6
Nov
2019

ბედნიერი თანამშრომელი 13%-ით უფრო პროდუქტიულია

6 Nov 2019

რამდენიმე წლის წინ, ევროპელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი – მათემატიკის გამოცდაზე შესვლის წინ, მონაწილეების ნაწილს, შოკოლადი აჭამეს და კომედიური სკეტჩები აყურებინეს, ნაწილი კი ჩვეულებრივ შეუშვეს გამოცდაზე. ამ სასიამოვნო ექსპერიმენტის მიზანი იყო გაერკვიათ, როგორ მოქმედებს ადამიანის ქცევაზე ბედნიერების განცდა. აღმოჩნდა, რომ მათ ვინც ტკბილი ჭამა და სასაცილო ვიდეოებს უყურა, 10%-ით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ. როგორ მოქმედებს ბედნიერების შეგრძნება სამსახურში და როგორ აისახება თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე? ეს საკითხი უკვე შეისწავლეს – Oxford University-ის მკვლევარებმა. აღმოჩნდა, რომ ბედნიერების განცდა კადრების პროდუქტიულობას ზრდის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევაში British Telecom-ის „ქოლ ცენტრის“ 1 800 თანამშრომელი მონაწილეობდა და 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ყოველ კვირაში, მათ ბედნიერების კოეფიციენტი მარტივი ემოჯით უნდა გამოესახათ. შემდეგ, შეისწავლეს მათი მოქმედება ზარებზე პასუხისას, ბოლოს კი შეადარეს ეს მაჩვენებლები: ემოჯიები და ამ მომენტში გამოვლენილი ქცევა.

კვლევარებმა დაადგინეს, რომ თანამშრომლები 13%-ით უფრო პროდუქტიულები იყვნენ იმ კვირაში, როცა ბედნიერები იყვნენ (კვირის შეფასებისას თვითონვე გამოიყენეს ბედნიერების ემოჯი), ვიდრე მაშინ როცა, თავს ნაკლებად ბედნიერად გრძნობდნენ. 

„ეს 13% -იანი სხვაობა რამდენად რეალური შეიძლება იყოს? თუ თანამშრომელთა ბედნიერება მაინც სამუშაოს სიმძიმესა და სირთულეზეა დამოკიდებული? ვიღაცას შეიძლება დარჩეს განცდა, რომ იქნებ, იმ კვირაში, როცა უფრო პროდუქტიულები იყვნენ, უბრალოდ შედარებით მსუბუქი დღეები ჰქონდათ? არ იყო რთული ზარები და ნაკლებად ისტრესებოდნენ თანამშრომლები? მკვლევარები ამბობენ, რომ ასე არ არის – როცა თითოეული ზარის შესწავლისას, დაადგინეს, რა რთული საუბარიც არ უნდა ჰქონოდათ აბონენტთან, ამას თანამშრომელთა განცდებზე არ უმოქმედია, შესაბამისად, არც მათ პროდუქტიულობაზე ასახულა. დასკვნა ასეთია – ბედნიერი თანამშრომლები უკეთ მუშაობენ“.

ერთი რამ ცხადია, ბედნიერება, პირად ცხოვრებაშიც და სამსახურშიც, განსაზღვრავს ადამიანის პრიორიტეტებს. Harvard-ის მკვლევარი შონ ექორიც იმავეს ამბობს – ბედნიერება დაგეხმარებათ საკუთარი მიზნების მიღწევაში.

თუმცა, Oxford University-ის კვლევა მენეჯერებისთვის საინტერესო დეტალსაც უსვამს ხაზს – მათ თანამშრომლებს, ბედნიერებისთვის, სერიოზული საბაბი აქვთ. როგორ უნდა მოახერხონ ეს, ანუ გააბედნიერონ ისინი, ეს კვლევის ფარგლებს სცდება. მაგრამ თუ ყველა ხელმძღვანელი გაითავისებს, რომ ბედნიერების განცდა დამატებითი ფუფუნების საგანი კი არა, თანამშრომლების პროდუქტიულობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება. 

 



განხილვა