in

4 სტრატეგია კარიერის გვიან შესაცვლელად

პროფესიის შეცვლა მარტივი არ არის, თუმცა არც არასდროსაა გვიანი. შესაძლოა, მეტად რთულიც კი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კონკრეტულ სფეროში 20 წელზე მეტია მუშაობენ, მაგრამ კონკრეტული სტრატეგიებით ამის დაძლევაც შესაძლებელია. ამ ადამიანებს ასაკის გამო გარკვეული შიშებიც აქვთ, რაც არც უსაფუძვლოა — ResumeBuilder-ის კვლევის თანახმად, დამქირავებელი მენეჯერების 38% აღიარებს, რომ აპლიკანტის რეზიუმეს ასაკის მიმართ არსებული მიკერძოებებით განიხილავს…

pasha-statiebi
pasha-statiebi

სტრატეგიები რომ ვახსენეთ, ახლა სწორედ მათზე ვისაუბრებთ, 4 მიდგომაზე, რომლებიც პროფესიული ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ცვლილებაში დაგეხმარებათ:

1. ენთუზიაზმით განეწყვეთ თქვენი ასაკის მიმართ

თქვენი ასაკი აქტივია, მზად იყავით საკუთარი თავის ადვოკატირებისთვის და სრულად აჩვენეთ თქვენი გამოცდილებისა თუ პერსპექტივების სარგებელი. ერთ-ერთი გზა ამისთვის კარიერული ცვლილებების elevator pitch-ია, რომელიც თქვენს გამოცდილებას თქვენსავე უნარებს უკავშირებს და იმას, რისი შეთავაზებაც მათთვის შეგიძლიათ.

ხოლო თუ დარწმუნებული არ ხართ, საიდან დაიწყოთ, 3-ნაწილიან სტრუქტურას შემოგთავაზებთ: პირველი — მოკლედ აღწერეთ თქვენი კარიერული ისტორია და ახსენით, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში. შემდგომ, გაუზიარეთ 2 ან 3 არგუმენტი, რომელიც მხარს დაუჭერს თქვენს პროგრესს კარიერული მიზნებისკენ. ბოლოს კი ხაზი გაუსვით, თუ რაზე გსურთ მუშაობა და იმ შესაძლებლობას, რომლისკენაც მიისწრაფვით. 

ისაუბრეთ, რა არის ყველაზე მიმზიდველი თქვენს ახალ კარიერაში. გაუზიარეთ, რა გაგიკეთებიათ კარგად წარსულში და რისი მიღწევა გსურთ ახალ პოზიციაზე. როცა საკუთარი თავის ირწმუნებთ და ამ მოგზაურობის მიმართ აღფრთოვანებას აჩვენებთ, ეს ინფექციის მსგავს ეფექტს უზრუნველყოფს. 

2. გამოავლინეთ თქვენს ქსელში არსებული მრავალი თაობის კავშირები

ხოლო, როცა ყველაფერს თავიდან იწყებთ, სამიზნე ინდუსტრიაში ჩართვის ყველა წერტილი მოგებიანი ხდება, თქვენს სფეროში არსებული ახალი თუ საშუალო დონის პროფესიონალები ღირებულ ინფორმაციებს ფლობენ იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ამ ინდუსტრიაში შესვლასა და განვითარებას. მენტორული ტიპის საუბრები დაგეხმარებათ, თქვენს ცოდნაში არსებული ხარვეზები შეავსოთ და გაიგოთ დასაქმების ტრენდების, ინდუსტრიის განვითარებისა თუ სამუშაო ადგილის პერსპექტივების შესახებ. ეს ყველაფერი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას გაგიმარტივებთ.

როცა ახალ სამსახურს იწყებთ, თითქოს არავის იცნობთ, მაგრამ ტექნოლოგიების ძალით, მრავალ თაობასთან დასაკავშირებლად სულ რამდენიმე კლიკია საჭირო. დაიმატეთ ის სოციალური მედია ანგარიშები, რომლებიც თქვენს სფეროში პროფესიონალთა ჯგუფს წარმოადგენენ. ხოლო, თუ რეალური კავშირები გსურთ, ადგილობრივ პროფესიულ ასოციაციებში გაერთიანება ან კონკრეტული ინდუსტრიის კონფერენციებში ჩართვა შეგიძლიათ განიხილოთ. კიდევ ერთი გზა თქვენს უნივერსიტეტში სტუმრობაა, რადგან ეს სხვა კურსდამთავრებულების გაცნობის შანსს მოგცემთ… 

3. მოემზადეთ 10-ჯერ მეტი სამუშაოს ძიებისთვის

წიგნში The 10X Rule ავტორი იმ მიზნების დასახვაზე საუბრობს, რომლებიც 10-ჯერ აღემატება თქვენს თავდაპირველ მოლოდინებს. ეს მიდგომა იმაზე 10-ჯერ უფრო მეტი რაღაცის გაკეთებას გულისხმობს, ვიდრე თავად ფიქრობთ, რომ ამ სამიზნეებს შეიძლება დასჭირდეს. კონკრეტული საკითხი სამსახურის ძიებას რომ დავუკავშიროთ, ასე გამოდის — თუ ფიქრობთ, რომ ინტერვიუს ეტაპამდე მისასვლელად 20 ვაკანსიაზე მოგიწევთ განაცხადების გაგზავნა, The 10X Rule მინიმუმ 200 ვაკანსიისთვის მომზადებას გირჩევთ.

