3
May
2019

„დავარქვათ მგზავრობის გამოცდილებას კომფორტული“ – ქართული აპლიკაცია „ჰარი“

3 May 2019

Startauperi
Startauperi


საქართველოს მასშტაბით, გადაადგილების გამოცდილება იშვიათად იმსახურებს შეფასებას – „კარგი“, ან „კომფორტული“. გარდა ამისა, ქალაქებს შორის მოძრავ მანქანებს ხშირად, თავისუფალი აქვთ უკანა სავარძლები და მეტიც, ასეთი მანქანების მძღოლებს, ხშირად, საათების განმავლობაში, მარტო უწევთ მგზავრობა. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სერვისი/აპლიკაცია არსებობს, რომლებიც საქალაქთაშორისო გადაადგილების მსურველებსა და მანქანაში ადგილის მქონე მძღოლების შუამავლის როლს ასრულებს და საქართველოშიც, ვქმნით ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რომლებიც ამ ორ რგოლს ერთმანეთთან დააკავშირებს. ვგულისხმობთ „ჰარის“ – დამგზავრების ქართულ აპლიკაციას, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ერთი წლის წინ შექმნეს და დღემდე ავითარებენ.

ნიკა ბაზაძე ერთ-ერთია იმ 6 სტუდენტთაგან, რომელიც „ჰარის“ განვითარებაზე ზრუნავს. ის გვიყვება, თუ როგორ არის შესაძლებელი საქართველოს ქალაქებს შორის მგზავრობა ისე, რომ გავწიოთ ნაკლები ხარჯი, გადაგვხდეს თავგადასავლები და „დავარქვათ მგზავრობის გამოცდილებას კომფორტული“.

მძღოლებს აპლიკაციაში მარტივად შეუძლიათ გააკეთონ შეთავაზება და აღწერონ, სად მიდიან, რა მანქანით, რამდენი თავისუფალი ადგილი აქვთ და რა თანხის სანაცვლოდ უნდათ დაიმგზავრონ სხვა. ხოლო მგზავრებს შეუძლიათ სასურველი შეთავაზება დაჯავშნონ და მგავრობა გაიზიარონ. ამჟამად, აპლიკაციას 5000 მდე უნიკალური გადმომწერი ჰყავს, საზოგადოება ეტაპობრივად ეცნობა დამგზავრების შესაძლებლობას და ცდის ამ მომსახურებას. ჰარის ჩამოტვირთვა Apple Store-დან და Google Play Store-დან შეგიძლიათ. დამგზავრება ევროპისა თუ ამერიკის მასშტაბით ნაცნობი და საყვარელი მომსახურებაა და დიდი სურვილი გვქავს, ქართველმა ხალხმაც აუწყოს ფეხი დანარჩენ მსოფლიოს, დამგზავრების კუთხით“.

M: როგორ აქციეთ „ჰარის“ იდეა ფუნქციურ აპლიკაციად? რა ეტაპები გაიარეთ ამისთვის, ან რა გამოწვევები დაძლიეთ?
თითოეული ჩვენგანისთვის აპლიკაციის ნულიდან შექმნა ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რადგან  სტუდენტებს ამ სფეროში არც თუ ისე დიდი გამოცდილება გვქონდა. ერთ-ერთი პირველი სირთულე „ჰარის“ გუნდის შექმნა იყო, რომელიც იდეას რეალობად აქცევდა. საქართველოში ჯერ ნაკლებად გვაქვს სტარტაპში მუშაობის პრაქტიკა საკუთარი მოტივაციით და მომავალი პერსპექტივიდან გამომდინარე, ამიტომ ღირებულების დანახვა და სტიმულირება ყველასთვის რთული აღმოჩნდა. თუმცა საბოლოოდ, შევძელი გუნდის შეკვრა. შემდეგი საკითხია ამ მოტივაციის შენარჩუნება და უკვე პროცესში არსებული სირთულეების გადალახვა. რეგულაციებმა უკან დაგვხია, რადგან საქართველოში არცერთ ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლო გადახდის სისტემის ინტეგრაცია ჩვენს აპლიკაციაში. მოგვიანებით, ეს რამდენიმეთვიანი შეფერხებაც დავძლიეთ, როცა ეროვნული ბანკისგან რეგულაციები შეიცვალა. ამ ეტაპზე, ჩვენს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ინფორმაციის გავრცელება და გარკვეულწილად, ხალხის მენტალობის შეცვლა, რადგან დამგზავრების ირგვლივ ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს საქართველოში.

