ცოტა ხნის წინ, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ 8 ქალბატონს შევხვდი. ვუსმენდი 35-დან 74 წლამდე ადამიანების ისტორიებს. თითოეული ეს შემთხვევა ზუსტად ჩემი კვლევის თემა იყო, დაქორწინებული წყვილების კარიერულ განვითარებას რომ ეხება. აღმოჩნდა, რომ ამ ქალებიდან ერთ-ერთს, სხვა ქვეყანაში, საკმაოდ კარგი სამსახური შესთავაზეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდა, თავისი ქმრის დაყოლიება იქ ერთად გადასვლაზე. მეორეს, ოჯახი რომ შეენარჩუნებინა, უარი თქვა ორ სერიოზულ სამსახურზე, აიღო ერთ წლიანი შვებულება და სკოლაში დაბრუნდა. ფიქრობდა, რომ ასე უკეთ შეძლებდა ბალანსის დაცვას კარიერასა და ოჯახს შორის. მესამე ცდილობდა, ნახევარ განაკვეთზე ემუშავა იურისტად, მაგრამ მალე მიხვდა, რომ პროფესიულად ვერ ვითარდებოდა. პრაქტიკულ საქმიანობას თავი დაანება და დოქტორის ხარისხი დაიცვა. სამაგიეროდ, მისმა მეუღლემ გააგრძელა პრაქტიკოსის კარიერა.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებდა ჩემს დასკვნას, მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევის შედეგად რომ გამოვიტანე: ქალებს, ვისაც პროფესიული ამბიციები აქვთ, მეუღლეები ან ყველაფერში მხარს უჭერენ, ან პირიქით.
დღესაც კი, ბევრ კომპანიაში მოწინავე პოზიციებზე, ძირითადად, მამაკაცები მუშაობენ. ჩვენი ქალიშვილები კი, როგორც ამერიკელი ფილანთროპი მელინდა გეითსი წერდა, ჩვენივე მამებისათვის შექმნილ კომპანიებში მუშაობენ.
ჩემი კვლევის შედეგებსა და მეუღლეების მხარდაჭერას რომ დავუბრუნდეთ, ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ მამაკაცები ნაკლებად პროგრესულები და შეგნებულები არიან. მეტიც, ზუსტად ისე აღიქვამენ საკუთარ თავს, როგორც იმ კომპანიის ხელმძღვანელები, მე რომ ვთანამშრომლობ. მაგრამ მათგან ხშირად ითხოვენ კომპრომისს და ეს ცოტა მოულოდნელია. ყველა მამაკაცს მოსწონს, როცა მისი მეუღლე წარმატებულია და მაღალი შემოსავალიც აქვს. მიესალმება ქალის კარიერულ წინსვლას, სანამ ეს ყველაფერი მათ კარიერაზე გავლენას არ ახდენს. პროფესორები მეგ ლავჯოი და პამელა სთოუნი, საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ქალები გადაწყვეტილების 2/3-ს მეუღლეების შეხედულებების მიხედვით იღებენ. მაგალითად, როდესაც შვილები მშობლების ყურადღების დეფიციტს განიცდიან, ამ ვაკუუმის გადასალახად, როგორც წესი, ქალებს უწევთ სამსახურისთვის თავის დანებება. პროფესორ ჯოან უილიამსის კვლევა საკმაოდ პარადოქსული აღმოჩნდა – ქალები საუბრობდნენ, როგორ უჭერდნენ მხარს მეუღლეები განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში, მაგრამ საპირისპიროზე მეტყველებდა მათი ქცევა – არც ერთი მამაკაცი არ ცვლიდა საკუთარ გრაფის, რომ საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა თუნდაც რაიმე საოჯახო საკითხზე. ერთი ქალის მონაყოლი გამახსენდა. ამბობდა, ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, რაც გინდა, რა თქმა უნდა, ის უნდა გააკეთოო, მაგრამ არასოდეს ჩემ გვერდით არ იყო, თუნდაც საოჯახო ტვირთი რომ გაენაწილებინაო.
