იმის წინასწარმეტყველება, თუ რა იქნება მომავალში, ყოველთვის რთული საქმეა. თუმცა, როგორც ამბობენ, 2023 ტექნოლოგიების წელი უნდა იყოს… ხელმძღვანელებს მოუწევთ ახალი გზების ძიება, რათა მეტი ნაკლებით გააკეთონ, იპოვონ ღირებულება იქ, სადაც ინოვაციები ხდება და სტრატეგიულად განახორციელონ ინვესტიციები ტექნოლოგიებში.
ამ კუთხით, McKinsey-ის ტექნოლოგიურმა ჯგუფმა ისიც კი შემოგვთავაზა, თუ რაზე ღირს ყურადღების გამახვილება „ახალ ტექნოლოგიურ წელს“.
დააკვირდით კომბინაციურ ტრენდებს
თუ გასულ წელს ტექნოლოგიური ტრენდები ხელოვნურ ინტელექტს, კოსმოსის ტექნოლოგიებს, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებსა და იმერსიულ რეალობას მოიცავდა, წელს გამოწვევა უბრალოდ ტრენდებზე აყოლა, ან პროგრამული ცოდნის გაზრდა კი არ იქნება, არამედ იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეუძლია ყველა ამ ტექნოლოგიას, შექმნას ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ ერთად გამოვიყენებთ — ეს ის არის, რასაც კომბინაციურ ტრენდებს უწოდებენ.
რადგანაც შესაძლო კომბინაციათა უამრავი ვარიანტი არსებობს, შესაძლებლობებიც უსაზღვროა. აქ შეგვიძლია ელექტრო მანქანების ტექნოლოგიებზე, web3-ზე ან მკურნალობის ახალ მეთოდებზე ვისაუბროთ…
2023-ში კი სწორედ კომბინაციური ტრენდების მასშტაბირებას ელიან. ეს შეიძლება მოიცავდეს მიდგომას, რომელიც MRNA ვაქცინებს მოიცავს — ბიოინჟინერული ტექნოლოგიების კომბინაცია, როგორებიცაა გენომიკა, AI და მანქანური სწავლების ინდუსტრიალიზაცია. ამასთან, ვარაუდობენ მობილობის, კავშირგაბმულობისა და AI-ის კომბინაციას, რომელსაც ნაკლებად კრიტიკული ლოგისტიკური პრობლემებისთვის გამოიყენებენ, როგორიცაა, მაგალითად, მიწოდების ჯაჭვის მოქნილობა და მდგრადობა. ხოლო, როცა დაიწყებთ იმაზე დაკვირვებას, ტექნოლოგიებიდან რომელ სფეროში უნდა ჩადოთ ინვესტიცია, ეცადეთ, იფიქროთ ჰოლისტურად და განიხილოთ, როგორ იმუშავებენ ისინი ერთად, რათა გზა გაუხსნან ახალ შესაძლებლობებს.
მოამზადეთ გუნდი/საბჭო ცვლადი ტექნოლოგიებისთვის
5G, AI და ღრუბელი მასობრივი გავრცელების წერტილს უახლოვდება. კვლევის თანახმად, კომპანიები 2025 წლისთვის IT-ის 60%-ის ღრუბელზე გადატანას აპირებენ. შესაძლოა, გუნდები დღეს IT ბიუჯეტების შემცირებაზეც იყვნენ ორიენტირებულნი, მაგრამ მსგავსი ცვლილებებისას ენერგია რისკებისა და შესაძლებლობებისკენ უნდა მიმართონ.
ეს ყველაფერი კი IT-ის განახლებისთვის ბიუჯეტის პრიორიტეტიზაციას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სიჩქარეს, დაცულობას, გამძლეობასა და ხელახლა გამოყენების შესაძლებლობასაც კი. შესაძლოა, ეს არც ისე მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ პროცესების ავტომატიზაცია, მონაცემთა ბაზებში ინვესტირება და IT არქიტექტურის განახლება საჭიროა ბიზნესისთვის, რათა ახალი ტექნოლოგიების სრული უპირატესობით სარგებლობის შანსი ჰქონდეს.
