in

HBO-ს კარის თამაშები – როგორ გახდა უბრალო ტელევიზია მთავარი მოთამაშე ბაზარზე

რა აერთიანებს „სამეფო კარის თამაშებს”, „სოპრანოს კლანს”, „სექსი დიდ ქალაქშის” და  „ველური დასავლეთის სამყაროს”? HBO – 50 წელიწადზე მეტი ხნის წინ შექმნილი კინო კომპანია, რომელმაც ეპიკური ჟანრები და ათწლეულების საუკეთესო მხატვრული სერიალები შექმნა. ის სატელევიზიო შოუების ყველაზე დიდ საცავად იქცა მაშინ, როდესაც პირველი გამოსვლისას აშშ-ში, სერიალებზე მეტად ფილმები უფრო ფასობდა. 

istoriebi
istoriebi

რა გააკეთა HBO-მ ისეთი, რომ ბაზრის წესები შეცვალა? ამ კითხვაზე პასუხს გავიგებთ, თუ კომპანიის ისტორიას გადავხედავთ.

სპორტული სტარტი

HBO-მ თავისი პირველი შოუ 1972 წლის 8 ნოემბერს მხოლოდ 365 აბონენტისთვის გამოუშვა. მისი პირველი გადაცემა იყო ჰოკეის თამაში ნიუ-იორკ რეინჯერსსა და ვანკუვერ კანუკს შორის, რომელიც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა მედისონ სკვერ გარდენსში. გარდა სპორტული მაუწყებლობისა, ქსელი ჩვეულებრივ ფილმებსაც უჩვენებდა. HBO-ს დამფუძნებელი ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი, ჩარლზ ფრენსის დოლანი იყო.

დამწყების პრობლემები

იმ პერიოდში HBO-ს გამოწერა თვეში 6$ ღირდა და არხი აბონენტების მოსაზიდად იბრძოდა. მას ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, სანამ დიდ ბაზარზე თავს დაიმკვიდრებდა. რამდენიმე წელი, სასამართლო პროცესები და სხვა ტელევიზიების ზეწოლის გადატანა დასჭირდა იმისთვის, რომ ოფიციალურ საკაბელო ტელევიზიად ქცეულიყო აშშ-ში.

თუმცა კომპანიის გუნდს უკან არ დაუხევია და ყველა ბარიერის გადალახვის შემდეგ 1977 წლისთვის HBO უკვე საკმაო მოგებას იღებდა მომხმარებლებისგან, რომელთა რიცხვიც 1978 წელს 1,5 მილიონამდე გაიზარდა. ამით უკვე გამოაშკარავდა, რომ კომპანიას დიდი მომავალი ელოდა.

პრემიერა

1975 წელს HBO-მ თავისი პირველი კომედიური შოუ გამოუშვა, სახელად, „საღამო რობერტ კლაინთან ერთად”. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ტელევიზიის განვითარებას, ისე კომიკოსის კარიერას. 

HBO განაგრძობდა ზრდას და 1983 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ არხს საკუთარი კონტენტი უფრო მრავლად და ხარისხიანად შეექმნა. გუნდმა მიზნად დაისახა, მოემზადებინა ორიგინალური საკაბელო ფილმები და მინი სერიალები, რომელთა ბიუჯეტიც ბევრად აღემატება ტრადიციულ სატელევიზიო შოუებს.

დებიუტი

„არასაჭირო ახალი ამბების” დებიუტი 1983 წელს შედგა. ეს იყო სატირული ახალი ამბების შოუ, რომელიც დღეს პოპულარული გადაცემის, Last Week Tonight with John Oliver-ის სტილისტური ბაბუაა. 

იმავე, 1983 წელს გამოვიდა არხის პროდიუსერობით შექმნილი პირველი ფილმი, „ტერი ფოქსის ისტორია”. ამ ძვრებმა უკვე საკითხი ისე დააყენა, რომ HBO უკვე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მაუწყებლობად გვევლინებოდა.

უნიკალური მაუწყებელი

HBO ყოველთვის ორიენტირებული იყო მხოლოდ ხარისხიანი შოუებისა და ფილმების შექმნაზე. ის კარგად იცნობდა აუდიტორიას და იცოდა, როგორ დაეპყრო მისი გული. ის არასოდეს აბეზრებდა თავს აბონენტებს არასაჭირო რეკლამებით, მისი პოლიტიკა არასოდეს ყოფილა იძულებითი, ის მუშაობდა მაღალბიუჯეტიან სატელევიზიო შოუებზე, რომლებსაც მაყურებელი ყოველთვის ეყოლებოდა. 

კიდევ ერთი უნიკალურობა, რაც 90-იან წლებში კომპანიამ გამოავლინა, იყო იმ თემების წამოჭრა და იმ სახეების შექმნა, რასაც სხვა ტელევიზიები ვერ ბედავდნენ. იმ დროიდან მოყოლებული, ის გამოირჩევა უწყვეტი აქცენტით ხარისხზე და არა რაოდენობაზე. 

ალბათ სწორედ ეს დამოკიდებულებები გახდა მიზეზი იმისა, რომ HBO „ემის” დაჯილდოებაზე 90-იანი წლებიდან დომინირებს. 53-ე ცერემონიაზე HBO ნომინირებული იყო 44 მთავარ ჯილდოზე, აქედან 14 კი მხოლოდ „სოპრანოს კლანს” გადაეცა. 

სამეფო კარის თამაშები

Game of Thrones, იგივე სამეფო კარის თამაშები HBO-ს სატელევიზიო სერიალია. ის „ცეცხლისა და ყინულის სიმღერის” ადაპტაციაა, შექმნილი დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ. შოუს იღებდნენ: გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ხორვატიაში, ისლანდიაში, მალტაში, მაროკოსა და ესპანეთში. მისი პრემიერა HBO-ზე, 2011 წლის 17 აპრილს შედგა. სულ სერიალს 8 სეზონი აქვს და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, მოთხოვნად და ეპიკურ მრავალსერიიან ფილმად იქცა, რომელმაც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, წვლილი შეიტანა HBO-ს პიედესტალზე აყვანაში, კიდევ ერთხელ.

ეს ყველაფერი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ არის HBO უბრალოდ ტელევიზია და რატომ არის ის HBO!

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Google Android-ის ბრენდინგს აახლებს

რა უნდა გააკეთოთ, თუ შვებულების დროს ვერ დაისვენეთ?