ყველაზე მეტად?
საქმის რა ნაწილი არ მოგწონს ყველაზე მეტად?
როგორ უთავსებ ერთმანეთს სამსახურსა და პირად ცხოვრებას?
რა სირთულეებს აწყდები და რით შემიძლია დაგეხმარო?
რაიმე რჩევა ხომ არ გჭირდება?
ახერხებ აქ სწავლასა და გაზრდას? თუ არა – როგორ შემიძლია შეგიწყო ხელი?
გადადით საუბრის ძირითად ნაწილზე
ჩვენი მოსმენის უნარი დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს განწყობასა და საუბრის დაწყებაზე. თუკი გეჩქარებათ და სხვა შეხვედრაზე ფიქრობთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანაგრძნობის გამოხატვას შეძლებთ. როდესაც საუბარს დაგეგმავთ, დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გაქვთ. დაფიქრდით – როგორი ადამიანია, ვისთანაც საუბარს ვაპირებ და რა ესაჭიროება მას ყოველდღიურად საქმის კეთებისთვის? თუკი ეს ადამიანი ხვალ სამსახურიდან წასვლას გადაწყვეტს, როგორი იქნება ამის გავლენა ჩემზე და ჩემს გუნდზე?
შეხვედრა სწორად დაიწყეთ
იმის მიუხედავად, პირადად ხვდებით ადამიანს თუ ონლაინ რეჟიმში, გამორიცხეთ ყურადღების გამფანტველები. სრულად კონცენტრირდით ამ ადამიანთან საუბარზე. არაფერი არ ვნებს ასეთ საუბარს ყურადღების გადატანაზე მეტად. გამოხატეთ შეხვედრის მიზეზი და მიზანი თავიდანვე. შეახსენეთ ადამიანს, რომ მზად ხართ მოუსმინოთ, გაიზიაროთ მისი გამოცდილება და მოიფიქროთ, რით შეუწყოთ ხელი.
ცადეთ და ნამდვილად მოუსმინეთ
როდესაც ლიდერები საუბრის წარმართვას სწავლობენ, ისინი ხშირად სვამენ კითხვას: რა იქნება, თუკი თანამშრომელი ისეთ პრობლემას წამოჭრის, რომლის გადაჭრაშიც ვერ დავეხმარები? ასეთ დროს უნდა გაიაზროთ – სჯობს, იცოდეთ და გესმოდეთ მისი პრობლემის, ვიდრე უგულვებელჰყოფდეთ მას. გულდასმით მოსმენა ხშირად დახმარებაზე არანაკლები საქმეა.
მოუსმინეთ გულისყურით. შემდეგ, იფიქრეთ, რა შეგიძლიათ და რა იქნებოდა ეფექტური.
თუკი ადამიანი გიყვებათ თავის იმედგაცრუებაზე ან საქმესთან დაკავშირებით წუხს, გახსოვდეთ – ყველა ასეთი ამბის მიღმა ვალდებულებაა. მოუსმინეთ, რა ვალდებულებები აქვთ და ჰკითხეთ, რით შეგიძლიათ მათი დახმარება. შესაძლოა, ადამიანი რთულად უყურებდეს საკითხს და ასეთ დროს, მისი დახმარება შეძლოთ.
შეთანხმდით მომდევნო ნაბიჯებზე
საუბრის მიწურულს, შეთანხმდით, როგორ გააგრძელებთ მოქმედებას. თუკი კიდევ ბევრი რამ დარჩა განსახილველი, ჩანიშნეთ მომდევნო შეხვედრა, მსჯელობისთვის. თუკი უკვე შეთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე, წერილობითაც შეატყობინეთ, რათა მკაფიოდ ჩანდეს, რა შედეგი მოყვა ამ საუბარს და თანამშრომელს ჰქონდეს განცდა, რომ ვითარება გაუმჯობესდა.
წყარო: HBR










