თუ ადრე თქვენი პროექტი რაღაც დეტალების გამორჩენის გამო შეიძლებოდა წარუმატებელი ყოფილიყო, ახლა ახალი ტექნოლოგიებისა და მუშაობის გზების წყალობით მარცხის კი არა, მისი საუკეთესოდ შესრულების გარანტია გაქვთ. თუმცა დღესაც პროექტის მენეჯმენტი არც ისე შეუფერხებლად მიდის… კარგი კი ის არის, რომ ამ რეალობის წინაშე მალე აღმოვჩნდებით. რა დრო დასჭირდება ამას? ეს მხოლოდ ინოვატორებსა და ორგანიზაციებზეა დამოკიდებული, ანუ რამდენად ჩადებენ ისინი ინვესტიციებს პროექტების მენეჯმენტისთვის საჭირო ტექნოლოგიებში…
მართალია, ყოველწლიურად პროექტებში 48 ტრილიონი დოლარის ინვესტიციები ხორციელდება, მაგრამ მათგან მხოლოდ 35%-ია წარმატებული, ეს დაბალი მაჩვენებელი კი სწორედ შესაბამისი ტექნოლოგიების არარსებობის გამოა გამოწვეული. თუმცა Gartner-ის კვლევა საიმედო სტატისტიკას გვთავაზობს — 2030 წლისთვის პროექტების 80%-ს AI მართავს, ის მონაცემებზე იქნება დაფუძნებული, მანქანურ სწავლებასა და ნეიტრალურ ენასაც კი გამოიყენებს.
ტექნოლოგიური ცვლილებები პროექტის მენეჯმენტის ყველა ასპექტზე იმოქმედებს, თუმცა მათგან 6-ზე განსაკუთრებით:
1. უკეთესი არჩევანი და პრიორიტეტიზაცია
ეს ორი წინასწარმეტყველების ტიპებს წარმოადგენს: რომელი პროექტები მოუტანს ორგანიზაციას ყველაზე მეტ ღირებულებას? როცა სწორი მონაცემები ხელმისაწვდომია, მანქანურ სწავლებას (ML) იმ ნიმუშების დადგენა შეუძლია, რომელთა ამოცნობაც სხვა საშუალებით შეუძლებელი იქნებოდა… პროგნოზების გაკეთებისას ML ადამიანის შესაძლებლობებსაც კი შეიძლება აღემატებოდეს.
ML-ზე ორიენტირებული პრიორიტეტიზაცია:
- სწრაფად დაადგენს გასაშვებად მზად მყოფ პროექტებს
- გააადვილებს პროექტების არჩევას, რომელთაც წარმატების მაღალი შანსი აქვს
- უკეთ დააბალანსებს პროექტის პორტფოლიოსა და რისკების მიმოხილვას ორგანიზაციაში
- გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალი იქნება ადამიანთა მიკერძოებებისგან
2. პროექტის მენეჯმენტის დეპარტამენტი
ახალი ინტელექტუალური ხელსაწყოები რადიკალურად შეცვლის იმ გზას, რომლითაც დღეს პროექტის მენეჯმენტის დეპარტამენტები ოპერირებენ. ეს შეეხება:
- პროექტის პროგრესის უკეთეს მონიტორინგს
- პოტენციური პრობლემების განსაზღვრის უნარსა და ზოგიერთი მათგანის ავტომატურად გადაჭრას
- ავტომატურ მომზადებასა და პროექტების მოხსენებების დისტრიბუციას, უკუკავშირის შეგროვებას
- თითოეული პროექტისთვის საუკეთესო მენეჯმენტის მეთოდოლოგიის არჩევას
- პროცესებისა და პოლიტიკის შესაბამისობის მონიტორინგს
- ვირტუალური ასისტენტების საშუალებით ისეთი ფუნქციების ავტომატიზაციას, როგორებიცაა სტატუსის განახლება, რისკის შეფასება, აქციონერთა ანალიზი.
