ყურადღება დღეს ყველაზე ძვირფასი რამ არის, კომუნიკაციაში წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანიცაა, თუმცა ეს არც ისეთი მარტივი ამბავია… თანაც უამრავი ყურადღების გამფანტავი ფაქტორი არსებობს, ჩვენ კი აქტიურად უნდა ვეძებოთ გზები აუდიტორიის დასაინტერესებლად.
თუმცა აქ არც მათი ყურებისა და თვალების მიპყრობაა საკმარისი. ყურადღების მიპყრობა პირველი ნაბიჯია, მისი შენარჩუნება კი ცალკე გამოწვევას გვთავაზობს. ამ უკანასკნელს ჩართულობასაც უწოდებენ ხოლმე — თუ თქვენს აუდიტორიასთან კავშირის შენარჩუნება შეგიძლიათ, ისინი მეტად ფოკუსირებულნი დარჩებიან და ყურადღებაც ნაკლებად გაეფანტებათ. მეტიც, ამგვარად გექნებათ უკეთესი შესაძლებლობა, აჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ან რელევანტურია კონკრეტული თემა მათთვის. ამ კუთხით კი სამ მიდგომას შემოგთავაზებთ, რომლებიც აუდიტორიის ჩართვაში დაგეხმარებათ.
ფიზიკური ჩართულობა
ტვინი ზუსტად იმას მიჰყვება, რასაც სხეული აკეთებს… ხოლო ნებისმიერი რამ, რაც თქვენს აუდიტორიას მათი სხეულით რაღაცას აკეთებინებს, ჩართულობას იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა, პირისპირ შეხვედრას ატარებთ თუ ვირტუალურს, დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ფიზიკური ჩართულობის აქტივობებში დამატება.
მაგალითად, ვიდეო ჩართვისას დააკლიკეთ მათ ეკრანზე რაიმე ნიშნულს, ხელის აწევა სთხოვეთ ან გამოიყენეთ ვირტუალური რეაქციები. ეს ყველაფერი თქვენს აუდიტორიას კომუნიკაციის მონაწილეებად აქცევს და არა, უბრალო დამკვირვებლებად. შესაძლოა, ასეც ჟღერდეს: „მიუბრუნდით და მიესალმეთ თქვენ გვერდით მყოფ ადამიანს“ ან „წაიკითხეთ სლაიდზე არსებული ინფორმაცია და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი“.
მენტალური ჩართულობა
აუდიტორიის ტენდენციისადმი ბრძოლა, რაც განცალკევებისა თუ მრავალი საქმის ერთად კეთებისკენ მიდრეკილებას გულისხმობს, კოგნიტიური ჩართულობის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ. ამისთვის 3 მარტივი გზაც არსებობს:
- დასვით კითხვები პრეზენტაციის დროს
- ჩართეთ პროვოკაციული განცხადებები, მონაცემები თუ სტატისტიკები
- მოიყვანეთ ჭკვიანური ანალოგები
როცა კითხვას დასვამთ, ადამიანები საკუთარი პასუხების გაცემას ავტომატურად დაიწყებენ, რითაც პასიური მოსმენიდან აქტიურ მონაწილეობამდეც გადაინაცვლებენ. რაც შეეხება პროვოკაციულ განცხადებებსა თუ საინტერესო მონაცემებს, ეს ცნობისმოყვარეობას აღვიძებს და უბიძგებს აუდიტორიას, თავად დასვან კითხვები.
შეიძლება ანალოგებიც გამოგადგეთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ჩვენ ვიყენებთ ნაცნობს უცნობის ასახსნელად, ეს ჩართულობას უზრუნველყოფს და აქტიური ფიქრისკენაც გვიბიძგებს. თუმცა მნიშვნელოვანია, ანალოგების გამოყენებისას, დარწმუნდეთ, რომ აუდიტორიაში მყოფ ადამიანებს მათთან დაკავშირება შეუძლიათ. ხოლო თუ ზედმეტად რთულ შედარებებს მიმართავთ, ეს თქვენ საპირისპიროდ იმუშავებს.
