Hasbro, Inc. სათამაშოებისა და გართობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელია. სწორედ მისი შექმნილია ყველა ბავშვის საყვარელი Mr. Potato Head, Transformers, My Little Pony და Monopoly. Hasbro-მ თაობების განმავლობაში ცენტრალური როლი ითამაშა ბავშვისთვის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში, ამიტომ დავინტერესდით, როგორი იყო მისი ამოსავალი წერტილი, რომელიც საოჯახო, ტექსტილის ბიზნესით დაიწყო.
ადრეული წლები (1923–1940)
Hasbro დაარსდა 1923 წელს აშშ-ში, როდ-აილენდის შტატში. მისი დამფუძნებლები პოლონელ-ებრაელი ძმები არიან: ჰენრი, ჰილელი და ჰერმანი. სახელწოდებაც, ძნელი მისახვედრი არაა, რომ სწორედ აქედან წამოვიდა. თავდაპირველად კომპანიას Hassenfeld Brothers დაარქვეს, რადგან, გარდა იმისა, რომ სამივეს სახელი „ჰ” ასოთი იწყება, გვარად ჰასენფელდები იყვნენ.
საქმიანობა დაიწყეს ტექსტილის ნარჩენებით, რომელსაც სასკოლო აქსესუარების დამამაზადებლებს აწვდიდნენ. თუმცა 40-იანი წლებიდან პატარ-პატარა სათამაშოების კერვაც დაიწყეს, როგორიც იყო საექიმო ნაკრები ბავშვებისთვის.
საზოგადოებრივი საქმიანობა
სანამ ისევ სათამაშოებზე ვილაპარაკებდეთ, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომი ძმებმა პოლონეთის ქალაქ ულანოვიდან თანამემამულე ებრაელების გადარჩენასა და დასაქმებაში გაატარეს. ულანოვში დაბადებულმა, ჰოლოკოსტს გადარჩენილმა იაკობ კლაპერმა გაიხსენა, როგორ უთხრეს შეერთებულ შტატებში ჩასვლისას, რომ „ჰასენფელდ ძმები“ ულანოვიდან გადარჩენილ ნებისმიერ ადამიანს დაასაქმებდნენ ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე.
ლეგენდარული სათამაშოების დაბადება
კომპანიამ ოფიციალურად შეამოკლა თავისი სახელი და 1960-იანი წლების დასაწყისში Hasbro Industries-ს დაერქვა. ეს ეპოქა მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან Hasbro სრულად ჩაერთო სათამაშოების ბიზნესში და კანადაშიც გახსნა ფილიალი.
1952 გამოვიდა Mr. Potato Head, რომლის რეკლამაც აქტიურად ტრიალებდა ტელევიზიებში. ამ სათამაშომ კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა და 1954 წელს კომპანია გახდა Disney-ის მსხვილი ლიცენზიის მფლობელი.
1964 წელს ბრენდმა კიდევ ერთი, შემდგომში პოპულარული სათამაშო შექმნა, G.I. Joe. კონცეფცია, რომელიც ამ უკანასკნელს ედო საფუძვლად, რევოლუციური იყო იმ დროისთვის და განსაკუთრებით ბიჭების გული დაიპყრო.
გაფართოება
მე-20 საუკუნის ბოლოს Hasbro სწრაფად გაიზარდა და ბაზარზე დომინირებაც დაიწყო. 1983 წელს გამოვიდა My Little Pony ხაზი, რომელიც სწრაფად იქცა კულტურულ ფენომენად.

აქედან ერთ წელიწადში კი დღეს ყველასთვის ნაცნობი Transformers გამოუშვა. ამისთვის მან იაპონურ სათამაშოების კომპანია Takara-სთან პარტნიორობა დაიწყო, რათა ფრანშიზა მოეპოვებინა და ტრანსფორმერები აშშ-შიც დამკვიდრებულიყო. სათამაშო, კომიქსებისა და მულტფილმების საშუალებით, საკმაოდ მალე გახდა პოპულარული.
1991 წელს Hasbro-მ შეიძინა Tonka Corporation, რომლითაც თავის ასორტიმენტს დაამატა ისეთი თამაშები, როგორებიცაა: Monopoly, Risk, Scrabble, Clue და Twister. ამ ნაბიჯით ის არა მხოლოდ სათამაშოების, სამაგიდო თამაშების ბიზნესშიც დომინანტად იქცა.
სწორი სტრატეგია ციფრულ სამყაროში
Hasbro წარმატებაზე ორიენტირებული ბრენდია, ამიტომ მისმა გუნდმა ყოველთვის იცოდა და იცის, როდის რა ნაბიჯი გადადგას.
ციფრულ სამყაროში ბავშვის მიერ თამაშის ჩვევები შეიცვალა. ამიტომ Hasbro-მ რამდენიმე სტრატეგიული ცვლილება განახორციელა:
2009 წელს დააარსა Hasbro Studios, რითაც ფეხი შედგა კინოსა და ტელევიზიის წარმოებაში. 2010-იანი წლებში Discovery Communications-თან პარტნიორობით გაუშვა საკუთარი ქსელი (The Hub) და გააფართოვა ძალები ციფრულ თამაშებსა და მედიაში.
2019 წელს კომპანიამ შეიძინა Entertainment One (eOne), მსხვილი მედია კომპანია, რომელიც Peppa Pig-ისა და PJ Masks-ის უკან დგას. ამ ნაბიჯით სურდა, გაეუმჯობესებინა თავისი თხრობის შესაძლებლობები.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.













