ვენის ცენტრის ერთ-ერთ ჩიხში, Kärntnerstrasse-ს ჩასახვევში Haus Der Musik – მუსიკის მუზეუმია. ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის, შტრაუსის, მალერისა და შონბერგის ქალაქში, ბევრმა, ვისთვისაც კლასიკური მუსიკა ნაკლებად მიმზიდველია, შეიძლება იფიქროს, რომ მუსიკის მუზეუმში მხოლოდ ცნობილი და ელიტარული კომპოზიტორების შესახებ პირადი ინფორმაციის გაცნობასა და ძველი საკრავების ნიმუშების ნახვას შეძლებს. თუმცა, სულ ტყუილად… Haus Der Musik ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური გამოცდილება შეიძლება, აღმოჩნდეს…
ისტორიული ასპექტების გარდა, მუზეუმი საინტერესოა იმითაც, რომ მან ტრადიციულობასა და ინოვაციას შორის ოქროს შუალედი იპოვნა. ესაა ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივად ვითარდება, სწორედ ამიტომ, 18 წლის განმავლობაში, Haus Der Musik-მა, 3 მილიონ სტუმარს უმასპინძლა.
მუზეუმი შესვლისთანავე გამზადებს იმისთვის, რომ რაღაც დიდებულს უნდა გაუგო გემო. კიბის საფეხურების ნაცვლად, ასასვლელში კლავიშებია და თითოეულ საფეხურზე დაბიჯებით რომ მუსიკალური ნოტი ხმას გამოსცემს, გგონია, რომ ამაზე უკეთესს ვეღარაფერს ნახავ, თუმცა კი, ყველაფერი წინ გაქვს.
მიუხედავად ამისა, კიბეზე რამდენიმეჯერ აირბენ და იმ იმედით, რომ მუზეუმიდან გასვლა ოდესმე მოგინდება და შესაბამისად, ამ საფეხურების გამოყენებაც კიდევ ერთხელ მოგიწევს, ამჯობინებ, რომ გზა განაგრძო.
სახლი, სადაც მუზეუმია განთავსებული, ცნობილ ოტო ნიკოლაის, ოპერის – „ვინძორის მხიარული ქალების“ ავტორსა და ვენის ფილარმონიული ორკესტრის ფუძემდებელს ეკუთვნოდა. სწორედ ამიტომ, მუზეუმის პირველი სართულის, ერთ-ერთ ოთახში, ოტო ნიკოლაის ცვილის ფიგურა, მის რეზიდენციაშია მოთავსებული.
იქვე, სპეციალურად მოწყობილ მინისაკონცერტო დარბაზში, ვენის ახალი წლის კონცერტის მნიშვნელოვანი მონაკვეთებისა და „შონბრუნის ზაფხულის ღამის კონცერტის“ მოსმენაა შესაძლებელი, უმაღლესი აუდიო-ვიზუალური ხარისხით. დილის 10-დან საღამოს 9-მდე, ყოველი სრული საათი ახალი კონცერტით იწყება.თუმცა, თუ ფიქრობ, რომ ვენის ფილარმონიული ორკესტრის მოსმენას სხვაგანაც შეძლებ და ეს ასეც არის, ჯობს, ვალსი-კამათლის თამაშს გაუსინჯო გემო: კამათლის თამაშები ყოველთვის ინსპირაციული იყო მოცარტისთვის, ჰაიდნისა და ასევე, სხვა კომპოზიტორებისთვის. წესები კი ასეთია: სენსორების საშუალებით, კამათელს ვირტუალურად აგორებ, ის სხვადასხვა ნოტზე ვარდება, ამით ქულებს აგროვებ და რამდენიმეჯერ გაგორებით, ქმნი შენს საკუთარ მუსიკას, უფრო ზუსტად, ვალსს.
აქედან წამოსვლაც არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა, შენ უკან ჩამწკრივებული ადამიანები გაიძულებენ, რომ გზა მეორე სართულისკენ განაგრძო და საკუთარ თავს მუსიკალური ექსპედიცია მოუწყო: როგორ და საიდან წარმოიქმნება ხმა? როგორ გარდაიქმნება ის მუსიკად? როგორ აღიქვამს ადამიანის სხეული ხმასა და მუსიკას? – მეორე სართული ხმის ფენომენის აღმოჩენასა და გაგებას ემსახურება.