ლინგვისტური ჩართულობა
ეს უკვე ინკლუზიური, ე. წ. დროში მოგზაურობისა და ისეთი სიტყვების გამოყენებას ეხება, რომლებიც გამოცდილებებსა და პერსპექტივებს იაზრებს. ინკლუზიური სიტყვები ადამიანებს თქვენს კომუნიკაციებში იწვევს. იმაზეც დაფიქრდით, რომ ჩვენ მყისიერად მივაპყრობთ ხოლმე ყურადღებას, როცა ჩვენსავე სახელს ახსენებენ ან სიტყვა „თქვენ“ გვესმის. ამიტომ, გამოიყენეთ მონაწილეთა სახელები და ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „როგორც იცით…“, „შესაძლოა, გაინტერესებდეთ…“ ან „დღეს თქვენ ისწავლით…“.
ე. წ. დროში მოგზაურობის ენას კი ადამიანები აწმყოდან მომავალში ან წარსულში გადაჰყავს — „წარმოიდგინეთ…“, „რა მოხდებოდა, რომ…“ ფრაზებს ადამიანები თუ მომავალში გადაჰყავს „დაფიქრდით, როდის…“, „გახსოვთ, როცა…“ წარსულში აბრუნებს მათ. დაუკავშირეთ ინდივიდები ერთმანეთს საერთო გამოცდილებებითა და რწმენით, რათა საერთო საფუძველიც შექმნათ. მაგალითად, თქვენი კომპანიის მისიასა და ღირებულებებზე ხაზგასმა ან უახლესი საერთო გამოცდილების გაზიარება აუდიტორიის ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ, ზუსტად იმ პრინციპით, რა პრინციპითაც მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად ძველ ამბებს იხსენებთ.
ჩართულობის ტექნიკების გაერთიანება
უმჯობესია, თუ ჩართულობის მხოლოდ ერთ ტექნიკას არ დაეყრდნობით და მათ კომბინირებულად გამოიყენებთ, ეს ისე მარტივად შეიძლება ჟღერდეს, როგორც კითხვა: „ხელით მაჩვენეთ, რომელზე ფიქრობთ, რომ XYZ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია?“ ფიზიკური, მენტალური თუ ლინგვისტური ჩართულობის ტექნიკების სინერგია ამ ერთ კითხვაშია გაერთიანებული და დამსწრეებს აიძულებს, ნეიტრალური პოზიციიდან თქვენკენ გადმოიხარონ.
თუმცა კითხვის დასმისას, უპირველესად, აუდიტორიას მიუთითეთ, როგორ უპასუხონ, იქნება ეს ხელის აწევა თუ ჩატის გამოყენება. ასევე, მნიშვნელოვანია, მიღებულ პასუხზეც გააკეთოთ კომენტარი: „ეს ის არის, რასაც ველოდი… თქვენგან ნახევარი…“. ხოლო თუ კომენტარს არ გააკეთებთ, აუდიტორიამ შეიძლება მოტყუებულად იგრძნოს თავი ან იფიქროს, რომ მათი პასუხი არ გადარდებთ და გამოკითხვას უბრალო ხრიკის მსგავსად იყენებდით.
მართალია, ჩართულობის ტექნიკებს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ, მაგრამ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეხვედრებისა თუ პრეზენტაციების დაწყებისას. თუ ტრადიციულად „გამარჯობა, ჩემი სახელია…“ დაიწყებთ, აუდიტორიის მყისიერად ჩართვის შანსსაც დაკარგავთ. კითხვების დასმით, ვიდეოების ჩვენებით, გამოკითხვის ჩატარებითა თუ ანალოგების გამოყენებით კი, არსებულ სიტუაციას თქვენ სასიკეთოდ შემოაბრუნებთ.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის წარმატებისთვის. ხოლო, თუ რომელიღაც კომუნიკატორს საინტერესოდ თვლით, მეტად სავარაუდოა, რომ ისინი უკვე სარგებლობენ იმ ფიზიკური, მენტალური თუ ლინგვისტური ჩართულობის ტექნიკებით, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ.
წყარო: HBR