HBO Max მომხმარებლებისთვის კონტენტის აღმოჩენის პროცესს ამარტივებს და ამისთვის პლატფორმაზე TikTok-ის მსგავსი მოკლე ვიდეოების ფიდი და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სასაუბრო ძიების ფუნქცია შემოაქვს – სიახლეების შესახებ Warner Bros. აცხადებს.
როგორც სხვა სტრიმინგპლატფორმები, HBO Max-იც ცდილობს გადაჭრას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – უზარმაზარ ბიბლიოთეკაში მომხმარებლებისთვის სასურველი ფილმისა თუ სერიალის პოვნა სულ უფრო რთულდება, მაშინ როცა აუდიტორია TikTok-ისა და Instagram Reels-ის მსგავსი მოკლე ფორმატის კონტენტს ეჩვევა.
სწორედ ამიტომ, პლატფორმა ვერტიკალური ვიდეოების ფიდსა და AI-თ გაძლიერებულ ძიებას ნერგავს, რათა მომხმარებლებს კონტენტის აღმოჩენის მეტი შესაძლებლობა შესთავაზოს.
HBO Max-ის აპლიკაციაში ქვედა მენიუში დაემატება ახალი განყოფილება “Shorts”, სადაც მომხმარებლები ფილმებისა და სერიალების ტრეილერებს, გამორჩეულ სცენებსა და ექსკლუზიურ ვიდეომასალას იხილავენ. ფიდი თითოეული მომხმარებლის ინტერესებსა და ნახვის ისტორიაზე იქნება მორგებული. თუ რომელიმე ვიდეო დააინტერესებთ, შესაბამისი ფილმის ან სერიალის ყურებას მაშინვე შეძლებენ, ან მოგვიანებით საყურებელი კონტენტის სიაში დაამატებენ.
Warner Bros.-ის ინფორმაციით, ვიდეოფიდში მოხვედრილი კადრების შერჩევაში ხელოვნური ინტელექტიც მონაწილეობს. AI ათასობით საათის ფილმებსა და სერიალებს სცენების დონეზე აანალიზებს და ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს არჩევს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც HBO Max-ის რედაქტორები იღებენ.
ამ მხრივ HBO Max უერთდება ისეთ სტრიმინგსერვისებს, როგორებიცაა Netflix, Disney+ და Peacock, რომლებმაც ვერტიკალური ვიდეოების ფიდი უკვე დანერგეს.
ამ ეტაპზე ახალი ფუნქცია სატესტო რეჟიმში მხოლოდ აშშ-ში, iOS-ის შერჩეული მომხმარებლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მოგვიანებით კი ის სხვა მოწყობილობებსა და ბაზრებზეც გავრცელდება.
კომპანია ასევე იწყებს AI-ზე დაფუძნებული სასაუბრო ძიების ფუნქციის ტესტირებას. მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ კონკრეტული სათაურის შეყვანა, საკმარისი იქნება ბუნებრივი ენით აღწერონ, რისი ყურების სურვილი აქვთ. მაგალითად, შეუძლიათ დაწერონ: „კომედიის ხასიათზე ვარ“, „ოჯახურ დრამას ვეძებ“ ან „ფილმი გოგოების საღამოსთვის“, რის შემდეგაც სისტემა შესაბამის რეკომენდაციებს შესთავაზებს.
მსგავსი ფუნქცია Netflix-მაც დანერგა გასულ წელს. კონტენტის აღმოჩენის გასამარტივებლად ხელოვნურ ინტელექტს Amazon-იც იყენებს.