მიმართეთ ყველა ქმედების მასშტაბირებას, დაწყებული კავშირების დამყარებიდან საინფორმაციო ინტერვიუებამდე. წიგნში ავტორი ქმედების 4 დონეზეც საუბრობს, რომელთაგანაც უნდა აირჩიოთ: პირველი — არაფრის კეთება, მეორე — უკან დახევა, მესამე — ქმედების ჩვეული ნორმების მიღება ან მეოთხე — მასიური მოქმედებები. კარიერის ქოუჩები კი სწორედ ამ უკანასკნელს გვირჩევენ. 

ხოლო კითხვაზე, თუ ვინ დაგეხმარებათ სამსახურის ძიებისას შესაძლებლობების პოვნაში? ჩამოთვლილ ადამიანთა რაოდენობა 10-ზე გაამრავლეთ. თუ იმაზე გეფიქრებათ, რომ ამდენი ახლო კონტაქტი არ გყავთ, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამ ბერკეტის გამოყენებით თქვენი ძიების პროცესი 10-ჯერ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ. 

დააკვირდით იმ ადამიანების სიას, რომელთანაც საუბარს გეგმავთ, თუ ეს 5 კონტაქტისგან შედგება, ჰკითხეთ თითოეულს: შეგიძლიათ რეკომენდაცია გაუწიოთ 2 ან 3 ადამიანს, რომელსაც შემიძლია დაველაპარაკო?, 5 ადამიანისგან შემდგარ სიას აქვს პოტენციალი, 20 ადამიანამდე გაიზარდოს. შემდგომ კი ამ ახალ 15-საც იგივე სთხოვეთ და ასე მიხვალთ მასიურ ქმედებებამდე. 

4. ივარჯიშეთ რთულ კითხვებზე პასუხების გაცემაში

ინტერვიუსთვის მომზადების დროს განიხილეთ რთული კითხვები და მზად იყავით თავდაჯერებით ისაუბროთ თქვენს კარიერულ ცვლილებაზე. თუ ასაკთან დაკავშირებული მიკერძოებები გადარდებთ, კითხვა ასე შეიძლება ჟღერდეს: შევამჩნიე რომ თქვენი გამოცდილება ამ სფეროში შეზღუდულია. შეგიძლიათ მომიყვეთ, რამდენად დაგეხმარებათ თქვენი არსებული უნარები და წარსული ახალ პოზიციაზე?.

თუ ეს კითხვა განერვიულებთ, მომზადება სავარაუდო პასუხების ჩამოწერით დაიწყეთ. შესაძლოა, ჩამონათვალი იმ უნარებს შეიცავდეს, რომლებიც დამსაქმებლებს სჭირდებათ, პროფესიული განვითარებისა თუ განათლების საკითხებს, მაგალითებს, როგორ შეძელით ახალ უნარზე დაუფლება სრულიად უცნობ გარემოში. შემდგომ კი ივარჯიშეთ და ჩაიწერეთ პასუხები. უმჯობესია, თუ ვიდეოს გამოიყენებთ, რადგან ცალკეული სიტყვების ნაცვლად, ასე თქვენს სხეულის ენასაც შეგიძლიათ დააკვირდეთ. მსგავსად, მეტად ობიექტურადაც შეაფასებთ, რამდენად თავდაჯერებული ან დასტრესილი ხართ და განსაზღვრავთ, რომელი აირჩიოთ. 

გახსოვდეთ, რომ ინტერვიუ მხოლოდ თქვენი ამჟამინდელი უნარების შეფასებას არ ეხება, არამედ თქვენი ზრდისა და ადაპტაციის პოტენციალსაც. დამსაქმებლები ხშირად აფასებენ იმ კანდიდატებს, რომელთაც სწორი დამოკიდებულება აქვთ, სწავლის სურვილი და უნარი, გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

თუ მოსალონდელი ინტერვიუს გამო ნერვიულობთ, ერთი რამ დაიმახსოვრეთ: დამქირავებელი მენეჯერი არ დაუთმობს დროს იმას, ვისაც არ შეუძლია მათთვის სასურველი საქმეების შესრულება. ნუ ჩათვლით კრიტიკად, თუ ვიღაც დეტალურ კითხვებს დაგისვამთ თქვენი რეზიუმედან აღქმულ სუსტ მხარეზე. ამ კითხვას შესაძლებლობასავით მიუდექით, რომელიც უფრო მეტი ინფორმაციის გაცემაში დაგეხმარებათ. იამაყეთ თქვენი გადადგმული ყოველი ნაბიჯით. ძალიან ცოტა კანდიდატს შეუძლია, დააკმაყოფილოს სამუშაოს აღწერილობის ყველა მოთხოვნა, მაგრამ მაინც იარსებებს ის მოთხოვნები, თვისებები თუ უნარები, რომლებსაც თქვენი პოტენციური დამსაქმებელი სხვებზე მეტად აფასებს.

ამგვარად, თქვენი გამოცდილებაც აქტივია და ენდეთ თქვენს უნარს, შექმნათ ახალი კარიერული გზა, რომელიც კვლავ განაგრძობს განვითარებას. 

 

წყარო: HBR



როცა ცდილობ, ტაროს კარტით იწინასწარმეტყველო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული…

არქიტექტურა, როგორც მნიშვნელოვანი მისია და უკეთესი გარემოს შექმნის სურვილი