თქვენი გუნდი ვეღარ პროგრესირებს და ისეთ მიდგომებს იყენებს, რომლებიც ცოტათი მოძველებულად შეიძლება ჩაითვალოს? ყველაფერი რუტინად იქცა, რაც უკვე შედეგებზეც არ აისახება კარგად? ეს ნორმალურია… ძალიან მშვიდ ვითარებებშიც კი გუნდებს კურსის შეცვლა სჭირდებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ დღევანდელ ქაოსზე. სრულიად ახალი კურსის საჭიროებასაც შეიძლება გრძნობდეთ, რათა სწორად მართოთ ოფისში დაბრუნებისა თუ ჰიბრიდული სამუშაოს პოლიტიკა. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი გუნდისთვის კურსის შეცვლა იმაზე მარტივია, ვიდრე თავადვე წარმოგიდგენიათ.
პირველი ნაბიჯი საგანგაშო სივრცეების აღმოჩენაა, რაზეც ორი გზით შეგიძლიათ დაფიქრება: პრობლემა იმაშია, რომ თქვენმა გუნდმა მიზნების შეგრძნება დაკარგა? თუ ასეა, ხელახლა იზრუნეთ შესაბამისობაზე. შემდგომი საკითხი კი გუნდურობის დაკარგვის შეგრძნებას ეხება, როცა თანამშრომლებში წვრილმანი საკითხებიც კი ქმნის დაძაბულობას. ამ შემთხვევაში გუნდის დინამიკის განახლება დაგჭირდებათ, ჩვენ კი გეტყვით, როგორ უნდა იმოქმედოთ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში.
ხელახლა შეუსაბამეთ
უპირველესად იმიტომ, რომ გუნდის დისფუნქციები ნდობის საკითხებს წარმოადგენს, როცა ეს გამოწვეულია მიზნების, პრიორიტეტებისა და მოლოდინების შეუსაბამობით. ამ გაუგებრობების გაცხადება ხშირად წყვეტს იმ საკითხებს, რომლებსაც ინტერპერსონალურად მიიჩნევდით.
ხელახალი შესაბამისობისთვის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ იგი საშუალებას გაძლევთ, ეს განახლების პროცესი გარე ცვლილებებს დაუკავშიროთ და არა — ინდივიდუალური ქმედების პრობლემებს, რაც თავდაცვასაც ნაკლებად გამოიწვევს. ხელახლა შესაბამისობა არც ვინმეს განსჯას ნიშნავს, თქვენ უბრალოდ სვამთ კითხვებს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ შესაძლებლობები და შეამციროთ რისკები. აქ სამ საკითხს შემოგთავაზებთ, თქვენ კი ის აირჩიეთ, რომელიც მოცემულ სიტუაციას საუკეთესოდ შეესაბამება.
განაახლეთ თქვენი გუნდის მანდატი
შესაძლოა, თქვენი გუნდის მიზანს სჭირდებოდეს განვითარება, ეს შესაძლებლობა კი შემდგომი კითხვებით უნდა გამოიკვლიოთ:
- რომელი გარე ტრენდები მოითხოვს ჩვენგან ადაპტირებას? როგორ შეცვლის ეს კონტენტს გუნდისთვის? მაგალითად, თუ კონტენტ მარკეტინგის გუნდში ხართ, როგორ შეიძლება შეცვალოს ჩეტბოტებმა თქვენი ღირებულება?
- როგორ იმოქმედებს კომპანიის სტრატეგიის ცვლილება თქვენს თანამდებობაზე? აქვს თქვენს ორგანიზაციას ახალი ხედვა, სტრატეგია თუ KPI, რომელიც ანაცვლებს იმას, რისი მიწოდებაც გუნდს სჭირდება? თუ HR-ის მართვის გუნდში ხართ, ევროპული ოფისების გახსნა ახალ შესაძლებლობასა და აქტივობებს გულისხმობს?
- როგორ ვითარდება თქვენი ღირებულება ორგანიზაციაში? კომპანიების ზრდასთან ერთად, გუნდების როლიც ვითარდება. რამდენად მოითხოვს ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებები ხელახალ ფოკუსირებას?
