ხშირად ინოვაციები, რომლებიც ერთ გეოგრაფიულ რეგიონში ან ბიზნეს ერთეულში ვითარდება, იქნება ეს ახალი პროდუქტები მომხმარებელთა დასაკმაყოფილებლად, ახალი HR პოლიტიკა თუ წარმოების პროცესები, მის ფარგლებს აღარ სცდება… მართალია, არც ყველაფერს სჭირდება გლობალური მასშტაბი და ხშირად ადგილობრივი ინოვაციები სწორედ ადგილობრივი ბაზრებისთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ როცა გლობალური პოტენციალის მქონე ინოვაცია არ ვითარდება, ეს უარყოფითად აისახება ბიზნესზე.
„რეგიონებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი და იმავე პრობლემის გადაჭრას მრავალჯერ ვცდილობთ, ყოველთვის არ ვუზიარებთ ერთმანეთს იდეებს და ვაყოვნებთ ინოვაციის პროცესს“, — განაცხადა კრის კემპჩინსკიმ, McDonald’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ამგვარად, როცა მსგავსი პროდუქტის მქონე რეგიონული ბიზნესები არ უზიარებენ ერთმანეთს ინოვაციებს და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარებას ამჯობინებენ, მათი პროდუქტები განსხვავებული მიმართულებით ვითარდება. ამას პროდუქციის ხაზების გამრავლებამდე მივყავართ, რაც კორპორატიული ცენტრისთვის კიდევ უფრო ართულებს რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებას. აქ აქციონერებსაც კი უჭირთ კომპანიის ზრდის პერსპექტივების გააზრება.
ინოვაციების ერთიდან მრავალ ბაზარზე გასვლისას კი, ძირითადად 3 დაბრკოლება იკვეთება. ამიტომ, ახლა როგორც ამ დაბრკოლებების, ისე მისი გადაჭრის გზები განვიხილოთ:
ცრუ რწმენები ადგილობრივი უნიკალურობის შესახებ
მართალია, ყველა რეგიონი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელები მაინც აჭარბებენ, როცა თავიანთ ბაზრებზე, მომხმარებლებსა და იმ პირობებზე საუბრობენ, რომლებშიც ოპერირებენ. თანაც ხშირად ახალი პროდუქტები და ინოვაციები შეიძლება იმაზე მარტივად გავრცელდეს სხვაგან, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იგი ინოვაციის პრიორიტეტებს შეესაბამება — ამას სხვაგვარად „სტრატეგიული ფოკუსირების სივრცესაც“ უწოდებენ. შეიძლება იყოს შეფუთვაც, რომელიც კონკრეტულ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს მატერიის, ზომებისა თუ ფორმატის თვალსაზრისით.
მსგავს პრიორიტეტებთან შესაბამისი ინოვაციები კი „საზიაროც“ შეიძლება გახდეს. ხოლო მაშინ, როცა საერთო პრიორიტეტების გაცნობიერება ხდება, მასში ჩართული მხარეები ერთმანეთს არსებულ პრაქტიკას უზიარებენ, რაც ახალი ინოვაციების გაჩენის საფუძველიც ხდება.
შეუსაბამო კულტურა და მოტივაცია
ინოვაციების მასშტაბირებისთვის კიდევ ერთ დაბრკოლებას მრავალი ფორმალური თუ არაფორმალური მოტივაციები წარმოადგენს. მაგალითად, საბონუსე სისტემის დანერგვა, რაც განპირობებულია კონკრეტული გუნდის მიერ დახარჯული დროით, ენერგიითა და რესურსებით, შესაძლოა, არ დაინერგოს იმ რეგიონებში, სადაც ხელმძღვანელი „ჩვენ არ მოგვიფიქრებია“ აზროვნებას მიჰყვება…
აქ კი რეგიონალურ მენეჯერებს შემდგომი კითხვების დასმას ურჩევენ მანამ, სანამ სხვა რეგიონების მიერ შემუშავებულ ინოვაციებს უარყოფენ:
- ამ ინოვაციის მიღებით შეგვიძლია უკეთ მოვემსახუროთ არსებულ თუ ახალ მომხმარებლებს?
- თუ ინოვაცია არ არის ერთი ან მეტი ლოკალური გარემოებისთვის, შესაძლო იქნება მისი ადაპტირება? მაგალითად, თუ იგი განვითარდა განსხვავებული ტექნოლოგიური, მარეგულირებელი თუ კონკურენტული გარემოს პირობებში ან მოითხოვს იმ პროდუქციისა თუ დისტრიბუციის საშუალებებს, რომლებიც თქვენ არ გაქვთ, შეძლებთ მის ადაპტირებას?
- ვიგრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ, როცა ჩვენი პირველი ინსტინქტი ამ ინოვაციის უარყოფა იქნება?
გამჭვირვალობის ნაკლებობა
როგორც უკვე ვახსენეთ, ბიზნესები საკუთარ ინოვაციურ პროექტებს ერთმანეთს არ უზიარებენ, ამ საკითხის მოგვარება კი საერთო მექანიზმის შექმნით არის შესაძლებელი, რომელიც რეგიონებისთვის ცოდნის გაზიარებას გაამარტივებს. ამ შემთხვევაში საერთო ინოვაციების პრიორიტეტები იარსებებს, ერთი და იმავე საკითხის განვითარებაზე მუშაობაც აღარ მოუწევთ და ასე განვითარების ტემპიც აჩქარდება.
დაბოლოს, ძალიან ბევრი გლობალური მეწარმე არ იყენებს ადგილობრივი ინოვაციების მაქსიმუმს… ინოვაციების მასშტაბირებისთვის ჩამოთვლილი დაბრკოლებების სისტემატური დაძლევით კი, ისინი მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებენ… ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.
წყარო: HBR