როცა ბიზნესისა და დასაქმების მომავალს განვიხილავთ, ChatGPT საუბრის ცენტრში ექცევა. უკვე აზრი აღარ აქვს იმაზე ლაპარაკს, ეს ხელსაწყო ჩვენზე ჭკვიანია თუ უკეთესი — ფაქტია, რომ ის ჩვენ წინაშეა და უკვე ბევრი მომხმარებელიც ჰყავს. ახლა მნიშვნელოვანია, გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენ სასარგებლოდ და როგორ გავიუმჯობესოთ თავი მათი დახმარებით.
მაგალითად, დღეს შეგვიძლია ჩვენივე პროდუქტიულობა გავზარდოთ GPT4-ისა და ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც ე. წ. ბრეინშტორმინგში, ელ.ფოსტების შედგენაში ან თუნდაც, სწრაფი და კომპლექსური კვლევების ჩატარებაში გვეხმარება. თუმცა ამას გარდა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი ჩანაცვლების რისკები? შემდგომი 5 სტრატეგია ამ პროცესში კრიტიკულ როლს ასრულებს:
თავიდან აირიდეთ პროგნოზები
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ AI ახალ ინფორმაციებს არ აგენერირებს… თუმცა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ძლიერი იარაღი გახდება, თუ თქვენ მას სწორად გამოიყენებთ. მაგალითად, თუ გსურთ გაიგოთ, რას ფიქრობენ ან გრძნობენ ადამიანები კონკრეტული საკითხის შესახებ, მათი ცრურწმენებისა და არასწორი აღქმების ჩათვლით, GPT-4 სწორედ ამ ინფორმაციაზე წვდომის ან იგნორირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგრამ თუ მას უბრალოდ კითხვების გარეშე გამოიყენებთ, მათი ალგორითმები, ალბათ, უფრო პროგნოზირებად არსებებად გაქცევთ, სადაც ყველა ერთნაირი იქნება.
შესაძლოა, GPT-4 ძლიერი ხელსაწყოა იდეებისა და თავდაპირველი მონახაზების შესაქმნელად, მაგრამ თუ გინდათ, რომ გამოირჩეოდეთ, უკეთესი იქნება, იმის საპირისპირო გააკეთოთ, რასაც ჩეტბოტი გთავაზობთ…
დახვეწეთ ის უნარები, რომლებსაც ხელსაწყოები ჰბაძავენ
GPT-4 უკვე პატივისცემითა და ზრდილობით, ემპათიით, თვითშემეცნებითა და შემოქმედებითობით გამოირჩევა, მაგრამ მიღებული პასუხები მაინც ტექსტის წინასწარმეტყველებას ეფუძნება. AI-ს არ შეუძლია გვაჩვენოს ამ უნარების ადამიანური ვერსია. თანაც, ადამიანები ნამდვილ ემოციებს პასუხობენ — იმისათვის, რომ გაიგოთ, რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები, საკუთარ თავს გაუგეთ და შექმენით ის, რაც მანქანებს არ შეუძლიათ. ეს სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გამორჩეული ადგილის დაკავების შესაძლებლობას მოგცემთ.
გააძლიერეთ „რეალური სამყარო“
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს, ჩვენი პირადი ადამიანური კავშირებია სხვებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოვყოთ დრო და დავიცვათ ისინი. ეს ისეთი ურთიერთობებისა და ინსაითების ჩამოყალიბების საშუალებას გვაძლევს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით თითქმის არ არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, იმ უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს, რომელსაც ჯერ კიდევ ვფლობთ.
ადამიანებთან საუბარი და ახალ ინფორმაციებზე წვდომაც ჩვენს უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან AI-ს მხოლოდ წარსულ ინფორმაციებზე აქვს წვდომა. ამ გზით, საუბრებს რაღაც ახალს მატებთ, რაც კვლავ შეუძლებელია ხელოვნური ინტელექტისთვის.
განავითარეთ თქვენი პერსონალური ბრენდი
ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებმა უკვე იმ დონეებს მიაღწია, რომ ზოგიერთი პროფესია შეიძლება მალე გააქროს, მაგრამ ასე არ იქნება ინდუსტრიის ლიდერების შემთხვევაში. მათ ხომ ძლიერი ბრენდები უმაგრებთ ზურგს. როგორც ხელოვნების სამყაროშია, ზოგიერთი უფრო მეტს გადაიხდის სახელგანთქმულ ნახატში, ვიდრე ნაკლებად ცნობილში… კორპორატიული ლიდერებიც კვლავ გამორჩეულ ადგილებს დაიკავებენ ხარისხისა და ბრენდის ხარჯზე. ამგვარად, ხელოვნური ინტელექტის განვითარება არ ცვლის ფაქტს, რომ ბრენდინგი მნიშვნელოვანია…
დააგროვეთ გამოცდილება
GPT-4 და სხვა AI ტექნოლოგიები კარგ მკვლევრებს წარმოადგენენ, თუმცა ზოგჯერ ე. წ. ჰალუცინაციებთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მიღებული შედეგები შემოწმდეს სანდო წყაროს მიერ და ეს თავადაც შეიძლება იყოთ.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს ჩვენი პროფესიული ცხოვრების შეცვლის ძალაუფლება აქვს, თანაც, ამას საკმაოდ ახლო მომავალში დავინახავთ. კონკრეტული სტრატეგიებით კი თქვენ შეძლებთ იპოვოთ გზები უნიკალური ღირებულების საპოვნელად. არამდგრად სიტუაციებშიც კი ეს ყველაზე ნათელი გზაა, რითაც კარიერა შეგიძლიათ „დაიზღვიოთ“.
წყარო: HBR