დღეს ქალები იმედგაცრუებულები არიან. ეგონათ თანაბარი უფლებები ექნებოდათ და მეუღლეები ერთმანეთის მისწრაფებებს მხარს დაუჭერდნენ. მონაცვლებით გადაინაწილებდნენ სხვა პასუხისმგებლობებს და ხელს შეუწყობდნენ ერთმანეთს რეალიზებაში. ამ დროს აბსოლუტურად განსხვავებულია ჰარვარდის კურსდამთავრებულთა შორის ჩატარებული კვლევა – გამოკითხულ მამაკაცთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ საკუთარი კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეუღლის.
პრობლემებს ხშირად ის წყვილებიც აწყდებიან, რომელებიც, თითქოს, თანასწორები არიან. როგორც კი საჭირო ხდება, ორივე ისტორიულ როლს ირგებს: მამაკაცი – კარიერაზეა ორიენტირებული, ქალი – ოჯახზე. თუ ქმარი რამდენიმე წლით უფროსია და ოჯახის შექმნამდე კარიერა უკვე ჰქონდა, იწყება მუდმივი დევნა – ქმარი ვითარდება, აქვს მაღალი ხელფასი, ცოლს კი, მეტი პასუხისმგებლობების გამო, სულ უფრო უჭირს მასთან გათანაბრება.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად 1950-60-იან წლებში იმატა შუა ხნის წყვილების განქორწინებამ. როდესაც ქალს ახალგაზრდობისას მხოლოდ საოჯახო პასუხისმგებლობები ჰქონდა და რეალიზების საშუალება არ გააჩნდა, როგორც კი შვილები ცალკე გადავიდნენ, ბევრი მათგანი ქმარს გაშორდა და კარიერაზე ზრუნვა დაიწყო. მამაკაცები ისე იყვნენ საკუთარი საქმიანობით და პროფესიული წინსვლით დაკავებულები, მეუღლეების სურვილებისა და მისწრაფებებისზე ოჯახის დანგრევის შემდეგ გაიგეს. მანამდე არასოდეს მიუქცევიათ ყურადღება მათი ინტერესებისათვის.
დღეს ვითარება შეიცვალა, თუმცა არა რადიკალურად. მართალია ქალებმაც და მამაკაცებმაც ბევრი რამ ისწავლეს ლიდერობისა და ბალანსის შესახებ, მაგრამ მაინც პრობლემაა ორივე მეუღლის თანაბარი კარიერული წინსვლა.
არსებობს რამდენიმე პუნქტი, რომლებიც, ასეთ დროს, ოჯახში წყვილებმა და სამსახურში თანამშრომლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ:
- ხშირად უნდა განიხილონ საკუთრი ადამიანური და პროფესიული მიზნები. მოუყვნენ ერთმანეთს, რისი მიღწევა სურთ და რატომ.
- აუცილებლად უნდა მოისმინონ ერთმანეთის აზრი, გაიგონ მეორე ნახევრის შეხედულებები, განცდები და დამოკიდებულებები.
- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკუკავშირი. მეუღლემ ან თანამშრომელმა უნდა იცოდეს რას ვფიქრობთ მათ განცდებზე, აზრებსა და შეხედულებებზე.
წლების განმავლობაში ქალების პრობლემა უსახსრობაც იყო. როგორც კი ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ, თავისუფლად დგამენ ამა თუ იმ ნაბიჯს საკუთარი შეხედულების შესაბამისად. მათ არ ეშინიათ მარტო დარჩენის, შეუძლიათ საკუთარ ცხოვრებაზე სრულად აიღონ პასუხისმგებლობა. როცა ქალები ხედავენ, რომ რეალიზებულები არ არიან, მათ აზრს არ ითვალისწინებენ ან საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ავლენენ, უბრალოდ მიდიან. ასეა სამსახურის და ოჯახის შემთხვევაშიც.
ოჯახში მეუღლის ან კომპანიაში თანამშრომელი ქალის შესანარჩუნებლად აუცილებელია გამოცდილება და თვითშეგნება, გუშინდელის ნაცვლად, დღევანდელი წესების დანერგვაა საჭირო: კომპანიაში უნდა მოხდეს სისტემისა და კულტურის ადაპტირება, ოჯახის შემთხვევაში კი წყვილმა გააცნობიეროს, რომ ორივე მათგანს განვითარებისა და კარიერული წინსვლის თანაბარი საშუალება და ხელშეწყობა სჭირდება.
წყარო: Harvard Business Review
ავტორი: Avivah Wittenberg-Cox