ყველა ავტომოყვარულმა (და არა მარტო) კარგად იცის, რას ნიშნავს ჰეტჩბეკი. ქუჩაში მოძრავი მანქანების დიდი ნაწილი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება და დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია. თვითონ სიტყვა პირდაპირ ნიშნავს მანქანას, რომელსაც უკანა კარი ზემოთ ეწევა, თუმცა ამ ტიპის წვდომის მქონე ყველა მანქანა არ არის ჰეტჩბეკი. ამ მანქანებს ხშირად „ორყუთიანსაც” უწოდებენ, რამეთუ იგი ორადაა გაყოფილი: წინა განყოფილებად, სადაც ძრავია განთავსებული და უკანა ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრებისა და ტვირთისთვის.
რომელია პირველი ჰეტჩბეკი?
ბევრის მტკიცებით, მსოფლიოში პირველი ჰეტჩბეკი 1938 წლის Citroën Traction Avant 11CV Commerciale იყო. მან ოჯახებსა და სხვადასხვა საწარმოს მუშებს შესთავაზა უნიკალური წვდომა საბარგულზე, რომელსაც ჰქონდა გაყოფილი უკანა კარი, სადაც ქვედა ნახევარი იკეცებოდა, ხოლო ზედა ნაწილი ზევით ადიოდა, როგორც ჰეტჩბეკების უმეტესობაში გვხვდება.

არსებობს ასევე ავტოექსპერტების სხვა დიდი ჯგუფიც, რომლებიც Citroën-ს არ თვლიან პირველ ჰეტჩბეკად და ამტკიცებენ, რომ პირველი დიზაინი, რომელსაც დღეს ჩვენ ჰეტჩბეკის სახით ვიცნობთ, 1965 წელს გამოსული Renault 16-ია. ის იმ დროს არსებული სედანებისა და ვაგონის ტიპის ავტომობილების ეკონომიური ალტერნატივა იყო და საწვავსაც ეფექტურად მოიხმარდა.
ჰეტჩბეკების დამკვიდრება
თავდაპირველად ამ კატეგორიის მანქანებს უფრო მოვაჭრეები ყიდულობდნენ, მალევე ის პოპულარული გახდა, როგორც საოჯახო მანქანაც, შემდეგ კი უკვე ნებისმიერი ინტერესის მქონე სეგმენტი მოიცვა. ადამიანები, რომლებსაც სურდათ, რომ „მაგარ მანქანაში” მსხდარიყვნენ, ძირითადად, ჰეტჩბეკებს არჩევდნენ.
1968 წლის Mustang fastback არის ავტომობილი, რომელმაც თაობათა გემოვნება განსაზღვრა. ის ფილმშიც გამოჩნდა, რომელშიც სტივ მაკქუინი მონაწილეობს და კიდევ უფრო ცნობადი და მოთხოვნადი გახდა. მას ჰქონდა წინამორბედ ჰეტჩბეკებზე უკეთესი სიჩქარე და დახვეწილი დიზაინი.

ამ მოდელმა დიდი წვლილი შეიტანა სხვა მწარმოებლების ჰეტჩბეკებით დაინტერესებაში. სხვა მწარმოებლები ცდილობდნენ განსხვავება გაეყოთ სტილსა და ფუნქციურობას შორის. ერთ-ერთი ცნობილი ჰეტჩბეკი იყო Volkswagen Golf, რომელიც მწარმოებელმა 1976 გამოუშვა. ის გამოირჩეოდა თავისი მსუბუქი ჩარჩოთი, რაც მას საშუალებას აძლევდა 60 კმ/სთ სიჩქარე დაახლოებით ცხრა წამში განევითარებინა. ასევე მან შესთავაზა მომხმარებელს უფრო მეტი შენახვის ადგილი, ვიდრე Mustang fastback-მა, რამაც ის მიმზიდველი გახადა მომხმარებლების ფართო სპექტრისთვის.
მე-20 საუკუნის სხვა პოპულარულ ევროპულ ჰეტჩბეკებში გამოირჩეოდა ბრიტანული Austin Maxi, იტალიური Fiat Uno (ცნობილია მაღალი ეკონომიურობით), Renault R9, A-Class, რომელიც ეკუთვნის გერმანულ Mercedes-Benz Trust-ს და ასევე გერმანული BMW.

21-ე საუკუნე
ამ საუკუნემ დააბრუნა ჰეტჩბეკების ზოგიერთი მოდელი, როგორიცაა გერმანული Porsche Panamera და Audi A7, რომლებიც 2009 და 2010 წლებში გამოვიდა. ამავე პერიოდში ძალიან მოიკიდა ფეხი იაპონურმა ჰეტჩბეკებმა, რომელთა წარმოებაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო, მაგრამ 2000-იანებიდან Nissan, Mitsubishi, Honda, Toyota, Suzuki და Subaru მოთხოვნების ლიდერებად იქცნენ ამ კატეგორიაში.
იაპონიის ბაზარზე ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე დიდი ზომის ჰეტჩბეკი მანქანა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია Lexus CT და Nissan Skyline Crossover. გარდა ამისა, იაპონელმა ავტომობილების მწარმოებლებმა შექმნეს რამდენიმე „სპორტული“ ჰეტჩბეკი, როგორიცაა Toyota Celica და Nissan Gazelle.

ჰეტჩბეკები დღეს
მიუხედავად ბაზარზე არსებული არაერთი დახვეწილი ჰეტჩბეკისა, რომელსაც თავისი მომხმარებელი ჰყავს და, ალბათ, სულ ეყოლება, 21-ე საუკუნემ ავტომოყვარულების ინტერესი უფრო დიდი ზომის მანქანებისკენ მიმართა. ერთ-ერთი ტენდენცია სპორტული SUV-ების დანერგვაა, რომლებმაც სწრაფად დაიკავეს ბაზრის წილი და ჰეტჩბეკების პოპულარობაც შეამცირეს. დღეს მომხმარებელი უფრო მეტად უყურებს კროსოვერებს, SUV-ებს, ხოლო თავად ჰეტჩბეკებმაც მცირე ზომის მანქანებიდან უფრო მოცულობითზე დაიწყეს გადასვლა, რათა არ ჩამორჩენოდნენ ტენდენციას და მომხმარებლის ინტერესს მორგებოდნენ.

დღეს არსებული ჰეტჩბეკების რამდენიმე ყველაზე გამორჩეული ჰეტჩბეკია Skoda Octavia, Skoda Scala და სხვა. 2023 წლის საუკეთესო ჰეტჩბეკებად აღიარებული ავტომობილების სიას კი შეგიძლიათ ჩვენს სხვა რუბრიკაში გაეცნოთ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი










