
გიორგი ბეჟანიშვილი და თათა კაკაშვილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია. კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივე კერძო კომპანიებში მუშაობდა. გამოცდილების დაგროვების შემდეგ, საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს და ჰოსტელი გააკეთეს. ბიზნესის წამოწყების იდეასა და კონცეფციაზე მარკეტერთან თათა კაკაშვილმა ისაუბრა.
M: საიდან გაჩნდა უცხოელებისთვის დღიურად გასაქირავებელი ბინების გაკეთების იდეა?
მე და ჩემმა მეუღლემ, დაახლოებით, 1 წელი ვამუშავეთ ჰოსტელი. ყოველდღიურად გვქონდა შეხება ბევრ სტუმართან, ბევრს ვსაუბრობდით მათთან. ხშირად გვქონდა შემთხვევა, განმეორებით უნდოდათ თბილისში ჩამოსვლა მეუღლესთან ან მეგობრებთან ერთად და სურდათ ბინის დაქირავება თბილისში. ყოველთვის ვეხმარებოდით ასეთ სიტუაციებში და ძიების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ნაკლებადაა გამორჩეული ინტერიერის მქონე ბინები, სადაც სიამოვნებით დაისვენებდნენ. გადავწყვიტეთ, მარტივი იდეა დაგვეხვეწა და გვექცია ახალ ბიზნესად: ჩვენი სტუმრებისთვის გამორჩეული, ფერადოვანი გარემო შეგვექმნა და ხელმისაწვდომ ფასად შეგვეთავაზებინა. ასე გაჩნდა Happy Home Apartments – Daily
M: როგორ შეიქმნა Happy Home-ს ორიგინალური ინტერიერი?

იდეის განსახორციელებლად ინტერიერის დიზაინერ პეპილოტს მივმართეთ. პეპი ძალიან ნიჭიერი, ოქროსხელება გოგოა, რომელსაც ჰოსტელისთვის ულამაზესი სანათები და საოცარი დეკორატიული ყუთები უკვე შექმნილი ჰქონდა. მან ძალიან ბევრი იდეა დაგვიხატა და მათ განსახორციელებლად სამივე ბოლომდე ჩავერთეთ სამუშაო პროცესში. კედლების მოხატვა იქნებოდა, სანათების, მაგიდების გაკეთება თუ დეკორატიული ყუთების დამზადება, ყველაფერს თავად გავართვით თავი. პეპილოტის იდეების განხორციელება ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ მუშაობა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, როდესაც ჩვენშიც აღმოგვაჩენინა ახალი შესაძლებლობები. რეალურად, მცირე დროში შეზღუდული ბიუჯეტით, პეპილოტის უმაგრესი იდეების წყალობით, უბრალო ნივთების საშუალებითა და დიდი შრომის ფასად შევქმენით ულამაზესი დეკორაციები.
