გააახლეთ თქვენი გუნდის მიზნები
თუ თქვენი მანდატი შეიცვალა, მეტად სავარაუდოა, რომ მიზნებზე გადახედვაც მოგიწიოთ, ხოლო თუ მიზანი უცვლელია, მისი განახლება მაინც საჭირო იქნება. აქ შემდგომი საკითხების განხილვა გამოგადგებათ:
- რას დააფუძნებთ წინა შედეგებზე? რას მიაღწიეთ წინა კვარტალში და როგორ შეცვალა ამან ის ტრაექტორია, რომელიც მომავლისთვის გსურთ? თუ თქვენს მიზნებს მიაღწიეთ, საკმარისად ამბიციური იყო? ან თუ გამუდმებით ვერ აღწევთ, თქვენი მიზნების შემცირება ხომ არ არის საჭირო? ან რისკების, რომლებიც ყველას დემორალიზებას იწვევს?
- როგორ იმოქმედებს გარე ფაქტორები თქვენს მიზნებზე? არსებობს რაიმე გარე ფაქტორი, რომელიც მიზნის ცვლილებას გთავაზობთ? მაგალითად ხელახალი მოლოდინები ხომ არ უნდა დაამყაროთ ეკონომიკური ვარდნისა თუ თანამშრომელთა ნაკლებობის ფონზე? მეორე მხრივ კი, თუ თქვენმა გუნდმა დიდად ისარგებლა ახალი ტექნოლოგიური ცვლილებებისგან, იმაზე მეტს მიაღწიეთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ?
- რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი საზომების გასაუმჯობესებლად? თქვენი მიზნები ან მათი საზომები ბუნდოვანი ხომ არ არის? თუ ასეა, მაშინ მკაფიო განმარტებებით ამ საკითხის გამოსწორებაზე იზრუნეთ.
გააახლეთ თქვენი სტრატეგიები და ტაქტიკები
ნებისმიერი ცვლილება, რომელიც თქვენს მანდატს ან მიზნებს ეფუძნება, თქვენივე სტრატეგიების გადახედვასაც მოითხოვს. უბრალოდ, ნუ შეზღუდავთ სტრატეგიებს იმ სიტუაციებით, რომლებშიც სამიზნეებმა გადაინაცვლა, განიხილეთ ახალი შესაძლებლობებიც, რომლებიც, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაახლების საშუალებად იქცეს.
- თქვენი სტრატეგია თქვენსავე მანდატს შეესაბამება? თუ თქვენი მანდატი ან მიზნები შეიცვალა, როგორ უნდა შეიცვალოს თქვენი სტრატეგია ამის საპასუხოდ?
- სად გჭირდებათ შეცვლილი ტაქტიკა? თუ კვლავ არსებული მიზნებისთვის მუშაობთ, რასაც წარმატებით აღწევთ, სად დასჭირდება ტაქტიკას ცვლილება? ან რისი მიტოვება თუ სულაც, გაორმაგება დაგჭირდებათ?
- რა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა შეიძლება იჩინოს თავი? რა ვარაუდებს უშვებთ თქვენს ამჟამინდელ გეგმაში? რა ეწინააღმდეგება მათ ან რა მიგითითებთ, რომ რაღაც იცვლება?
განაახლეთ თქვენი როლები
შესაძლოა, თქვენი გუნდი ძალიან სწორ გზაზეც იდგეს, მაგრამ თავად ვერ ახერხებდეთ გუნდის წევრების ენერგიისა თუ ნიჭის სწორად მართვას. ამ შემთხვევაში კი შემდეგი კითხვები უნდა განიხილოთ:
- ადამიანებს პოზიციების ცვლილება სჭირდებათ? არსებობს თუ არა რაღაც ცვლილებები ან პასუხისმგებლობები, რაც თქვენი გუნდის წევრებს მეტად ეფექტურს გახდის? ვინმეს პორტფოლიოს შეცვლა ხომ არ არის საჭირო?
- როგორ გახდით პასუხისმგებლობებს მეტად პირდაპირს? როგორ გაზრდით შესაბამისობასა და ეფექტურობას იმის განმარტებით, თუ ვინაა პასუხისმგებელი კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე?