M: რა გაჩვენათ გამოცდილებამ? როგორ განვითარდით და რა ფუნქციებს აერთიანებს ამ დროისათვის თქვენი აპლიკაცია?
მომხარებლის უკუკავშირმა ცხადყო, რომ ჰარის უპირველესი ღირებულებები სანდოობა და მოსახერხებლობა უნდა ყოფილიყო. ამის საპასუხოდ, აპლიკაციიდან სრულად ამოვიღეთ ნაღდი ანგარიშსწორება, რაც ფულთან უშუალო შეხების უხერხულობას ამცირებს. ამასთანავე, აპლიკაციას დავამატეთ მიმოწერის ველი (ჩატი), რაც მომხარებლებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. გვაქვს საფასო პოლიტიკა, რაც კომერციული მიზნით დაინტერესებულ მძღოლებს სტიმულს არ აძლევს აპლიკაცია გამოიყენონ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იდენტიფიკაციის სხვადასხვა მეთოდების ინტეგრაციაზე, რომ მომხარებლებში გავზარდოთ სანდოობა.

მგზავრებსა და მძღოლებს შეუძლიათ საკუთარი პროფილის სანდოობის ასამაღლებლად ატვირთონ ფოტო, მიუთითონ ნომერი, მეილი. სანდოობის კიდევ უფრო გასაზრდელად, მგზავრობის დასრულებისას თითოეულ მგზავრობის წევრს შეუძლია დაწეროს შეფასება (რივიუ), უფრო მეტიც, შეფასების დაწერა შესაძლებელია ანონიმურადაც, რათა გაქრეს უარყოფითი კომენტარის დაწერის უხერხულობა. ასევე, მძღოლსაც და მგზავრსაც შეუძლია განცხადების გაზიარება სოციალურ ქსელში, რათა კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად იპოვონ დამგზავრების მსურველები. მგზავრობის დასრულებიდან 1 დღის განმავლობაში კი მგზავრს შეუძლია გასაჩივრება და შესაბამისი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, თანხის სრულად უკან დაბრუნება.

M: არსებობს, თუ არა მსგავსი აპლიკაცია, ან პლატფორმა ქართულ ბაზარზე? 
„ჰარის“ მსგავსი აპლიკაცია საქართველოში არ არსებობს, თუმცა არის სხვადასხვა პლატფორმები (ვებსაიტი), რომლებიც მსგავს მომსახურებას სთავაზობს მომხარებელს.  ვფიქრობთ ჰარი კონკურენტებთან შედარებით გაცილებით კომფორტული და მოხერხებული ალტერნატივაა საზოგადოებისთვის, ვისაც დამგზავრება სურს.

M: რა მოლოდინს იწვევს „ჰარი“ მის შემქმნელებში და რას გეგმავთ სამომავლოდ?
დამგზავრება მსოფლიოსთვის ნაცნობი და საყვარელი მომსახურებაა, მაგრამ საქართველოსთვის ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ მთავარი ღირებულებების წინა პლანზე წამოწევით, აპლიკაციის ამ ღირებულებების მიხედვით განვითარებით და მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციით, ქართველი ხალხიც საკმაოდ მალე „ჰარის“ მეტად აქტიურად გამოიყენებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჩვენი მიზანი ევროპის ბაზარზე გასვლა და ჰარის გლობალურ სტარტაპად ქცევაა. სულ მალე ვაპირებთ, უნიკალური ფუნქციის დამატებას, მსგავსი ინტერესების და ჰობის მქონე ადამიანების დამგზავრებას, რათა მგზავრობის პროცესი მეტად საინტერესო იყოს. ამასთანავე, ვცდილობთ დავხვეწოთ ჰარი და  მაქსიმალურად გავამრტივით მომხარებლის გამოცდილება აპლიკაციის გამოყენებისას.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა