ჩვენ ბევრი ისტორია გვაქვს მოსმენილი დიდ ბრენდებზე, რომლებმაც ავტოფარეხში ან საკუთარ სახლში დაიწყეს ბიზნესი და ნელ-ნელა გაფართოვდნენ. Haribo-საც მსგავსი ისტორია აქვს – მცირე აღჭურვილობითა და ცოტაოდენი თანხით დაწყებული ისტორია დღეს ყველასთვის ნაცნობ პროდუქციადაა გარდაქმნილი.
ისტორიის დასაწყისი
სულ რაღაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1920 წელს, გერმანელმა კონდიტერმა ჰანს რიგელ უფროსმა დააფუძნა ტკბილეულის დამოუკიდებელი კომპანია Haribo – აბრევიატურა, რომელიც მომდინარეობს მისი სახელისა და მშობლიური ქალაქის სახელწოდებისგან – ბონი (Hans Riegel Bonn). თავდაპირველად რიგელი მარტო მუშაობდა, მოგვიანებით კი დაიქირავა პირველი თანამშრომელი, თავისივე ცოლი – გერტრუდა. რიგელი მომხმარებელს პროდუქტს ველოსიპედით აწვდიდა და პარალელურად, ექსპერიმენტებს ატარებდა სხვადასხვა ახალი ტკბილეულის შექმნაზე. ამ ექსპერიმენტებს შორის დაიბადა პატარა ჟელიბონის დათუნია.
მოცეკვავე დათვი, ანუ გერმანულად Tanzbären – ასე უწოდა რიგელმა თავის პროტოტიპს, რომელიც პირველად შექმნა 1922 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იდეა შთაგონებული იყო ნამდვილი მოცეკვავე დათვებით, რომლებიც ოდესღაც ბავშვებს ართობდნენ ევროპის ფესტივალებზე. კომპანიის გუნდის წევრები იმასაც იხსენებენ, რომ რიგელს არ უნდოდა უბრალოდ ტკბილეულის წარმოება, მას სურდა, რომ მის საქმიანობაში მეტი პერსონალობა, ბავშვური ხასიათი ჩადებულიყო, ამიტომაც შექმნა პერსონაჟი.
სხვადასხვანაირი დათუნია
Haribo-ს ჟელიბონის დათვებმა ათწლეულების განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადეს. აქედან ყველაზე თვალსაჩინო იყო 1960 წლის ცვლილება, როდესაც კომპანიამ თავისი მოცეკვავე დათვების რებრენდინგი შესთავაზა მომხმარებელს და მათ ერქვათ Goldbears. ამ დროს გამოჩნდა ოქროსფერ შეფუთვაში მოთავსებული საღეჭი კანფეტები 5 სხვადასხვა არომატით: ჟოლო, ლიმონი, მარწყვი, ანანასი და ფორთოხალი. ისინი ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად 160 მილიონი Goldbears იყიდება.
აშშ-ის ბაზარი
1982 წელს Haribo gummy bears შეერთებულ შტატებში გამოჩნდა. ამერიკულ ბაზარზე კონკურენციის მიზნით, Haribo-მ განაახლა თავისი შეფუთვაც და არომატებიც.
აშშ-ში მალევე მოიპოვა პოპულარობა და 1985 წელს დისნეიმ დაიწყო სატელევიზიო შოუს გაშვება სახელწოდებით Gummi Bears-ის თავგადასავალი.
ბრენდი დღეს
HARIBO დღეს გლობალური ბაზრის ლიდერია ჟელიბონის წარმოებაში. ის ოპერირებს 120-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო საწარმოები 16 ლოკაციაზე აქვს გაშლილი, სადაც დასაქმებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. მიუხედავად ასეთი ფართო ქსელისა, გაყიდვებისა და წარმოების ქსელები ფართოვდება და მჭიდროდ კოორდინირებულია, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროდუქტების დროული ხელმისაწვდომობა. ბრენდის წარმატების კიდევ ერთი რეცეპტია სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ პრეფერენციებზე მორგებული ტკბილეულის შემუშავება.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი