14
Aug
2019

Havaianas-ის ჭრელ-ჭრელი fლოპები უკვე საქართველოშია

14 Aug 2019

რასთან შეიძლება, ასოცირდებოდეს ბრაზილია? ალბათ, ყველაზე მეტად იმ საოცარ აურასთან, რომელსაც აქაური საერთო ჟრიამული, განწყობა, ფერად-ფერადი სანაპიროები და ქალაქები ქმნის. ბრაზილიური იდენტობა საკმაოდ ბევრ რამესთანაა კავშირში, თუმცა, ამჟამად, ვაპირებთ, ბრაზილიური fლოპების ბრენდზე – Havaianas-ზე მოგიყვეთ. თუ აქამდე, არ იცოდით, წლების წინ სწორედ ამ ბრენდმა ჩაუყარა საფუძველი ჭრელ-ჭრელ საზაფხულო flip-flop-ებს და იგი დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ბრაზილიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სულ ცოტა ხნის წინ კი Havaianas საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა. თუ როგორ გაჩნდა საქართველოში მისი შემოტანის იდეა და სად შეიძლება დღეს მისი შეძენა, ყველაფერ ამის შესახებ თათია კარიაულს გავესაუბრეთ:

M: საიდან გაჩნდა იდეა, შემოგეტანათ Havaianas-ის fლოპები საქართველოში?

დაახლოებით 4 წლის წინ რიოში მოვხვდით. რა გასაკვირია, შეგვიყვარდა იქაურობა, სიმსუბუქე, სიჭრელე, ხალხი, ხმაური, ქვიშა, ოკეანე და მთელი ის ბედნიერების შეგრძნება, რომელსაც  ბრაზილიაში ყველგან შეხვდები – პატარა კაფეებში, სამბას სკოლებში, სანაპიროზე, მეტროში, ერთმანეთთან შეხვედრებში, რომლებიც ხმაურის გარეშე არასოდეს ჩაივლის, მაღაზიის ვიტრინებსა და ალბათ ჰაერშიც.. ეს შეგრძნებები ჩემთვის HAVAIANAS-თან გაიგივდა. ჰავაიანასი იქაური ნაციონალური ბრენდია. ბრაზილიელებისთვის იგი ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს – ჰავაიანასი იგივე ბრაზილიაა და უკვე ყველგან, სადაც ჰავაიანასს ვხედავ, ევროპის ქალაქებსა თუ  აეროპორტებში, მხიარულება და შეგრძნებები მიბრუნდება.

ბრაზილიიდან თითქმის ყველა მეგობარს საჩუქრად fლოპები ჩამოვუტანეთ, ალბათ საზღვარზე ჩემოდანი რომ გაეხსნათ, კონტრაბანდისტები ვეგონებოდით. თანაც, იგი იმდენად კარგი ხარისხია, რომ დღემდე ყველას აცვია.

M: როგორ შემოიტანეთ საქართველოს ბაზარზე ეს პროდუქტი?

ძალიან ექსპრომტად შევეხმიანეთ ჰავაიანასს, რადგან ვფიქრობდით, რომ ეს ის პროდუქტი იყო, რაც საქართველოს ნამდვილად აკლია. როგორც აღმოჩნდა, ბრენდი რამდენიმე წელი მზად არ იყო ჩვენს ბაზარზე შემოსასვლელად, თუმცა, წელს, გაზაფხულზე თავად გამოთქვეს ამის სურვილი.

M: სად შეიძლება დღეს თბილისში fლოპების შეძენა?

ამ ეტაპზე HAVAIANAS-ის fლოპების შეძენა თბილისი მოლში, ჩვენს სტენდთანაა შესაძლებელი. ასევე ვთანამშრომლობთ BUYERS-თან და შერჩეული კოლექცია მათ შოურუმსა და ონლაინ მაღაზიაშიც იყიდება.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია და გვინდა, ჰავაიანასის არამხოლოდ პროდუქტები, არამედ ბრენდის ხასიათი გავაცნოთ და გადავდოთ მთელ საქართველოს.

ცოტა რამ Havaianas-ის შესახებ:

Havaianas-ის ისტორია 1962 წელს იწყება. იგი ბრაზილიური ბრენდია, რომელიც fლოპებს აწარმოებს. დღესდღეობით მას ბრაზილიური კომპანია Alpargatas ფლობს. პროდუქტის შექმნის შთაგონება ბრენდის დამაარსებლებს იაპონური საზაფხულო ჩუსტებიდან (zōri) მოუვიდათ. იაპონური fლოპების ძირი დამზადებულია ბრინჯის ბალახებისგან. Havaianas-მა კი გადაწყვიტა, მისი ძირები ბრინჯის მარცვლების ერთობლიობას დაემსგავსებინა. სწორედ ამიტომაა, რომ ამ ბრენდის პროდუქტი არასდროს აგერევათ სხვაში. ხოლო რაც შეეხება ბრენდის სახელს, Havaianas ნაწარმოებია პორტუგალიური სიტყვიდან Hawaiians (ჰავაიელები).

Hawaianas-ის fლოპები თავიდანვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1964 წლისთვის ბრაზილიის მოსახლეობის უმრავლესობას ერთი წყვილი მაინც ჰქონდა. და მაინც, როგორ ხდებოდა მისი მიწოდება? მოგზაურ ვაჭრებს ისინი ბრაზილიის გარეუბნებში თავიანთი ვინტაჟური ფურგონებით მიჰქონდათ და პირდაპირ ამ ფურგონებიდან ჰყიდდნენ მათ. საოცარი იყო ის, რომ მოსახლეობა ამ ფურგონების გამოჩენას დიდი სიხარულით ხვდებოდა.

1966 წელს კომპანია Alpargatas-მა ოფიციალურად დაარეგისტრირა ბრენდი Havaianas. თავდაპირველად, პროდუქტი მხოლოდ ლურჯ და თეთრ ფერებში გამოდიოდა, თუმცა, ერთხელაც, 1969 წელს ტექნიკური შეცდომის გამო, მწვანე ფერის fლოპები დამზადდა. და, ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ იგი სწრაფადვე გაიყიდა.. ახალი მოდელი მაშინვე აიტაცა მოსახლეობამ. იგი ერთგვარი შთაგონება გახდა მწარმოებლებისთვის, გადასულიყვნენ სხვა ფერებზეც (შავი, ყვითელი, ყავისფერი..).

1970-იან წლებში სხვა ბრენდები უკვე ცდილობდნენ, დაემზადებინათ Havaianas-ის მსგავსი fლოპები, რის შესახებაც ბრენდი მომხმარებლებს აფრთხილებდა, რომ არ შემცდარიყვნენ. 1980 წელს ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა Havaianas-ის fლოპები ბრაზილიის მოსახლეობის ფუნდამენტურ პროდუქტთა სიაში დაასახელა – ე.ი ეს ის პროდუქტია, რომელიც ბრაზილიელებისთვის იდენტობას უკავშირდება.

დრო და დრო Havaianas-ის fლოპები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ცნობილმა ხალხმაც კი დაიწყო მისი მორგება. ისინი უკვე ყველგან იყო – სარეკლამო ვიდეო რგოლებსა თუ ტელე შოუებში..

1995 წელს მისი პირველი დაპრინტული ვერსია გამოვიდა. მასზე ყვავილები იყო გამოსახული:

დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია Havaianas-ის 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი fლოპები, რომლებმაც არნახული განწყობა მოუტანა იმ წელს ბრაზილიელ გულშემატკივრებს ჩემპიონატზე:

1999 წლიდან Havaianas-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გავიდა. იგი ამ პერიოდიდან უკვე იყიდებოდა: საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიაში, ინგლისში, იაპონიაში.. დღესდღეობით მის პროდუქციას მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში შეხვდებით.

საბოლოო ჯამში ეს ბრენდი ერთგვარ ინოვაციად შეიძლება შევაფასოთ. დღეს Havaianas-ის fლოპების ბევრ ვარიაციას შეხვდებით, თუმცა, 1962 წლამდე ამ ფორმის fლოპები მხოლოდ იაპონიაში არსებობდა, ისიც – საკმაოდ განსხვავებული. ეს იყო ბრენდი, რომელმაც, თავდაპირველად ბრაზილიელ მუშათა კლასს შეუქმნა კომფორტული პროდუქტი დაბალ ფასად, თუმცა, მალე ამ პროდუქტმა მთელი მსოფლიო მოიცვა..

განხილვა