in

5 გზა გადადებული საქმეების შესასრულებლად

მარტივია ისეთი დამღლელი საქმეების გადადება, როგორიც ფინანსური ანგარიშების წარდგენაა ან ისეთების, რომლებიც ემოციურ რესურსს მოითხოვს, მაგალითად თანამშრომლის უარყოფითი შეფასების დაწერა… ამას საქმეების გაჭიანურებას კი ეძახიან, ან ზოგი პირდაპირ სიზარმაცედ აღწერს, მაგრამ როგორც კვლევა გვეუბნება, პროკრასტინაცია მორალური წარუმატებლობისა და სიზარმაცის ნიშანი კი არა, ჩვენი ქვეცნობიერი სტრატეგიაა, რათა თავიდან ავირიდოთ ნეგატიური ემოციები. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ხშირად ასე იმიტომ ხდება, რომ დარწმუნებული არ ვართ, რა გავაკეთოთ ან საიდან დავიწყოთ კონკრეტული ამოცანის შესრულება. ცუდი კი ის არის, რომ ასე შეიძლება გრძელვადიანი მიზნების მიღწევას შევუშალოთ ხელი. თუ ახლა თავადაც აჭიანურებთ რაღაც საქმის შესრულებას, მაგრამ იცით, რომ ეს თქვენი მომავალი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, 5 გზას შემოგთავაზებთ, რომლებიც მიგანიშნებთ, რა მოუხერხოთ ამას. 

1. გქონდეთ მკაფიო ხედვა

თუ მენეჯერმა ან კოლეგამ კონკრეტული პროექტი გადმოგაბარათ, კარგად გამოიკვლიეთ ეს შესაძლებლობა. ხშირად, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ რა სურთ მათ — 20-გვერდიანი სიღრმისეული ანალიზი თუ 1-გვერდიანი შეჯამება? ანალიზი, რომელსაც საბჭოს წარუდგენენ თუ მარტივი ჩანაწერი? ხშირად არც კონკრეტული საქმის მასშტაბს ვიცნობთ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თავდაპირველ პრინციპებს დავუბრუნდეთ. კონკრეტულად, რისი გაკეთება გთხოვეს? რა არის სასურველი შედეგი და დაახლოებით, რა დრო დასჭირდება ამას?

2. დაადგინეთ კონკრეტული ნაბიჯები 

შესაძლოა, მკაფიო ხედვაც გქონდეთ კონკრეტულ სიტუაციაზე, მაგრამ არ იცოდეთ, რა ნაბიჯები დაგეხმარებათ სასურველ ადგილამდე მისვლაში. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რაღაცას პირველად აკეთებთ… მაგალითად, ახალი პროდუქტის გაშვებისას თქვენ, ალბათ, გასაკეთებელი საქმეების სიას ჩამოწერთ, მაგრამ დარწმუნებული არ იქნებით, რომელია მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ან რა მიზნით უნდა გააკეთოთ ისინი — ფოკუს ჯგუფები ჩაატაროთ? პროტოტიპი შექმნათ? მარკეტინგული გეგმა? თუ სტრატეგია უნდა გატესტოთ?

ასეთ სიტუაციებში იმ კოლეგასთან გასაუბრება გამოგადგებათ, რომელსაც მსგავს პროექტზე მუშაობის გამოცდილება აქვს. თუ ასეთი ვარიანტი არ გაქვთ, მაშინ კონსულტანტის დაქირავებაზე უნდა იფიქროთ, რომელიც შეისწავლის, რა გაუკეთებიათ სხვებს ადრე ამ სფეროში. არსებული გამოცდილების დაკოპირება კი არ გჭირდებათ, მაგრამ წარსულში არსებული საუკეთესო პრაქტიკები დაგეხმარებათ თავდაპირველი გეგმის შემუშავებასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში. 

3. დაიწყეთ მცირე ქმედებებით

ამბიციური პროექტები, რომლებიც ნაკლებად მკაფიოა, ხშირად გასაკეთებელი საქმეების სიაში ბოლო ადგილს კი იკავებს, მაგრამ როგორც პროფესორი ფოგი გვეუბნება, ძალიან მცირე ქმედებასაც აქვს აზრი; პატარა ნაბიჯსაც კი შეუძლია, ამოცანის შესრულება გაგიმარტივოთ. კარგი იქნება, თუ აქ იმ ამოცანას დაადგენთ, რომლის ამოხსნაც შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, ეს ყველაზე სტრატეგიული სვლა იქნება თუ არა, ეს თქვენს ინერტულობას შეუშლის ხელს და მომავალში ამ საქმესთან დაბრუნებასაც გაგიმარტივებთ.

4. შექმენით იძულებითი ფუნქციები

თუ პროკრასტინაციასთან ხშირად გაქვთ საქმე, ფაქტია, რომ მხოლოდ სურვილი მოტივაციისთვის არ კმარა… ამის ნაცვლად უმჯობესია, თქვენთვისვე იძულებითი ფუნქციები შექმნათ — მაგალითად, ისეთი პასუხისმგებლობის მექანიზმი, როგორიც ყოველკვირეული შემოწმებების დაგეგმვაა თქვენს მენეჯერთან თუ სანდო კოლეგასთან. 

ვირტუალური თანამშრომლობაც შეგიძლიათ აირჩიოთ, რათა კონკრეტულ დღეს თქვენს პროგრესზე იყოთ პასუხისმგებელი. მონაწილეები ამბობენ, რაზე იმუშავებენ სესიის დასაწყისში და ბოლოს მოხსენებასაც აკეთებენ. საკუთარი წესებიც შეგიძლიათ შექმნათ, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ. მაგალითად, როცა რაღაცის დედლაინი გექნებათ, არ მისცეთ თავს უფლება, კონკრეტული სივრცე მანამ დატოვოთ, სანამ არ დაასრულებთ. 

5. შეზღუდეთ ყურადღების გამფანტავი საკითხები

ადამიანის გონება დოფამინის მიღებისკენ მიისწრაფვის, რაც შესაძლოა, დღის მანძილზე მოსული შეტყობინებების წაკითხვასა და მასზე პასუხის სწრაფად გაცემაშიც გამოიხატებოდეს. რეალურად, არავინ ფიქრობს, რომ ეს პროდუქტიულია, თუმცა ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც მარტივი ამბავია. არადა, თქვენივე წარმატებისთვის ყურადღების გამფანტავი საკითხების შეზღუდვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის იარსებებს ის, რაც თქვენს ცდუნებას შეეცდება. 

მიმართეთ ექსპერიმენტებს, რათა ნახოთ, რა მუშაობს თქვენთვის საუკეთესოდ. ტელეფონის სხვა ოთახში დადება თუ პროგრამით კონკრეტულ საიტებზე წვდომის შეზღუდვა? ისეთი კომპიუტერის გამოყენება ხომ არა, რომელიც ინტერნეტს არ უკავშირდება, რათა მეტად კონცენტრირდეთ წერის პროცესზე?

პროკრასტინაცია, ან უფრო მარტივად, საქმეების გაჭიანურება, ადამიანური ბუნების ნაწილია, სადაც ფსონები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის დაძლევა რომ მოახერხოთ, სწორედ ზემოთ განხილული სტრატეგიების განხორციელება დაგჭირდებათ, რითაც გრძელვადიანი მიზნების მიღწევასაც შეძლებთ. 

 

წყარო: HBR 



AI-ზე ორიენტირებული ახალი პოზიციები მარკეტინგში

VELI.store უკვე აპლიკაციაა! მიზეზები, რომლის გამოც ველიზე ნივთის შეძენა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა