22
Nov
2019

პარასკევს ოფისიდან ადრე გასვლაც მოსულა, ანუ გიყვებით „თიბისი დაზღვევის“ კორპორატიულ კულტურაზე

22 Nov 2019

თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე კომპანიების დიდი ნაწილი ცდილობს თანამშრომლებთან ურთიერთობის კლასიკური ფორმების გადააზრებასა და კონკრეტული კომპანიისთვის, თითოეული თანამშრომლის, როგორც ინდივიდის კმაყოფილების მნიშვნელობის გააზრებასაც. სულ უფრო აქტუალური ხდება აზრი, რომლის მიხედვითაც, კომპანია, მისი პროდუქტები და სერვისები დგას თანამშრომლების შრომისუნარიანობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, თანამშრომლებზე ზრუნვა ბევრი ორგანიზაციისთვის, კორპორატიული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. მსგავს მიდგომებს ვხვდებით საქართველოშიც. ამ შემთხვევაში, თიბისი დაზღვევის მაგალითის განხილვას ვაპირებთ, რადგან აქ დიდი ხანია აქვთ თანამშრომლებზე ზრუნვის კულტურა და მას სხვადასხვა სახე აქვს მიღებული. დავიწყებთ Happy Friday-თ, რომელიც შედარებით ახალი ინიციატივაა კომპანიისთვის.

Happy Friday
ამ ინიციატივის ფარგლებში, თიბისი დაზღვევის თანამშრომლებს, პარასკევობით, 17 საათზე შეეძლებათ სამსახურიდან წასვლა. თუ გავითვალისწინებთ კომპანიის მასშტაბებს, ეს არც ისე ადვილად მისაღები გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. თვითონ თიბისი დაზღვევაში კი ამბობენ, რომ ინიციატივაზე ფიქრი სწორედ მაშინ დაიწყეს, როცა კომპანიის თანამშრომლების იდენტობა განსაზღვრეს.

მივედით იმ ფორმულირებამდე, რომ ჩვენ ვართ ბედნიერი პროფესიონალები.  ეს მოკლე განსაზღვრება სინამდვილეში ძალიან ბევრ ფაქტორს და თვისებას გულისხმობს და თუ კონკრეტულად ბედნიერების თემაზე ვილაპარაკებთ, რა გვაბედნიერებს ჩვენ, როგორც კომპანიაში მომუშავე პირებს. პარასკევი ზოგადად პოზიტიურ ემოციებთან არის დაკავშირებული და გადავწყვიტეთ, ეს დღე გავხადოთ კიდევ უფრო დადებითი და ვაჩუქოთ თანამშრომლებს happy hours. ჩვენ გვჯერა, რომ მეტი თავისუფალი დრო ადამიანებს უდრის უფრო ბედნიერ თანამშრომლებს. ასე რომ, ამიერიდან, ყოველ პარასკევს მხოლოდ 17 საათამდე ვიმუშავებთ და Happy Friday ყველას!“, – ამბობს თეა მახარაძე, თიბისი დაზღვევის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პირობები, გარემო
გარემო მნიშვნელოვან როლს იძენს სამუშაო პროცესში, რადგან ხშირად, კომფორტული სამუშაო სივრცე არის ის, რაც ნაყოფიერი მუშაობის წინაპირობაა, რაც ქმნის სამუშაო განწყობას. მით უფრო მნიშვნელოვანია ამაზე ფიქრი, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღის განმავლობაში, დროის დიდ ნაწილს სწორედ სამუშაო სივრცეში ვატარებთ. თიბისი დაზღვევის შემთხვევაში, ყურადღება ეთმობა არამხოლოდ სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნას, არამედ, სამუშაო პროცესშივე, თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას. მსგავსი გადაწყვეტით კომპანია ცდილობს, სამუშაო პერიოდში, ხელი შეუწყოს თანამშრომლების როგორც ფსიქიკურ, ასევე, ფიზიკურ განტვირთვას. თიბისი დაზღვევაში ამბობენ, რომ სპორტი აქ ძალიან უყვართ და შესაბამისად, ხშირად იღებენ მონაწილეობას ფეხბურთის, კალათბურთისა თუ კარტინგის ტურნირებში.

პროფესიული განვითარება
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა თანამშრომლებზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილია. ამ მხრივ, თიბისი დაზღვევა წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგებს გეგმავს და ახორციელებს. გარდა ამისა, გზავნის თანამშრომლებს სხვადასხვა ტრენინგცენტრში, მათთვის საინტერესო მიმართულებით განვითარებისთვის. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ დაუფინანსოს თანამშრომლებს ვორქშოპები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ. 

პროფესიული განვითარების კუთხით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხაზგასასმელი. ვსაუბრობთ თანამშრომლების პროფესიული განვითარების დაფინანსებაზე. ამჯერად, თიბისი დაზღვევის ორ თანამშრომელზე მოგიყვებით, რომლებმაც კვალიფიკაციის ამაღლება კომპანიის დახმარებით შეძლეს. 