ამ მიდგომის ადვოკატირებისთვის კი საბჭო უნდა აირჩიოთ, რომელიც ტოპ მენეჯმენტთან ერთად მუშაობს. კარგი იქნება, თუ მსგავსი მიდგომისთვის IT-ის ცვლილებათა ბიუჯეტის 15-20%-ს გამოყოფთ.
მიეცით მეტი თავისუფალი დრო ინჟინრებს
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წელს ტექნოლოგიურ ლიდერებს მოუწევთ, მეტ რამეს ნაკლები რესურსით მიაღწიონ. მათთვის ამის თქმა კი არც ისეთი მარტივი საქმეა… სანაცვლოდ, შეგიძლიათ ნაკლები რამის გაკეთება მოსთხოვოთ — ნაკლები ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული თუ ხელით მუშაობა. საინტერესოა ისიც, რომ ბევრ კომპანიაში ინჟინრები თავიანთი დროის მხოლოდ 50%-ს ხარჯავენ უშუალო განვითარებაზე. თქვენ კი, თუ ამ მაჩვენებელს მხოლოდ 10%-ით გააუმჯობესებთ, პროდუქტიულობის მნიშვნელოვან ზრდას დაინახავთ.
უკეთესი შედეგებისთვის კი ხელმძღვანელებმა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგან:
- გაიგეთ უფრო მეტი თქვენი გუნდის წევრების შესახებ და დაადგინეთ, ვინ არიან თქვენი საუკეთესო თანამშრომლები
- დააკვირდით, რამდენი რამ შეიძლება უფანტავდეს ყურადღებას თქვენს ინჟინრებს. შედარებით მარტივმა მეთოდებმა, როგორებიცაა შეხვედრების შემცირება ან ცერემონიების უფრო პროდუქტიულად ქცევა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დრო გაათავისუფლოს
- ბოლოს კი, ეცადეთ, გახადოთ ავტომატური ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა ინჟინრები მსგავსი საქმეების სიმძიმისგან გაათავისუფლოთ.
ეს უბრალოდ პროდუქტიულობის საკითხი არ არის, ნიჭის საკითხიცაა. თუ გსურთ, რომ თქვენი კომპანია ტოპ ინჟინრების ადგილი გახდეს, უნდა შექმნათ სივრცე, სადაც ისინი გააკეთებენ იმას, რაც უყვართ.
მოთავსდით ღრუბლებზე
ზუსტად ახლა აქვთ კომპანიებს შესაძლებლობა, რომ არ გამოტოვონ „ღრუბლოვანი ამბიციები“. რადგანაც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა შეზღუდეს თანამშრომლებისა და პროგრამების რაოდენობა, მათ უნდა იფიქრონ, როგორ აითვისონ სწრაფად ღრუბლოვანი ნიჭი მაშინ, როცა ხელმისაწვდომი გახდება. კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ ისარგებლებენ კომპანიები ამ ორი ტრენდისგან.
2023 წელს ორგანიზაციები უფრო ძლიერი ღრუბლოვანი საფუძვლის შექმნაზე უნდა მუშაობდნენ, რომელიც მათ მისი სრული პოტენციალის გამოყენების საშუალებას მისცემს. შესაძლოა, ეს აპლიკაციათა სწორი შაბლონების განვითარებას გულისხმობდეს. ის ასევე მოითხოვს FinOps-ს — ღრუბლოვანი ეკონომიკის ძლიერი შესაძლებლობების დანერგვას. მსგავსად, ხარჯების მონიტორინგია შესაძლებელი, ერთეული ეკონომიკის განსაზღვრა ღრუბლის გამოყენების სხვადასხვა სცენარისთვის და ბიზნესის სამომხმარებლო საჭიროებების თარგმნა ოპტიმალურ ღრუბლის შეთავაზებად.
