in

5 გზა სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად

მუდმივად ცვალებად გარემოში თანამშრომლებს კომპანიების საჭიროების დასაკმაყოფილებლად ახალი უნარების დაუფლება ან არსებულის გაუმჯობესება სჭირდებათ. ამ საკითხზე ზრუნვა კი კომპანიის ინტერესებში უნდა შედიოდეს… სწორედ ამიტომ, ახლა იმ 5 გზას შემოგთავაზებთ, რომელთა მეშვეობითაც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას მეტად ეფექტურად მოახერხებთ. 

ახალი ციფრული ხელფასიანი სტაჟირება

როგორ ეხმარება შუასაუკუნეების პრაქტიკა ათასობით დასაქმებულს კარიერულ წინსვლაში?

Apprentice, ანუ როცა ადამიანი პროფესიონალთან მუშაობით სწავლობს საქმეს, სამუშაო ადგილზე სწავლების უძველეს ფორმას წარმოადგენს. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტაჟიორთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. კომპანიებისთვის, რომელთაც უჭირთ მნიშვნელოვანი პოზიციების შევსება, შეიძლება ეს ეფექტური გამოსავალი იყოს.

ამ ტრენდში კი დიდი წვლილი შეაქვს კომპანიების მზარდ რაოდენობას, რომელთა უმეტესობა ისეთ სწრაფად განვითარებად სფეროებზეა ორიენტირებული, როგორებიცაა მონაცემთა მეცნიერება და პროგრამული ინჟინერია.

თუმცა ეს ყოველმხრივ კარგი არ არის, რადგან დროის მნიშვნელოვან ინვესტირებას მოითხოვს. მაგალითად, ამერიკაში ფორმალური სწავლება-მუშაობის რეჟიმი ჩვეულებრივ 4 წელი გრძელდება, გაერთიანებულ სამეფოში კი მას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ძალიან მკაცრია და დამსაქმებელთა საჭიროებებს არ შეესაბამება

სწავლების ანაზღაურების ჯანსაღი მიდგომა

როგორ ხდება ისტორიულად ელიტური სარგებელი ყველასთვის ხელმისაწვდომი?

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მსხვილი კომპანიები თანამშრომელთა განათლებაში ფულს აბანდებენ. თუმცა ისტორიულად ეს მცირე ნაწილის ხვედრი იყო…

დღეს კი უფრო და უფრო მეტი კომპანია სთავაზობს სწავლებას პირველი ხაზის თანამშრომლებს, იქნებიან ესენი ბარმენები, მძღოლები თუ ცვლებში მომუშავე პირები. ამის პასუხად კი კომპანიების ახალი ტიპი გაჩნდა, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას ტრენინგის პროვაიდერებს, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებსა თუ მთავრობას შორის. თანამშრომლები იღებენ რჩევასა და მხარდაჭერას, რათა იპოვონ მათთვის შესაფერისი სასწავლო პროგრამა, რომელსაც დამსაქმებელი დაუფინანსებს. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ სარგებელს სთავაზობს რეკრუტერებს — დასაქმებულები 3-ჯერ მეტად რჩებიან კომპანიაში.

მიუხედავად სტატისტიკური მაჩვენებლისა, როგორც ამბობენ, თანამშრომელთა მხოლოდ 2% იღებს ამისგან სარგებელს. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ დამსაქმებლებმა კონკრეტული საკითხის ხელშესაწყობად უფრო მეტი უნდა იმუშაონ. 

სასწავლო გამოცდილების პლატფორმაზე გადასვლა

როგორ უნდა გაიგონ თანამშრომლებმა, რა ისწავლონ შემდგომში?

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სამუშაო ისეთი პროგრამის დახმარებით სრულდებოდა, რომელიც ჩვენთვის LMS-ის, ანუ სწავლების მენეჯმენტის სისტემის სახელით არის ცნობილი. თუმცა ხელსაწყოების ახალმა ტალღამ იგი LXP-ად, ანუ სასწავლო გამოცდილების პლატფორმად გარდაქმნა. ეს უკანასკნელი კი უკვე არსებული უნარების შეფასებასაც გვთავაზობს — ნეტფლიქსის სტილის რეკომენდაციებს, თუ რა ისწავლოთ შემდგომში და შიდა სოციალურ კავშირებს. LXP უბრალოდ ტრენინგების პროგრამებს კი არ მართავს, არამედ სწავლას ინდივიდებისთვის რელევანტურს ხდის. თუმცა დადებითი შედეგების მისაღებად ამ ტექნოლოგიის ყიდვის მიღმა, რეალური ინვესტიციებია საჭირო, რაც შეიძლება შიდა მარკეტინგულ კამპანიასაც მოიცავდეს.

ქოუჩინგის დემოკრატიზაცია

როგორ შეგვიძლია ავარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი ქოუჩები?

დღევანდელ პლატფორმებზე შესაბამის ტექნოლოგიებს იყენებენ, რათა ქოუჩების პოვნა და მათთან მუშაობა გაამარტივონ. კომპანიებს აქვთ ხელსაწყოები, რომლებიც აფასებს, რა სჭირდება თითოეულ დასაქმებულს ქოუჩისგან, ცდილობენ მათი გამოცდილებები ახლოს იყოს ერთმანეთთან და სესიებს ციფრული პლატფორმების დახმარებით ატარებენ. 

ეს სექტორი სულ უფრო და უფრო ფართოვდება, რასაც დიდი კომპანიებისგან ქოუჩინგის შეთავაზება განაპირობებს უკვე თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის. მაგალითად  CoachHub-ის მეშვეობით, Danone სესიებს 250 თანამშრომელს სთავაზობს. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება სამუშაო ძალასა და კულტურაზე… 

კოჰორტაზე დაფუძნებული კურსების ზრდა

როგორ შევიძინოთ რეალური უნარები ონლაინ?

როცა საქმე ონლაინ სწავლებას ეხება, ბევრი მონაწილე დაწყებულ კურსს არც კი ასრულებს, ძირითადად იმიტომ, რომ სასწავლო გამოცდილება ასინქრონულია. ეს ყველაფერი წარმატებით რომ მოხერხდეს, ინდივიდებს თვითდისციპლინა სჭირდებათ… კოჰორტაზე დაფუძნებული კურსები სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორებას გვთავაზობს — მონაწილეთა გუნდი ერთად იღებს კურსს წინასწარ განსაზღვრული დასაწყისითა და დასასრულით, რეგულარული საშინაო დავალებებით და ინსტრუქტორით, რომელიც ონლაინ დისკუსიის სესიებში პერიოდულად ერთვება. ამ ფორმატით სწავლისას კი კურსს მონაწილეთა 96% ასრულებს.

დღეს კომპანიებს კვალიფიციური თანამშრომლები სჭირდებათ, რომლებიც ყველა მათთვის საჭირო უნარს ფლობენ. სწორედ ამიტომ, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სწორი გზები უნდა იპოვონ. ზემოთ მოცემული ხუთი მიდგომა კი მათ ამის საუკეთესოდ მიღწევაში დაეხმარებათ — ისინი არა მარტო კომპანიისთვის, არამედ თანამშრომლებისთვის რელევანტურ სასწავლო პროგრამასაც უზრუნველყოფენ.

 

წყარო: HBR



ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

ქილებში ჩამოსხმული ღვინის ახალი ვიზუალური იდენტობა — Archer Roose