გამოაცოცხლეთ
გაახლების მეორე ტიპი სწორედ თქვენი გუნდის დინამიკის გაცოცხლებაა. ამ შემთხვევაში ნაკლებად უნდა ფოკუსირდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება სჭირდება თქვენს გუნდს და უფრო მეტად იმაზე, თუ როგორ გააკეთებთ ამას…
გაახლეთ თქვენი კომუნიკაციის ჩვევები
- შეგიძლიათ თქვენი კომუნიკაციის არხების განახლება? მაგალითად, თუ ინფორმაციების გასაზიარებლად ზუმს იყენებთ, უმჯობესია, ეს უფრო მდიდარი საკომუნიკაციო საშუალებებით ჩაანაცვლოთ…
- რა გაძლევთ სინქრონული კომუნიკაციის გარანტიას? რომელი ტიპის ინფორმაციებს აზიარებთ ასინქრონულად იმის სანაცვლოდ, რომ ადამიანებს თავიანთ განრიგზე მეტი კონტროლის საშუალება მისცეთ?
- როგორ შეძლებთ რთულ პერიოდებთან გამკლავებას? როგორ შეძლებს თქვენი გუნდი გამორთოს შეტყობინებები და იმუშაოს კომუნიკაციის ვალდებულებების გარეშე? როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ შესაძლებლობები ადამიანებისთვის, რათა კონცენტრირებულად იმუშაონ?
განაახლეთ თქვენი შეხვედრები
- რამდენად შეგიძლიათ შეხვედრების ოპტიმიზაცია? ერთგვაროვანი შინაარსის მქონე შეხვედრები მეტად ეფექტურია. შეგიძლიათ სტრუქტურა ისე გარდაქმნათ, რომ განაცალკეოთ კონტენტი, რომელიც განსხვავებულ ქმედებებსა და აზროვნებას მოითხოვს?
- მონაწილეთა სიას ხომ არ სჭირდება შეცვლა? საუბრების გასაახლებლად ერთ-ერთი გზა მონაწილე მხარეების შეცვლაა. თუმცა მიგიყვანთ თუ არა ახალი ხმები და პერსპექტივები პროდუქტიულ კონფლიქტამდე?
- უკეთ მომზადება გჭირდებათ? როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო დოკუმენტები, რათა თქვენი გუნდის წევრებს გააზრებული წვლილის შეტანისკენ უბიძგოთ?
გააახლეთ თქვენი გუნდის დინამიკა
- რა შეიძლება იყოს თქვენი ახალი ძირითადი წესები? რომელი ქცევების მიმართ იყავით ტოლერანტული? რას დაამატებდით? იმ პრინციპებზე გადახედვა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თქვენი გუნდის წევრები შესანიშნავი გზა იქნება გასაახლებლად.
- როგორ შეგიძლიათ კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრა? თუ გუნდის წევრები რთულ საუბრებს თავს არიდებენ, ეს საკითხები ყველასთვის ღია უნდა გახადოთ.
- რა აქტივობები მოგაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას ერთმანეთის შესახებ? შესაძლოა, ჯგუფური ქოუჩინგის მეთოდი გამოიყენოთ, რომელიც ნდობის გაძლიერებასა და გუნდის წევრებს შორის გულწრფელი საუბრების წახალისებაში დაგეხმარებათ.
ეს განსხვავებული მიდგომები ახალ, უფრო ჯანსაღ და ბედნიერ გუნდის დინამიკას უზრუნველყოფს. თუმცა კარგი იქნება, თუ თავადაც დაფიქრებით, რისი გაახლება სჭირდება თქვენს მიდგომას. მაგალითად ბევრ საქმეს იღებთ საკუთარ თავზე და ნაკლებს აკეთებინებთ გუნდის წევრებს? სამუშაო იმაზე მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ჯანსაღ სიტუაციებშია დასაშვები? ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა განიხილოთ, თქვენ, როგორც გუნდის ლიდერს, რა ტიპის განახლება გჭირდებათ…
წყარო: HBR