ღრუბელი უსაფრთხოებას ცვლის
გასულ წელს კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს ღრუბელზე გადასვლა, რამაც უსაფრთხოების საკითხებიც შეცვალა. ამ ცვლილებამ კი აიძულა ხელმძღვანელები, გადაეხედათ უსაფრთხოების როლისთვის, კერძოდ, დაჰკვირვებოდნენ, როგორ გაეუმჯობესებინათ ბიზნეს რისკების პოზიცია. ეს ტრენდი 2023-შიც გაგრძელდება, თანაც, აჩქარებული ტემპით, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:
პირველი — ღრუბელი უსაფრთხოებას ზრდის, მაგალითად, ერთ დიდ ბანკში უსაფრთხოების ავტომატიზაციის დანერგვის შემდეგ, დარღვევები 70-80%-ით შემცირდა. ამას გარდა, სისტემა დეველოპერებს განვითარების ტემპის 10-ჯერ გაზრდის საშუალებას აძლევს, რაც უკეთეს დეველოპერულ გამოცდილებას გულისხმობს. მეორე — უფრო რთულად რეგულირებადმა ინდუსტრიებმა, როგორებიცაა ბანკი და ფარმაკოლოგია, ღრუბელზე გადაინაცვლა…
დეცენტრალიზებული AI თამაშს შეცვლის
AI-ის დეცენტრალიზაცია მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე წვდომის გაფართოების ტრენდია, რომელიც, ტრადიციულად, მხოლოდ იმ მოთამაშეებისთვის იყო ხელშესახები, რომელთაც წვდომა ჰქონდათ მასიურ, ცენტრალიზებულ და საკუთარ მონაცემებზე…
McKinsey-ის თანახმად კი, შესაძლოა, დეცენტრალიზაციამ ხელი შეუშალოს სხვადასხვა სექტორს, იქნება ეს გართობის, თამაშებისა თუ მედიის სფეროები, სადაც ახალ ტექნოლოგიებს ადრეულ ეტაპზე ვხედავთ. ამიტომ, 2023 წლისთვის კომპანიების გამოწვევას დეცენტრალიზებული AI შესაძლებლობებით სრულად სარგებლობა უნდა წარმოადგენდეს და იმის განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ეს ბიზნეს მოდელებისთვის.
კომპანიები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, თუ როგორ გადააკეთონ არსებული არქიტექტურა ისე, რომ მარტივად დანერგონ აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისები (APIs), რათა „ინტელექტი“ აპლიკაციებისა და პროცესების უფრო ფართო სპექტრში დანერგონ. ამ შესაძლებლობას შეუძლია, მოგაწოდოთ კოდების ავტომატური შეთავაზებები, რაც ხელს შეუწყობს განვითარებას. მიზანი კი, ტექნოლოგიური საკითხების ყველა ასპექტში AI-ს ჩანერგვა უნდა იყოს. ეს ექსპერიმენტებისთვის საკმარისი დროის გამოყოფასაც ნიშნავს — საუკეთესო ნოვატორები შემოსავლების 1-5%-ს ინოვაციებს უთმობენ, რამაც, შესაძლოა, არაპროპორციული შემოსავლები მოიტანოს. ამ ბიუჯეტების დაცვა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა გახდეს, რადგან ბიზნესები გრძნობენ, რომ დაღმასვლის დროს ინოვაციურობის უნარი სწრაფი აღდგენისა და ზრდის შანსია.
დაბოლოს, შესაძლოა, მოსალოდნელი ცვლილებების განსაზღვრა თქვენთვის კვლავ სირთულეს წარმოადგენდეს, მაგრამ ტექნოლოგიური კითხვების დასმა და მათზე პასუხების პოვნა ყოველ წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება…
წყარო: HBR