in

როგორ მოვძებნოთ ახალი სამსახური სრულ განაკვეთზე მუშაობისას?

სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ? ცუდი მენეჯმენტი, დაბალი ხელფასი ან უბრალოდ გამოფიტვაა მიზეზი? თუ ამჟამინდელი პოზიციისადმი ნეგატიური ემოციები საერთოდ არ გაქვთ და უბრალოდ რაღაც ახლის ცდა გსურთ, ახალი შესაძლებლობების პოვნა ზრდისთვის ან სულაც, მეტი მოქნილობა და სარგებელი? თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმეზე ფიქრობთ, საკუთარ თავს უთხარით: ახალი სამსახურის ძიების დროა.

მაგრამ როგორ? იმდენად გადატვირთული ხართ, რომ ამას ვერ მოახერხებთ? ასე არ არის, მთავარია, გადაწყვიტოთ, როდის უნდა დაიწყოთ სამსახურის ძებნა და პროცესის 4 ძირითად ფაზას მიჰყვეთ:

ძიების ფაზა

ეს იმის გადაწყვეტას მოითხოვს, თუ რა გსურთ ახალი პოზიციისგან. თუ ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ გაქვთ, ონლაინ კვლევას უნდა მიჰყოთ ხელი ან ინფორმაციულ ინტერვიუებს, რათა მეტი გაიგოთ არსებული შესაძლებლობების შესახებ. 

ონლაინ ძიებისთვის შესაბამისი დრო უნდა გამოყოთ. შესაძლოა, ამას სამსახურის შემდეგ 1 საათი დაუთმოთ და შემდეგ მრავალჯერადი სახე მისცეთ. კარგი იქნება, თუ კალენდარში მოინიშნავთ. ხოლო, თუ გგონიათ, რომ გულს ვერ დაუდებთ, ბიბლიოთეკაში ან კაფეში გასვლა ცადეთ. 

ინტერვიუებისთვის კი მოგიწევთ, სხვა ადამიანების დროსაც მოერგოთ. თუმცა მანამდეც კონკრეტული დროის გამოყოფა დაგჭირდებათ, რომელსაც სხვებთან დასაკავშირებლად გამოიყენებთ. ეს კვირის დღეებში საღამო ან დილა შეიძლება იყოს, ან შაბათ-კვირას ამისთვის რამდენიმე საათის გამოძებნაც მოსახერხებელია. თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ კალენდარში მონიშვნა არ დაგავიწყდეთ. 

ხოლო, როცა უკვე ამ ადამიანებისგან მიიღებთ უკუკავშირს, შეეცადეთ სტრატეგიული დრო შეარჩიოთ. თუ პირისპირ შეხვედრაა, შეგიძლიათ დილით ადრე, სამუშაო საათების დაწყებამდე კაფეში ყავაზე დაპატიჟოთ ან სულაც, საღამოს. ონლაინ შეხვედრის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ლანჩის დრო ჩვეულებრივ დაუთმოთ. 

მომზადების ფაზა

როგორც კი ზოგად მიმართულებაზე შეჯერდებით, მომზადების დრო დგება. ამას კი ხშირად რეზიუმეებისა და ლინკდინის პროფილის განახლებით იწყებენ. თუმცა აქ ადამიანები ან ყოვნდებიან, ან პერფექციონიზმს ირჩევენ. თუ შეყოვნდებით, ამისთვის კონკრეტულ დღეს კონკრეტული საათი გამოყავით, მაგალითად შაბათს დილით საუზმის შემდეგ. განახლებებს 2 საათი დაუთმეთ, შემდეგ კი გადაწყვიტეთ, როდის გააკეთებთ ამას ისევ.