3. გაუმჯობესებული და სწრაფი პროექტების განსაზღვრის, დაგეგმვისა და მოხსენების პროცესი
პროექტის მენეჯმენტის ავტომატიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი სფერო რისკის მენეჯმენტია. მონაცემები და ML კი ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, დაინახონ ის რისკები, რომლებიც სხვაგვარად შეუმჩნეველი დარჩებოდათ. ეს გთავაზობთ:
- პროექტის მასშტაბირებას მომხმარებელთა ისტორიების ანალიზითა და კოლექციების ავტომატიზაციით. ხელსაწყოები გამოავლენს პოტენციურ პრობლემებს — იქნება ეს ორაზროვნება, დუბლირება, შეუსაბამობები თუ სხვა სირთულეები
- ხელსაწყოებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაგეგმვის პროცესს და დეტალურ გეგმებსა თუ სასურველ რესურსებსაც შემოგთავაზებთ
- ავტომატურ მოხსენებებს, რომლებიც რეალურ დროში მოხდება და დღეს არსებულ თანამშრომელთა ყოველკვირეულ მოხსენებებს ჩაანაცვლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
4. ვირტუალური პროექტების ასისტენტი
უნდა ვაღიაროთ, რომ ChatGPT-მ შეცვალა მსოფლიოს გაგება იმაზე, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მონაცემების გაანალიზება და მარტივი ტექსტით ახალი, მყისიერი ინფორმაციების გადმოცემა. პროექტის მენეჯმენტში კი ამგვარ ხელსაწყოებს ბოტები და ვირტუალური ასისტენტები წარმოადგენენ. Oracle-მ ახლახანს გამოაცხადა ახალი პროექტის მენეჯმენტის ციფრული ასისტენტის შესახებ, რომელიც მყისიერ სტატუსის განახლებებზეა პასუხისმგებელი და ეხმარება მომხმარებლებს, გააახლონ დრო და დავალების სტატუსი, ტექსტის, ხმისა თუ ჩეთის დახმარებით. იგი წარსული გამოცდილებიდან სწავლობს და სამომავლო გადაწყვეტილებებს სწორედ მათზე დაფუძნებით იღებს, გეხმარებათ მაქსიმალურად და სასარგებლოდ დახარჯოთ თქვენი დრო…
5. მოწინავე სატესტო სისტემები და პროგრამები
ტესტირება პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. პროგრამული პროექტების თანამედროვე და ავტომატიზებული სატესტო გადაწყვეტილებები კი საშუალებას გაძლევთ, მალევე დაადგინოთ მისი ნაკლი და პროცესები, რომელთაც კორექტირება სჭირდება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს სატესტო აქტივობებზე დახარჯულ დროს, დამატებითი სამუშაოს საჭიროებასა და მარტივად გამოსაყენებელ უშეცდომო გადაწყვეტილებებსაც უზრუნველყოფს.
6. პროექტის მენეჯერის ახალი როლი
ბევრი პროექტის მენეჯერისთვის ავტომატიზაცია საფრთხეს უკავშირდება, თუმცა ბევრმაც უკვე ისწავლა, როგორ მიიღონ სარგებელი ამ ხელსაწყოებისგან. აქ არ გეტყვით, რომ პროექტის მენეჯმენტი, როგორც პროფესია, გაქრება, არა, უბრალოდ მათ ცვლილებებს უნდა აუწყონ ფეხი. გუნდები ინდივიდების გაერთიანებად კი აღარ უნდა ჩათვალონ, არამედ ადამიანებისა და რობოტების…
დღეს პროექტის მენეჯერს მეტად ძლიერი თვისებები უნდა ჰქონდეს, უნდა გამოირჩეოდეს ლიდერული უნარებით, უნდა შეეძლოს სტრატეგიულად ფიქრი, კარგად უნდა იაზრებდეს ბიზნეს საკითხებს, უნდა ესმოდეს ტექნოლოგიების, აუცილებლად უნდა ფოკუსირდეს დაპირებული სარგებლის უზრუნველყოფასა და მათ შესაბამისობაზე სტრატეგიულ მიზნებთან.