ნატა სუჯაშვილი თიბისი დაზღვევაში ბიზნესის განვითარების პროექტების მენეჯერად მუშაობს. მისი ამჟამინდელი საქმიანობა მოიცავს ერთი მხრივ, ორგანიზაციაში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკების დანერგვას და მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვის მომსახურების ინოვაციური ელემენტების შემოტანას. ნატას აზრით, საქართველოში პროექტების მენეჯმენტის მიმართულება საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად, თვითგანვითარებასთან ერთად, განათლება არის ის, რაც ამ სფეროში წარმატებისთვის საჭიროა. 

M: რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის თიბისი დაზღვევის მხრიდან, სწავლის დაფინანსებას? რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ფაქტთან, როგორც კომპანიის თანამშრომელს?

თიბისი დაზღვევაში ყოველთვის მოსულა საკუთარი თავის გამოცდა, სწავლა და სიახლეების ძიება. აქ, ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ ჩვენს საქმეს, ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენი ხვალინდელი შედეგი დღევანდელზე უკეთესი იყოს. ალბათ, მსგავსი მუხტი მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს ორგანიზაციაში, თუ გრძნობ, რომ შენი თითოეული ნაბიჯი წინ, შენი გუნდისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია. სწორედ, ასეთი ნაბიჯი გადავდგი მაშინ, როდესაც გადავწყვიტე საზღვარგარეთ, ევროპულ სკოლაში მეცადა ჩემი ბედი. მანამდე კომპანიაში ვმუშაობდი მომსახურების ხარისხის განვითარების მიმართულებით. 2018 წელს კი მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი კორპორატიული ცხოვრების ნაცვლად სრულიად უცხო ქვეყანაში გამეგრძელებინა სწავლა – ეს იყო იაგელონის ბიზნეს სკოლა პოლონეთში.

თიბისი დაზღვევამ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, იმ კუთხით, რომ არ დავკარგე კავშირი კომპანიასთან და ისევ აქტიურად ვიყავი ჩართული ბიზნეს პროცესებში. ამ პერიოდში დავიწყე კომპანიისთვის სხვადასხვა პრეოქტზე მუშაობა დისტანციურად, რაც ჩემთვის სრულიად ახალი ცხოვრების სტილი და გამოცდილება იყო. დიდი დისტანციის მიუხედავად, ჩვენ ამ პერიოდში 2 წარმატებული პროექტი განვახორციელეთ და დაბრუნებისთანავე მომეცა შანსი პროექტების მართვის მიმართულებით მიმეღო პროფესიული განათლება, რა თქმა უნდა, ისევ თიბისი დაზღვევის მხარდაჭერით.

თიბისი დაზღვევის პერსონალური რისკების ანდერაიტინგის განყოფილების უფროსი – ეკა გორგასლიძე გვიყვება, რომ ინტერნეტისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში, ნებისმიერი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის მიუხედავად, მნიშვნელობას არ კარგავს უშუალო კონტაქტი უცხოელ კოლეგებთან. მით უფრო საგულისხმოა ეს კომპონენტი მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებში, წამყვან პოზიციებზე მომუშავე კოლეგენთან ურთიერთობას ეხება საქმე. 

ძალიან დასაფასებელია „თიბისი დაზღვევის“ მხრიდან საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დაფინანსება. ეს კონფერენცია Uniglobal Health Insurance Conference ტარდება ყოველწლიურად. კომპანიამ მომცა საშუალება ამ კონფერენციებს დავსწრებოდი 2018 წელს ბერლინში და 2019 წელს ლისაბონში. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების სადაზღვევო კომპანიების, სამედიცინო პროვაიდერებისა და IT ტექნოოგიების წარმომადგენლები. მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოხსენებები სადაზღვევო სფეროს ინოვაციებზე ისეთი სადაზღვევო კომპანიების გიგანტების მენეჯერებისგან როგორებიცაა AXA, Allianz, BUPA, Cigna, AIG და სხვა. გარდა ამისა მოგვეცა საშუალება აქტიურ დისკუსიებში მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი პოზიციები გაგვეზიარებინა. კონფერენციაზე მიღებული ინფორმაცია და კონტაქტები ძალიან გამოგვადგა ახალი პროექტების დანერგვაშიც“.

„თიბისი დაზღვევაში“ ამბობენ, რომ თანამშრომლებზე ზრუნვის მიმართულებით, კიდევ ბევრი პროექტის განხორციელებას აპირებენ.  ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვით, რას ეხება ეს პროექტები, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ზრუნვის სახეების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ალბათ, რაღაც საინტერესოს უნდა ველოდოთ.


[R]

განხილვა