in

მზად ხართ AI-სთან გასაუბრების გასავლელად?

პანდემიის დროს ყველაფერმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და ასეა სამსახურის გასაუბრებების შემთხვევაშიც, რომელსაც ძირითადად ხელოვნური ინტელექტი მართავს. მართალია, მსგავსად დაქირავების პროცესის ხანგრძლივობა მცირდება და კომპანიებისთვის სწორი კანდიდატების პოვნაც უფრო ბიუჯეტური ხდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამან სამსახურის მაძიებელთა გამოცდილებაზე სრულად დადებითად იმოქმედა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუ რეკრუტერები ინტერვიუს დაგინიშნავენ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი ბოტთან გაიაროთ და არა, ადამიანთან. ყველაზე ექსტრემალური ტიპის ავტომატურ ვიდეო ინტერვიუებში (AVI) კი ბოტი წინასწარ განსაზღვრულ კითხვებს დაგისვამთ და მათზე პასუხის მოსაფიქრებლად მცირე დროსაც მოგცემთ. მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს, რამდენად შესაბამისი კანდიდატი ხართ, თანაც, ეს იმ წუთებშივე მოხდება.

ამ პროცესს AI ინტერვიუებს უწოდებენ ხოლმე. თუმცა როგორ უნდა მოვახდინოთ კარგი შთაბეჭდილება? ანუ, როგორ უნდა მოვხიბლოთ ალგორითმი? ქვემოთ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებით.

რას გულისხმობს ავტომატური ვიდეო ინტერვიუები?

მომზადების პირველ ეტაპს სწორედ იმის ცოდნა წარმოადგენს, თუ რა ტიპის ინტერვიუს ჩაგიტარებენ. ეს კი იმ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, რომლებსაც კონკრეტულ პროცესში გამოიყენებენ, სადაც AI სხვადასხვა ხარისხით შეიძლება იყოს ჩართული. 

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ყველა ვიდეო ინტერვიუს დროს ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენება. ზოგიერთ შემთხვევაში უბრალოდ ვიდეოს იწერენ, რომელსაც შემდგომში რეკრუტერები უყურებენ. ზოგჯერ კი ვიდეოს დროს AI მონაცემთა სხვადასხვა ტიპს ამუშავებს. იმისათვის, რომ წინასწარ განსაზღვროთ, რამდენად იქნება ჩართული AI თქვენს ინტერვიუში, როცა ელ.ფოსტას მიიღებთ, დააკვირდით გადაწყვეტილებათა ალგორითმს, მანქანურ სწავლებას, პროგნოზირებად ანალიტიკას, რეკომენდაციებსა და მონაცემებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. 

თუ ამ ყველაფერს აღმოაჩენთ, უნდა მოელოდეთ, რომ თქვენ შესახებ სამი ტიპის მონაცემი შეგროვდება: ვიზუალური (სახის გამომეტყველება, თვალებისა და ხელების მოძრაობა), ვერბალური (ლექსიკონი და ე. წ. ქივორდები) და ვოკალური (ხმის ტონი და პუნქტუაცია). აქ კი AI განსაზღვრავს, ხართ თუ არა ის ადამიანი, რომელსაც ეძებენ. 

AI ინტერვიუები ჯერჯერობით კანდიდატების შერჩევის საუკეთესო ინსტრუმენტი არ არის 

AI ინტერვიუებს ერთი რამ აქვს საერთო — საკუთარ თავს ავტომატური კითხვების პასუხის გაცემის რეჟიმში ეკრანის წინ აღმოაჩენთ, რომლის მოსაფიქრებლადაც საკმაოდ მცირე დრო გაქვთ. ეს ადამიანებთან ინტერაქციისგან სრულად დაცლილია და, შესაბამისად, ვერც ინტერვიუერისგან ვიღებთ იმას, რაც გვაგრძნობინებს, რაიმეს სწორად ვაკეთებთ თუ არა. ვერც ფიზიკურად იცვლით ადგილს, რაც ინტერვიუს რეჟიმზე გადართვისთვის ფსიქოლოგიურად მოგამზადებდათ…

კვლევისას დადგინდა, რომ მსგავსი გამოცდილება ხშირად დამაბნეველია სამსახურის მაძიებელთათვის. აქ კი ორი მიმართულება იკვეთება: ერთია ტექნოლოგიების სიახლე და უმაღლესი ხარისხი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ახლავს თან და მათ აგრძნობინებს, რომ ადამიანური მიკერძოებებისგან თავის დაღწევას შეძლებენ; და მეორეა ინტერვიუს პროცესში ადამიანებთან კავშირის ნაკლებობა და დაძაბულობა, რაც აძლიერებს შფოთვას. მკვლევრები იმასაც გვაფრთხილებენ, რომ ტექნოლოგიების განდიდება ხშირად რაღაცის იდეალად ქცევას ეფუძნება და ცუდად გააზრებას იმისა, თუ რა შეუძლია ან არ შეუძლია AI-ს. 