მონაცემები და ადამიანები მომავალს რეალობად აქცევენ
ახალი თაობის ხელსაწყოები არა მხოლოდ შეცვლის ტექნოლოგიებს, არამედ იმასაც, თუ როგორ ვმართავთ ჩვენ პროექტებს. სწორედ ამიტომ, პროექტის მენეჯერები უნდა მოემზადონ, რათა დაეხმარონ გუნდებს ამ ცვლილებასთან ფეხის აწყობაში. ადამიანთა ინტერაქციებზე უნდა ფოკუსირდნენ და დაადგინონ, რამდენად შეუძლიათ მათ ტექნოლოგიებთან მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში არსებული მდგომარეობაც სასიკეთოდ შეცვალონ. ამასთან, მაღალი დონის გუნდების შექმნაზე უნდა იზრუნონ, რომელშიც წევრებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენა შეეძლებათ.
და თუ თქვენ ახლა უკვე სერიოზულად ფიქრობთ AI-ის პროექტებში ჩართვაზე, შემდგომი კითხვები ძალიან დაგეხმარებათ:
- მზად ხართ, დახარჯოთ დრო პროექტების შესახებ ზუსტი დეტალების გაზიარებაზე, რაც უახლეს სტატუსის განახლებებსაც მოიცავს?
- შეგიძლიათ ინვესტიციები განახორციელოთ რამდენიმე თვის მანძილზე, რათა შეაგროვოთ, გაასუფთაოთ და სტრუქტურა მისცეთ თქვენი პროექტის მონაცემებს?
- მზად ხართ, დაივიწყოთ ძველი პროექტის მენეჯმენტის ჩვევები, როგორიცაა, მაგალითად, ყოველთვიური პროგრესის მოხსენებები?
- მზად ხართ, ჩადოთ ინვესტიცია პროექტის მენეჯმენტის საზოგადოებაში, რათა უკეთ მოერგონ ახალ ტექნოლოგიებს?
- სურთ თუ არა თანამშრომლებს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და იმ გზის რადიკალურად შეცვლა, რომლითაც პროექტს მართავენ?
- არის თუ არა თქვენი ორგანიზაცია მზად, მიიღოს ახალი ტექნოლოგია და მას გადაწყვეტილების მიღების სადავეებიც გადასცეს?
- მზად ხართ, თქვენი ორგანიზაციისთვის უკეთესი შედეგების უზრუნველყოფის პროცესში ამ ტექნოლოგიას შეცდომების დაშვების საშუალება მისცეთ?
- შეუძლია თუ არა თქვენი პროექტის სპონსორს ამ ტრანსფორმაციის წარმართვა?
- ხელმძღვანელებს სურთ თუ არა რამდენიმე თვე მოიცადონ ან, თუნდაც, 1 წლამდე, რათა ავტომატიზაციის უპირატესობები დაინახონ?
თუ ამ კითხვებზე პასუხს „დიახ“ წარმოადგენს, შეგიძლიათ ტრანსფორმაციის გზას შეუდგეთ, „არას“ შემთხვევაში კი მის დადებითაც ქცევაზე უნდა იმუშაოთ…
გამოდის, ხელოვნური ინტელექტის პროექტის მენეჯმენტში ჩართვა მრავალ სარგებელს მოგიტანთ, მხოლოდ ადმინისტრაციული და დაბალი ღირებულების ამოცანების ავტომატიზაციის გამო კი არა, არამედ AI და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები თქვენს ორგანიზაციას, ხელმძღვანელებსა და პროექტის მენეჯერებს დაეხმარება, აირჩიონ, განსაზღვრონ და დანერგონ პროექტები უფრო წარმატებულად.
წყარო: HBR