„აღქმის ლაბორატორიის“ გრძელი დერეფნის გავლით, „ინსტრუმენტარიუმში“ გადიხარ, სადაც არარეალურად დიდი ინსტრუმენტების ნახვისა და მათი მოსმენის შესაძლებლობა გაქვს.
ინერციით კი, „პოლიფონიუმისკენ“ გადაინაცვლებ. იქ, სადაც გათანამედროვებული კლასიკური მუსიკა უკრავს, მაგალითად, Mozart Reloaded. შეუძლებელია, აქ ცეკვა არ მოგინდეს. სივრცე ჩაბნელებულია და ძალიან ხმამაღალი ბასი ემოციების მაქსიმალურად თამამად გამოხატვის საშუალებას იძლევა.
ერთსა და იმავე ოთახში, ორიდან, რომელიმე შესასვლელის გამოყენებით, უცნაური ფორმების მეტალის საგნების ყურზე მიდებითა თუ შეზნექილ კედელში თავის შეყოფით, ზღვის, ნიუ-იორკის ქუჩებისა და სხვა, ძალიან სასიამოვნო ხმაურის მოსმენაც შეიძლება.
მესამე სართული დიდებულ კომპოზიტორებს ეკუთვნით. ისტორიული დოკუმენტები, კოსტიუმები, მათი ყოველდღიური ნივთები, თანამედროვე ინსტალაციები და რაც მთავარია, მუსიკა… ოთახიდან ოთახში ხან ვალსის, ხანაც – ბალეტის ცეკვით გადიხარ და ეს არავის აკვირვებს.
ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის, შტრაუსის, მალერისა და შონბერგის – ვენის კლასიკოსების პირად სივრცეში შეჭრილი, ამჯერად, თავს ნებას აძლევ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ – ვენის ფილარმონიულ ორკესტრს უხელმძღვანელო და მათი ვირტუალური დირიჟორი გახდე. პოდიუმზე დგები და ნაწარმოებს თავადვე არჩევ: შტრაუსის „ცისფერი დუნაი“, „ანენ პოლკა“ და „ორფეოსი“, მოცარტის „ღამის პატარა სერენადა“, ბრამსის „უნგრული ცეკვა“ ან იოჰან შტრაუს უფროსის „რადეცკის მარში“. დასაწყისში მაესტრო, ზუბინ მეტა, მუსიკის მუზეუმის პრეზიდენტი გაჩვენებს, როგორ უნდა შეასრულო შერჩეული კომპოზიცია, თუმცა, ფრთხილად უნდა იყო, მუსიკოსებთან ურთიერთობა მარტივი არაა. მაგალითად, თუ სწორად ვერ დაითვალე ან ტემპი სწორად ვერ განსაზღვრე, შეიძლება, ერთ-ერთი მათგანი წამოდგეს და გითხრას: „საერთოდ, ამ ნაწილის აზრზე ხარ?“ – და მთელი ორკესტრი შენს წინააღმდეგ ააბუნტოს.
Haus Der Musik ადგილია, სადაც შენი მუსიკალური, თეატრალური, ქორეოგრაფიული, შემოქმედებითი უნარების, თვითგამოხატვის საშუალებას გაქვს. მეოთხე სართულზე ვირტუალური სცენაა, შენი პირადი მუსიკალური თეატრი. სცენის დიზაინი და მუსიკა შენი მოძრაობების, ჟესტიკულაციის მიხედვით იცვლება. წარმოიდგინე, მთელ წარმოდგენას მთელი სხეულით განიცდი ან მთელი სხეულით ქმნი მუსიკალურ-თეატრალურ წარმოდგენას.
მიუხედავად იმისა, რომ Haus der-Musik-ში ბავშვი ნამდვილად არ მოიწყენს, სპეციალურად მათთვის, სხვა მინისცენაა მოწყობილი, სადაც მათთვის, დიდ ეკრანზე ვირტუალურად, თითის დაჭერით, სხვადასხვა ინსტრუმენტსა თუ მუსიკალურ მიმდინარეობაზე საინტერესო ინფორმაცია ჩნდება.
Haus der Musik ყოველდღე, 10-დან 10-მდე ღიაა. ბილეთის ფასი უფროსებითვის 13 ევრო, ხოლო პატარებისთვის – 6 ევროა. 20:00-დან კი, ღამის ბილეთის ყიდვა, ნახევარ ფასად არის შესაძლებელი. აქვეა კაფე და მაღაზია, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები, ნოტები, ჩანაწერები, ბრენდირებული აქსესუარები იყიდება.
ავტორი: თიკა გეგენავა