მათ, ვისაც პირველი მათგანის სჯერა, ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტილებებს ადამიანებზე უკეთ მიიღებს. თუმცა, რეალურად, ისინი არც ისე კარგები არიან ადამიანის პიროვნული თვისებების განსაზღვრაში, რომელიც ვიდეოდან აღებულ ვერბალურ და არავერბალურ ქმედებებს ეფუძნება. სწორედ ამიტომ, მკვლევრები ტექნოლოგიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ნაკლოვანად ჩათვლისკენ გვიბიძგებენ. მოკლედ რომ გითხრათ, არ მისცეთ უფლება AI-ს უარყოფითად იმოქმედოს თქვენს თავდაჯერებაზე ინტერვიუს პროცესში. 

კარგი შთაბეჭდილების მოხდენა ადამიანად დარჩენას გულისხმობს

ბევრი AI ინტერვიუების პლატფორმა გირჩევთ, გასაუბრების პროცესში უბრალოდ საკუთარი თავი იყოთ. ეს, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ კვლევის თანახმად, კანდიდატები სწორედ ამას თვლიან ყველაზე რთულად. AI-სთან ინტერვიუს დროს ისინი ცდილობენ, თავადაც რობოტების მსგავსად მოიქცნენ… თუმცა კარგი შთაბეჭდილების მოხდენა სწორედ თქვენთვის ჩვეული ქმედებების განხორციელებაა — რაც შეიძლება ბუნებრივი უნდა იყოთ, რაც უნდა არაბუნებრივად გაგრძნობინებდეთ ეს პროცესი თავს. ეს კი მარტივი ვარჯიშით შეგიძლიათ, თუმცა ამჯერად სარკესთან კი არა, არამედ სხვა ადამიანებთან ან მარტო ონლაინ გასაუბრება უნდა სცადოთ. 

პირველი — უნდა მიეჩვიოთ ეკრანის წინ საუბარს. მაგალითად, სთხოვეთ მეგობარს გამოიყენოს Zoom ან WhatsApp და წინასწარ შედგენილი კითხვები დაგისვათ. ამ დროს, უმჯობესია, თუ კამერა ჩართული გექნებათ. სხვა ადამიანის ყოფნა დაგეხმარებათ, იპოვოთ თავდაჯერება პასუხის გასაცემად, როგორც ამას ჩვეულებრივ ინტერვიუების დროს აკეთებთ ხოლმე. ჩაიწერეთ, შემდეგ უყურეთ და გააანალიზეთ, რა გააკეთეთ კარგად. გახსოვდეთ ის, რასაც პოზიტიური ფსიქოლოგია გვეუბნება, ძლიერ მხარეებზე ფოკუსირება თქვენთვის სასურველი ქმედებების სწრაფ განვითარებაში გადაიზრდება. 

მეორე — გაიმეორეთ იგივე კამერის ჩართვის გარეშე, თავდაპირველად, შესაძლოა, შავ ეკრანთან საუბარი უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე მიხვდებით, როგორი იქნება თქვენი შემდგომი ინტერვიუ.

მესამე — მოამზადეთ რამდენიმე კითხვა და დაიწყეთ თქვენი კომპიუტერის წინ მარტო საუბარი, კვლავ ჩაიწერეთ და გააანალიზეთ.

სამივე ეტაპი დაგეხმარებათ, გაიგოთ, სხვადასხვა გარემოებებში რას და როგორ აკეთებთ, მეტი პრაქტიკით კი AI-სთან ბუნებრივად გასაუბრებასაც შეძლებთ. აქვე, კარგი იქნება, თუ შეამოწმებთ, როგორია განათება, როგორ ისმის ხმა ან როგორ მუშაობს ინტერნეტი.

დაბოლოს, ჩვენ ადამიანები ვართ და ტექნოლოგიის წინ ყოფნამ ისეთ მნიშვნელოვან მომენტში, როგორიც სამსახურის ინტერვიუა, შესაძლოა, დისკომფორტი და შფოთვა გამოიწვიოს. მაგრამ როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც, რაც უფრო მეტ გამოცდილებას დააგროვებთ ავტომატური ინტერვიუების დროს, მით უფრო კარგად შეძლებთ მის წარმართვას. 

და გახსოვდეთ: ტექნოლოგია სიახლეა, თანაც, უამრავი კვლევა გვეუბნება, რომ იგი არც ისეთი ჭკვიანია, როგორიც თავად გგონიათ და ვერც იმას იაზრებს ზუსტად, ვინ ხართ თქვენ. ამიტომ, არ მისცეთ AI-ს უფლება, თქვენს თავდაჯერებაზე უარყოფითად იმოქმედოს. 

წყარო: HBR



ტექნოლოგიური პლატფორმა იოგას მოტივებით – Asana

„ევროპაში SEX SELLS, საქართველოში ტრადიცია SELLS“ — ინტერვიუ უჩა ურუშაძესთან