აქ მცირე გამხნევებაც ძალიან დაგეხმარებათ. ეს შეიძლება იყოს თქვენი მეგობრისგან, რომელიც დაგპირდათ, რომ თქვენს ლინკდინს სხვებს გადაუგზავნის განსახილველად; კოლეგისგან ან ქოუჩისგან, რომელიც რეზიუმეს გადახედვაში დაგეხმარებათ. ზოგადად, სამსახურის ძიების პროცესი ხშირად მოწყვლად მდგომარეობაში გვაგდებს, ამიტომ ირგვლივ იმ ადამიანების შემოკრება, რომლებიც გაგამხნევებენ და უკუკავშირს მოგცემენ, ძალიან დაგეხმარებათ.

აპლიკაციის ფაზა

ეს იმის მსგავსი შეიძლება იყოს, რასაც კვლევის ფაზაში გამოცდით… ეძებეთ ვაკანსიები თქვენს ორგანიზაციაში; იმ კომპანიებში, რომლებშიც ადრე მუშაობდით; ასევე, ახალ კომპანიებშიც, რადგან შიდა დაქირავება ან თანამშრომლების დაბრუნება დღეს ტრენდული გახდა. ვაკანსიებს ყოველ დღე სწრაფად გადაავლეთ თვალი და არა — კვირაში ერთხელ ან ორჯერ დიდი ხნით. ასე საინტერესო შეთავაზებებს არ გამოტოვებთ.

თუ აპლიკაციის შუა ეტაპზე ხართ,  საღამოს აპლიკაციის კითხვებით უნდა დაიწყოთ, შემდგომ კი გამოყოთ დრო ამის გასაგრძელებლად დილით, ლანჩზე ან საღამოს. დააკვირდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ ან რაში გჭირდებათ დახმარება. მაგალითად, შეგიძლიათ კოლეგასთან ლანჩის დრო შეცვალოთ ან თქვენს პარტნიორს სთხოვოთ, თავადვე წაიყვანოს ბავშვები სკოლაში და შემდგომ მიაკითხოს. ეცადეთ, განრიგში ნაკლები ფიქსირებული ვალდებულებები გქონდეთ, ხანგრძლივი მოგზაურობისა და მოხალისეობისგანაც თავი შეიკავეთ, რათა ეს დრო აპლიკაციის ფაზის დასრულებას მიუძღვნათ. 

ინტერვიუს ფაზა

ინტერვიუს ხანგრძლივობის, დროისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაძლოა, ეს ფაზა ყველაზე რთული ნაწილი აღმოჩნდეს. თუ ჰიბრიდულად მუშაობთ, ისეთ დროს დაგეგმეთ, როცა სახლში იქნებით. თუ ეს მოკლე შეხვედრა იქნება, შეგიძლიათ ლანჩის დროც გამოიყენოთ. ხოლო ხანგრძლივი ინტერვიუსთვის დრო დილით ადრე, საღამოს ან შაბათ-კვირას უნდა გამოძებნოთ. 

მაშინ კი, როცა ოფისში სრულ განაკვეთზე მუშაობთ, ინტერვიუებისთვის, შესაძლოა, სამსახურიდან გათავისუფლება დაგჭირდეთ. ინტერვიუერს სთხოვეთ, ეს დღის დასაწყისში ან ლანჩის შემდეგ დაიწყოთ, რათა გათავისუფლება მხოლოდ ნახევარი დღით მოგიწიოთ. ასევე, ეცადეთ, ამ ეტაპზე სამსახურის ბევრი ფორმალური შეხვედრა არ ჩანიშნოთ. 

გამოდის, სადაც უნდა მუშაობდეთ ახლა, თუ კონკრეტულ დროს მიუძღვნით ახალი სამსახურის ძიების პროცესს, თქვენთვის სასურველ ცვლილებებსაც მიიღებთ…

წყარო: HBR



აღმოაჩინე საუკეთესო სააღდგომო შეთავაზებები ვოლტ მარკეტში!

ჯინის ბოთლი, რომლის ეტიკეტიც მუსიკალურ ყუთში თავსდება